ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს:
ცხოვრება
სტუმრად ქალაქის უხუცეს ადამიანთან
26 მაისის ქუჩა, მეორე ჩიხი, სახლი №2. ეზოში ძაღლმა დაიყეფა. მე და იამ, ცხადია, უმალ მივხურეთ ოდნავ შეღებული რკინის ჭიშკარი. ცოტაც და, მწევრის წითურა ლეკვი გამოჩნდა – მხიარული, ალერსიანი, ჩვენთვის სრულიად უსაფრთხო. მას კი ფეხდაფეხ მოჰყვა ... ასი წლის ქალბატონი. აფუსფუსდა, დაფაცურდა, ჩვენ, სტუმრები, კიბიდან აგვიშვა მეორე სართულის ბაქანზე, თავად კი ,,შინაური” გზით შემოუარა და სადარბაზო კარი შიგნიდან გაგვიღო.
* * *
მარიამ ჟღენტი-ცირეკიძე
ასი წლის ქუთაისელი!
4 აპრილს მისმა მონაგარმა და მეზობელ-ნათესავებმა დიდი სიყვარულით გადაუხადეს საუკუნოვანი იუბილე.
ამ სიყვარულს აქვს კიდეც მყარი საფუძველი: ქალბატონი მარიამი წლების მანძილზე მუშაობდა ქალაქის #3 აფთიაქში, მისი დიდრონი, ლამაზი თვალები და მომშვილდული წარბები, დარბაისლური, ტკბილ-ქართული და ყურადღებიანობა როგორ დაავიწყდებოდათ პაციენტებს!
გარდა ამისა, ქალბატონი მარიამი ხომ დიდებული დედა, დედამთილი და ბებია ბრძანდება! მის რძალს ქალბატონ დოდოს, რომ ჰკითხოთ, მისნაირი დედამთილი ქვეყნად არავის ჰყავს: ,,46 წელია, ერთად ვცხოვრობთ, მის ხელში გავიზარდე, უსპეტაკესი, ტკბილი, საოცრად გამგები და გულისხმიერი ადამიანია”.
ერთი-ორი სიტყვითაც რომ გამოელაპარაკები ქალბატონ მარიამს, გაგიკვირდებათ, ისე უნაკლოდ აქვს შენარჩუნებული მეხსიერება და აზროვნება.
ფიზიკურად 75 წელს მისცემთ, გამართული დადის. არც ხელის მიშველება სჭირდება და არც განსაკუთრებული ყურადღება. ის კი არა, წვრილ-წვრილ საოჯახო საქმეებსაც უძღვება, თუ რძალი შინ არ არის.
* * *
- ჟღენტის ქალი ვარ, გურული, ოზურგეთიდან, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი საუკუნის ადამიანმა, - ჩემს სოფელს ჯვარცხმა ერქვა, ახლა ჩაისუბანს ეძახიან.
მე და კალისტრატეს მანამდე არავითარი სიყვარული არ გვქონია. ჩვენი საქმე ამნაირად მოხდა: გურიაში ვმასწავლებლობდი. არდადეგები რომ დაიწყებოდა, ქუთაისში ჩამოვდიოდი, ძმასთან. ჩემი ძმა ლეო ჟღენტი სამხედრო პირი იყო, აქ ოჯახიანად ცხოვრობდა.
ლეოს ცოლი ლადიკო კახიანის აფთიაქში მოლარედ იყო. სწორედ აქ გავიცანი კალისტრატე, რომელიც პროვიზორად მუშაობდა. მოვეწონე თუ რაღაცა იყო კი დავქორწინდით.
მაშინ მე 26 წლისა ვიყავი. რომ გამოვთვალოთ, 74 წელია ქუთაისელი ვარ.
ქმარი მყავდა ანგელოზი. იმდენ წელიწადს ერთად ვიყავით, ავი სიტყვა არ უკადრებია ჩემთვის. ბედნიერად ვცხოვრობდით. ოჯახში ყველა მუშაობდა, ყველას რაღაცა შემოჰქონდა, სულ სიხარული, ხვავი და ბარაქა ტრიალებდა.
ახლა რა მოგახსენოთ... გლახა დრო დაგვიდგა
ომიც გადაგვიტანია, გაჭირვებაც მაგრამ – ამნაირი?
ღმერთმა ჰქნას, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს!
... შესახედავად ჩემი ქმარი რაცხა იყო, ხასიათი კი ოქრო ჰქონდა და კაი იყო, ოჯახიც გაწყობილი დამხვდა, ძალიან კაი დედამთილი – კალისტრატეს დედინაცვალი იყო, მაგრამ ნამდვილ დედობას გვიწევდა. პელაგია ერქვა ცხონებულს. მული მარო – ჩემი ტოლი იყო და დებივით შევეთვისეთ ერთმანეთს.
მე, ქმრის სიყვარულით და პატივისცემით, ლათინური შევისწავ;ლე და აფთიაქში დავიწყე მუშაობა. უმეტესი ხანი მე -3 აფთიაქში ვმუშაობდი, ქმართან. მეორეშიც ვიყავი დროებით. ამ ბოლო დროს – სააფთიაქო მაღაზიაშიც ვიმუშავე. მიშა მღებროვი იყო, ძალიან კაი კაცი და იმან მთხოვა.
... მე რომ ოჯახში მომიყვანეს, მაზლი არ დამხვედრია. უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო...
* * *
იცით, ვისზე ლაპარაკობს ქალბატონი მარიამი?
სანდრო ცირეკიძეზე – ცისფერყანწელთა ორდენის თვალსაჩინო წარმომადგენელზე, მცირე პროზის დიდოსტატზე. მას შალვა დადიანმა `ნაზი ადამიანი და უნაზესი მწერალი~ უწოდა, ვახტანგ კოტეტიშვილმა კი `ქართული პროზის ბატონიშვილი~.
1923 წელს, 31 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა.
სანდრო ცირეკიძე |
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, სანდრო ცირეკიძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მწერლობაში.
მისი ინიციატივით, ქუთაისში შეიქმნა ქართველ მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი, გამომცემლობა `კირჩხიბი~, ჟურნალი `შვილდოსანი~, გამოიცა ცისფერყანწელთა პირველი წიგნები. მან შეადგინა `ახალი მწერლობის ანთოლოგია~. კოლაუ ნადირაძესთან ერთად თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს `ლექსები და პროზა~.
ამავე დროს, თავად იყო ესსებისა და მინიატურული პროზის ბრწყინვალე შემოქმედი.
ქალბატონი მარიამი სანდრო ცირეკიძის უფროსი ძმის, მწერლის დიდი მოამაგის – კალისტრატეს მეუღლე გახლავთ.
აი, რას გვიამბობს იგი:
- ოჯახის წევრებისა და ახლობლებისაგან სულ მისი სახელი მესმოდა. ალექსანდრე გადასარევი ბიჭი ყოფილა, უთქმელი, წყნარი, თავისებური, ნიჭიერი და ამხანაგური. ყველაფერს კარგს ამბობდნენ მასზე. კაი რომ იყო, იმიზა მოკვდა, თორემ ოხრები ქე ყრილან, რამდენიც გინდა.
სანდროს ხელნაწერებით და წიგნებით ავსებული იყო ჩემოდნები და კარადები. ისეთი დღიურები ჰქონდა, იმას რომ წავიკითხავდი, ჯერ ვტკბებოდი, მერე ტირილით ვსკდებოდი.
38 წელი იყო. ჩვენ, ყველანი, სამუშაოზე ვიყავით, რომ მოვედი, ჩემმა დედამთილმა, პელაგიამ, ამბავი დაგვახვედრა: ვიღაც ორი კაცი იყო თბილისიდან, ასე თქვეს, მწერლები ვართო. მოაგროვეს სანდროს ნაწერები და ხუთი ჩემოდნით წაიღეს – ამას ჩვენ გამოვცემთო.
გავგიჟდით ყველანი, განსაკუთრებით, ჩემი მული, მარო, შეწუხდა. აქეთ ვეცით, იქით ვეცით, გავიკითხეთ. ერთის გვარი წერეთელიაო, დედამთილმა თქვა – ასე გამეცნოო. ვიყავით თბილისში, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ყველაფერი. ფრანგულიდან თარგმანები ჰქონდა სანდროს, ფრანგი პოეტები... გამოკვლევა ქართულ ანბანზე... რა ვიცი, რაღა არ იყო იმ ჩემოდნებში.
მერე დარჩენილი ხელნაწერებიც გაიზიდა ოჯახიდან, ზოგი ბავშვებმა დაკარგეს. საწყალი სანდროს სახელზე თითქმის არაფერი დაგვრჩა.
ქალბატონი მარიამის ვაჟმა, გიგლა ცირეკიძემ, დედისაგან საიდუმლოდ გვითხრა:
მაშინ პატარა ვიყავი, პიონერული ასაკის. ჩვენს მეზობლად ცნობილი ქუთაისელი პოეტი ცხოვრობდა. დამიახლოვდა. ჩამომიგდებდა ხოლმე ბიძაჩემზე სიტყვას, აქებდა, აქებდა, თან შემომაპარებდა – სანდროს ნაწერები არაფერი გაქვთო? ასე, ნელ-ნელა მიმქონდა მასთან ხელნაწერები. დღიურებიც სწორედ მას მივუტანე. სხვა ნაწერებიც. აღარც მახსოვს რა იყო. გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, ის კი – ასაკოვანი კაცი და ვუჯერებდი. დედ-მამისაგან დაფარულად გამქონდა ხოლმე მასთან ყველაფერი.
სხვათა შორის ამ პოეტის ოჯახში, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისულა ბატონი გიგლა – თავად უკვე ასაკოვანი კაცი. პოეტის მეუღლეს წივილ-კივილით დაუთხოვია. არც სანდრო ცირეკიძის შემოქმედებაზე მომუშავე დისერტანტი – სალომე ნიკოლეიშვილი გაუკარებია ახლოს, არადა...
დღეს სანდრო ცირეკიძის არა მარტო ხელნაწერები, საფლავიც კი დაკარგულია. ბატონი გიგლას თქმით, იგი ფიქრის გორაზე ყოფილა დაკრძალული. პაოლო იაშვილს გადაწყვეტილი ჰქონია, იქ ცისფერყანწელ მწერალთა პანთეონი მოეწყო, ამიტომ ოჯახისათვის სანდროს ნეშთი ქუთაისში არ გამოუტანებია. მერე ის დიდი რეპრესიებიც დაიწყო და... ამჟაამად იქაურობა მოსწორებულია, სანდრო ცირეკიძის საფლავი – გამქრალია.
განა მისი დაბრუნება არ იქნება, თუ მწერლის მშობლიურ ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩას სანდრო ცირრეკიძის სახელი დაერქმევა?
რამდენიმე წლის წინათ ვწერდი ამის თაობაზე გაზეთ `ქუთაისში~. მერე `იმერეთის მოამბეშიც~ დამიჭირა მხარი პედაგოგმა ციცინო აფრიდონიძემ.
განცხადებითაც მივმართე საზოგადოება `ქუთაისელს~ და კიდევ განიხილეს ეს საკითხი, მაგრამ ...
ქუთაისში დღეს მისი სახელი აღარ ჰქვია ქუჩებს, სანდრო ცირეკიძის გარდა.
ბატონებო, კიდევ რა დამსახურება უნდა ჰქონდეს უსაფლავო ცისფერყანწელს, სანდრო ცირეკიძეს ქართული მწერლობისა და უშუალოდ, ქუთაისი წინაშე, - რომ პატივი დავდოთ და მისი სახელი პაოლო იაშვილთან და ტიციან ტაბიძესთან ერთად ამშვენებდეს ქალაქის რომელიმე ქუჩას?
* * *
ახლა მარიამ ცირეკიძის დიდ ჯალაბს გაგაცნობთ.
ვაჟი, გიგლა ცირეკიძე, დასავლეთ საქარველოს სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა წლების მანძილზე, - დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა. სახელი სახელად კი დარჩა, მაგრამ ამჟამად პენსიონერია და უმუშევრობას ძლიერ განიცდის ბატონი გიგლა.
მას და ქალბატონ დოდო ქელბაქიანს სამი შვილი ჰყავთ.
ქალიშვილი, ნუკრი, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი და მუსიკის მასწავლებელია. თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში დაეღუპა მეუღლე – ცნობილი ქირურგი თამაზ კაკაბაძე. დედის იმედი მისი სამი მშვენიერი ქალიშვილია – თეა, მაკა და მარიკა. წარმოიდგინეთ `ნაცმენებზე~ გამწყრალი, უმკაცრესი რუსი პროფესორი სდუდენტს რომ გაწურავს, მერე კი ხუთიანსაც დაუწერს, მოეხვევა და მადლობას ეტყვის ბრწყინველე ცოდნისათვის! - აი, ასეთი გოგონები არიან სანკტ-პეტერბურგელი სტუდენტები თეა და მაკა კაკაბაძეები. სამწუხაროდ, მათ შესახებ უფრო ვრცლად საუბარი ახლა არ შეგვიძლია.
მომდევნო ვაჟი, თემური, ინჟინერია, მისი მეუღლე, მზია ფხაკაძე კი – სტომატოლოგი. ისინიც თბილისში ცხოვრობენ. მათი სიამაყე თორმეტი წლის გიორგია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი, საოცრად მკვირცხლი და გონიერი ბიჭუნა.
ოჯახის უმცროსი ვაჟი, კახა, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი, ბებიასა და მშობლების გულდასაწყვეტად უცოლოა. სამაგიეროდ, როგორც გვპირდება, თავის პირველ შვილს (თუ ვაჟი ეყოლა) უეჭველად ალექსანდერს, სანდროს დაარქმევს.
აი, ესაა გიგლა ცირეკიძის შტო.
ახლა მერი ცირეკიძის ოჯახზე გიამბობთ.
ქალბტონი მერი, რაგინდ სამწუხარო უნდა იყოს, დღეს თავის მშობლიურ ქალაქში ლტოლვილად ითვლება: ის ხომ წლების მანძილზე სოხუმში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ვახტანგ აბულაძე, სუბტროპიკული ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე გახლდათ, დაფასებული და ყველასაგან პატივსცემი კაცი. სამწუხაროდ, ნაადრევად გარდაიცვალა.
ქალბატონი მერი სუბტროპიკული ინსტიტუტის არქივის გამგეა. ერთადერთმა ვაჟმა ვახტანგმაც (ვატულიმ), ოჯახური ტრადიციებისამებრ, სუბტროპიკული ინსტიტუტი დაამთავრა. მას და შორენა იამანიძეს მშვენიერი მარიკა ჰყავთ – დიდი ბებიის პატივსაცემად გოგონასაც ასე ჰქვია.
აი, ამ შტოებითა და ფესვებით იზრდება და მრავლდება სანდრო ცირეკიძის ოჯახი.
ყველანი ლამაზები არიან, ფიზიკური და სულიერი მომხიბვლელობით გამორჩეულნი, გონიერნი და ნიჭიერნი.
ამ ოჯახში მოხვედრისას თვალში, უპირველესად, სწორედ ეს მოგხვდებათ.
* * *
- ქალბატონო მარიამ, რას უსურვებთ, საახალწლოდ, ქუთაისელებს?
- ყველაფერ კაის! ჩემი ხნის მოიყარეთ!
ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი
ქ. ქუთაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий