კრიტიკა 1990 წელი №5 მაია ჯალიაშვილი
(ესეების მიხედვით)
ესსემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა, საქართველოში xx საუკუნის პირველ მეოთხედში მოიკიდა ფეხი. მის მცველებად და ,,წმინდა რაინდებად'' ,,ცისფერყანწელები'' მოგვევლინენ. ქართული სიმბოლისტური სკოლის ნიადაგზე ახალი შინაარსი და ფერი შეიძინა ამ ჟანრმა. გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა შესანიშნავ ესსეებში აისახა ის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები, რომლებიც საფუძვლედ დაედო მათ შემოქმედებას. ამ მხრივ საინტერესოა სანდრო ცირეკიძის ესსეებიც, რომლებიც ფარდას ხდიან ქართული სიმბოლისტური პოეზიის მრავალბუნდოვან საკითხს, აზუსტებს და ნათელს ჰფენს ამ მიმართულების მხატვრულ აზროვნებასა და ლიტერატურულ კრედოს.
სანდრო ცირეკიძე. ,,ცისფერი ყანწების'' ერთგული კავალერი, ქუთაისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. თითოეული მისი ნაწარმოები აღბეჭდილია ხელოვანის დიდი ნიჭით. სამყაროს მოვლენების ორიგინალური პოეტური აღქმისა და თავისთავადობით. ს. ცირეკიძემ დიდი როლი შეასრულა ქართული პოეტური პროზის, მინიატურის დახვეწისა და განვითარების საქმეში; ქუთაისში დააარსა გამომცემლობა ,,კირჩხიბი'' და ქართული სიმბოლისტური სკოლის წარმომადგენელთა პირველი კრებულები გამოსცა. აქვე დაიბეჭდა ს. მალარმეს ,,ლექსები პროზად'', ს. ცირეკიძის მიერ თარგმნილი. იგი რედაქტორობდა ჟურნალ ,,შვილდოსანს'', რომელიც წარმოადგენდა ცისფერყანწელთა ლიტერატურულ ორგანოს. აღსანიშნავია მის მიერ გამოცემული ,,ქართული პოეზიის ანთოლოგია'' და სხვა.
სანდრო ცირეკიძის მხატვრულ ნაღვაწთან ორგანულადაა დაკავშირებული მისი კრიტიკულ-ლიტერატურული ნააზრევი. მისი ესსეები მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის ცისფერყანწელთა პოეტური შემოქმედების პრინციპებზე, სამყაროს ახალი პოეტური აღქმის ფორმებზე.
ქართველი სიმბოლისტებისთვის უპირველესი ლიტერატურული და ფილოსოფიური საკითხი პოეზიის არსის გარკვევა იყო. აკი წერდნენ კიდეც, რომ: ,,პირველად ,,ცისფერი ყანწების'' მანიფესტებში დაისვა პრობლემა პოეზიისა საქართველოში'' (ტ. ტაბიძე). მათ უპირველეს ყოვლისა. ქართული პოეზიის განახლება დაისახეს მიზნად. ამ შემთხვევაში კი გვერდს ვერ აუვლიდნენ ვერც ეროვნულ და ვერც მსოფლიო პოეტურ გამოცდილებას. უპირველეს გამოცდილებას, უპირველეს მასწავლებლად, რუსთაველთან ერთად, ფრანგ სიმბოლისტებს მიიჩნევდნენ. რადგან ,, საზოგადოდ პრობლემა პოეზიის დააყენეს მხოლოდ ფრანგმა სიმბოლისტებმა'' (ტ. ტაბიძე).
სანდრო ცირეკიძის ესსეებში საინტერესოდ და საფუძვლიანადაა განხილული პოეზიისა და პოეზიასთან დაკავშირებული საკითხები, - რას წარმოადგენს პოეზია, რა მიმართულებაშია სამყაროსთან, რა კავშირი აქვს ხელოვნებასთან, მეცნიერებასთან, რელიგიასთან.
ყოველმა ეპოქამ თავისებური ინტერპრეტაცია მისცა პოეზიას, მაგრამ მისი არსი, როგორც იდუმალის, ამოუცნობისა და მიუღწეველის, მაინც ერთი და იგივე რჩებოდა. მალარმეს აზრით ,,პოეზიაში უნდა იყოს საიდუმლო, თვით პოეზია არის უხილავი იზიდა, ქვეყანა შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც სიმბოლო მხოლოდ ყოველ შემოქმედებას თავზე უნდა ადგეს ორეულივით'' (ვ. გაფრინდაშვილი).
ესსეებში ,,პოეზიის ნაპირები'' ს. ცირეკიძე ცდილობს განმარტოს პოეზიის არსი, დაადგინოს მისი საზღვრები: ,,სამთავრო პოეზიის არ არის შემოხაზული საბოლოოდ, პოეზიას ყოველთვის სჩაგრავდნენ და პოეტის სახელს სცვეთდნენ ათასნაირად. იმას გაუჩნდა მეტოქეებიც და მეზობლებიც''. ამ ფრაზებიდან ჩანს ს. ცირეკიძის დამოკიდებულება, ზოგადად პოეზიისადმი. თავის დროზე ლესინგმაც სცადა პოეზიის საზღვრების დადგენა ფერწერასთან და ქანდაკებასთან შედარების გზით. ს. ცირეკიძეს თვით პოეზიის არსში ჩაწვდომა სურს. იგი აღნიშნავს, რომ ,,პოეზიას ურევენ ლექსთა წყობაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და პუბლიცისტიკაშიც კი''. ერთი შეხედვით, პოეზია, მართლაც, იოლად შეიძლება გაიგივდეს ხელოვნებასთან. მისი აზრით, ,,პოეზია-ენერგიაა, ქმედობაა, გადალახვაა საზღვრების''. ამ ფორმულაში ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი პოეზიის არსი, მხოლოდ მისი გამოვლენის ნიშნებია. ,,პოეზია მაშინვეა, როდესაც ათვისება იღებს მისნურ ხასიათს და მისი თქმა ფერებით ხმებით არაა სავალდებულო''. ამ ფრაზებიდან უკვე სჩანს ამოსავალი წერტილი, საიდანაც იხსნება პოეზიის არსი. ეს არის სამყაროსთან დამოკიდებულების ფორმა. პოეზია არის სამყაროს მისნური ათვისება და არა ,,გამოთქმა''. თუმცა, შეიძლება ,,გამოითქვას'' კიდეც. ,,პოეზია განცდაა და მისი გამოთქმა შეიძლება პეტრარკას სონეტით, პროზით, სიმფონიით, უაიტსლერის საღებავებით''. საგანთა იდუმალი მხარეების წარმოჩენას თვლის ს. ცირეკიძე პოეზიად. მიაჩნია, რომ პოეზია აღიძვრება მაშინ, როცა ადამიანი, შეგნებულად თუ ინტუიციურად, ეჭვს შეიტანს რეალურ სამყაროში, არ დააკმაყოფილებს ხილვად საგანთა ცქერა და მათ მიღმა გადაიხედება: ამგვარი წამები პოეზიით არის აღსავსე, რადგან ადამიანს ამ დროს ეუფლება არაჩვეულებრივი არაყოფითი, არაყოველდღიური, არაამქვეყნიური განცდა, რადგან მოვლენებს იქით ჭვრეტა და საგანთა ჭეშმარიტ არსში ჩაღრმავება ადამიანის სულს სულ სხვაგვარად აფორიაქებს და აღელვებს. გვახსენდება ეგზიუპერის აფორისტული ნათქვამი: ,,ყველაზე მთავარი და ყველაზე მშვენიერია ის, რასაც თვალით ვერ დაინახავ''. სანდრო ცირეკიძე ამბობს, რომ მთავარია სამყაროსთან მიმართება, რეალური საგნების ათვისება იღებდეს მისნურ ხასიათს, მერე კი ეს მისნური შთაბეჭდილებები შეიძლება გაფორმდეს ფერებითა და ხმებით და ასე შეიქმნას მუსიკა, მხატვრობა, ან კიდევ დარჩეს გამოუთქმელი, მხოლოდ უშუალოდ მჭვრეტელი სულის კუთვნილებად. პოეტურმა განცდამ შეიძლება მიიღოს ირონიის სახე და მიიღო კიდეც სიმბოლისტ პოეტებთან. ,,ირონია შეიძლება მივიდეს თქმის უარყოფამდე და უნდა მოველოდეთ ამაყ პოეტებს, რომლებიც აღარ გამოსთქვამენ თავიანთ განცდებს. ჭეშმარიტი პოეზიის ორღობე მიდის ამ უფსკრულისკენ''. ირონია, რომელიც პოეტებს შეაგრძნობინებს თავიანთი განცდის განუმეორებლობას. იმ ღვთაებრივ ნიჭს, რომელიც ერთეულთა ხვედრია, თან ერთვის ისიც, რომ ამგვარი განცდები ხშირად არ წარმოადგენს რაიმე ღირებულს მათთვის, ვისაც იგი ერთხელაც არ განუცდია. ,,რემი დე გურმონს ,,ნიღაბთა წიგნის'' შესავალში გაკვრით წამოსცდება, რომ უკანასკნელი გამართლება პოეზიის არის ირონია'' (ტ. ტაბიძე). ,,დიდი განცდები აღარ დაიმტვერება ვიტრინებში მუშტრის მოლოდინში და ფილისტერებს აღარ დასჭირდებათ იუბილეების გადახდა პოეტებისათვის'', - წერს ცირეკიძე. იგი ფიქრობს, რომ არ ღირს, პოეტი გაისარჯოს ფილისტერისათვის, რადგან ასეთი ადამიანისთვის ,,მისაწვდომია მხოლოდ უშუალო განცდა, განცდა ფიზიოლოგიური. ის ხუთი გრძნობის გალიაშია და ყველა სიმფონიები ბეთხოვენის მისი ყურის ბარაბანს არ სცილდება''. პოეზია არ თავსდება ხუთი გრძნობის საზღვარში, საჭიროა სულ სხვა გამოუთქმელი და სახელდაუდებელი გრძნობა. აქედან წარმოიშვა სიმბოლისტებთან პოეზიის არისტოკრატიულობის ცნება.
ს. ცირეკიძე განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ ,,პოეზია არაა ნაწილი ხელოვნებისა'' (,,პოეზიის ნაპირები''). იგი ხელოვნების სამთავროდ აღიარებს სტილს, ფორმას და მიიჩნევს მას მაიას საფარველად; ხელოვნებას აქვს გრძნობათა ინსტინქტური გამოცნობის შესაძლებლობა და ეძებს ყოველთვის მისაღებ და ადვილ ფორმებს. პოეტი თვლის, რომ ხელოვნება არის ტექნიკა, მიღწევა; ის დინამიური კი არაა, არამედ სტატიურია – თავის უმაღლეს საფეხურზე; ასეთ საფეხურად ს. ცირეკიძე მიიჩნევს ხელოვნების მარადიულ ფორმებს: ფუგას, სონეტს, კორინთის და იონის კოლონებს; ფორმა განსაკუთრებულ როლს არქიტექტურაში თამაშობს, რადგან აქ უფრო მკვეთრად ჩნდება ხელოვნების ხასიათი: ,,დაკანონებული ფორმები და კომპოზიციები ორეულებივით მეორდებიან დროსა და სივრცეში''. ხოლო ვნებას საქმე მხოლოდ მატერიალურთან აქვს, იგი არჩევს ფერებს , ხაზებს ისე, რომ თვალს აამოს, სმენა დაატკბოს – ხელოვნებას სხვა აზრი არა აქვს''; ს. ცირეკიძის აზრით ხელოვნური ნაწარმოები შეიძლება იყოს თავისთავადი, მარტოოდენ ფორმა – უშინაარსო; იგი შეიძლება შედევრიც იყოს ოსტატობით, მაგრამ პოეზიას მაინც ვერ მიაღწევს, მეცხრე ცის გადაღმა ვერ გადაგვახედებს, ხელოვნება არის ხელოვნებისთვის და პოეზიასთან არავითარი კავშირი არა აქვს; მისი მნიშვნელობა იმგვარივეა, როგორც ,,ზაფხულში ტკბილი ლიმონათის''; ხელოვნება მოჯამაგირეა, რომელიც თავისი ლამაზი ფორმებით ,,ტანსაცმელივით მიდის საცვეთად პუბლიცისტიკასთან, ფილოსოფიასთან, არითმეტიკასთანაც კი''. პოეტი ხელოვნებას პასიურ მონას ადარებს, რომლის ერთადერთი მისია ის არის, რომ ადამიანის ხუთ გრძნობას მორიდებით გაუსწროს წინ და მის სასიამოვნოდ გაალამაზოს ყოველივე, მეცნიერება, რელიგია, ქუჩები, ოთახის მორთულობა. მიუხედავად პოეზიისა და ხელოვნების ასეთი გამიჯვნისა ს. ცირეკიძე შესაძლებლად მიიჩნევს მათ შორის თანამშრომლობას: ,,ბედნიერ მომენტებში ისინი მეგობრებივით ხვდებიან. პოეზიასთან თანამშრომლობა ყოველთვის ამაღლებდა ხელოვნებას''. ამგვარად, ს. ცირეკიძე პოეზიას ხელოვნებაზე მაღლა აყენებს.
ს. ცირეკიძე ესსეში - ,,პარალელები'', - წერს: ,,მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფიის და მეცნიერების, მათი თავისებურად დალაგება სტილიზაცია და მოდერნიზმი. მაგრამ არიან სხვები, რომლებმაც ქვეყანას უცნაურად შეხედეს''; რადგან ,,მოვლენებს იქეთ საგნები იზმორებიან უცხონი'', საგანი ისეა ასახული როგორც არის, ჯერ კიდევ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მთლიანად იქნეს შემეცნებული რამეთუ ,,სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებებით დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა. აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპარატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა''. სანდრო ცირეკიძე პოეზიისთვის აქ მეტად არსებით აზრს გამოთქვამს: პოეტი არ შეიძლება ენდოს მხოლოდ თვალებს. რადგან ის, რისკენაც მიისწრაფის მისი შემეცნება არ შეიძლება მატერიალური იყოს.
სანდრო ცირეკიძე ერთ სიბრტყეზე ათავსებს პოეზიას და რელიგიას, რადგან ისინი იხედებიან მოვლენათა გადაღმა და რადგან ,,ორი თვალი ადამიანისა დაძველდა''. ,,მათთვის შეიქმნა ათვისებისა და გამოთქმის ახალი ფორმები''. ს. ცირეკიძე აღნიშნავს რელიგიისა და პოეზიის არსებით სხვაობასაც. ადამიანი უსაზღვრო სამყაროში თავგზააბნეულ კომეტას რომ არ დაემსგავსოს, ეძებს გარკვეულ საყრდენ წერტილს. ამ წერტილთან მიმართებაში იყოფა მათი გზები: რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს მათ უკვდავებას. პოეტმა თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. იმან დააჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას''. აქედან მოდის პოეტისა და მორწმუნის ცხოვრების სხვადასხვაობა. პირველი – მარადიულ ტანჯვაშია. რადგან დაეძებს არა ჭეშმარიტ ღმერთს, არამედ მის ბუტაფორიას. ბუტაფორიები კი მრავალგანაა და მრავალსახოვანია, ამიტომ პოეტის ცხოვრების მუდმივი თანამდევი ხდება ეჭვი და ყოფნა-არყოფნის მტანჯველი კითხვა. მორწმუნისათვის კი, რაკი ერთხელ აირჩია ჭეშმარიტი გზა უკვე აღარაფერი რჩება საეჭვო და საჭოჭმანო. იგი იწყებს სულის მომზადებას მარადიული ცხოვრებისთვის და მთელი მისი სიცოცხლე ამ გარკვეულ მიზანსაა დაქვემდებარებული. სანდრო ცირეკიძე მოგვისა და პოეტის შედარებისას უპირატესობას მეორეს ანიჭებს, რადგან სამყაროში ის უფრო მეტ თავისუფლებას იჩენს: პოეტს მინიჭებული აქვს უნარი. იგრძნოს სამყაროს გადაღმა უკვდავების დიდი პარალელი; პოეტი სათითაოდ ამართლებს და ფასს აძლევს სახეებს; მოვლენა, მისი რეკომენდაციით - დადაღული ღირებულებაა. ,,ვაძლევ ქიმერებს მე – პოეტი აზნაურობას''. - ამბობდა ვალერიან გაფრინდაშვილი.
პოეტს რეალურ ყოფაში შემოაქვს ქიმერის სახე. როგორც თვითმყოფადი და ანიჭებს უსაზღვრო თავისუფლებას; პირველ შემთხვევაში, მოვლენებს იქით ხედავს მათ ნამდვილ ან მიახლოებით არსს, ან ნიშნების, სიმბოლოების საშუალებით ამოიცნობს და საკუთარ სამყაროში შემოაქვს, როგორც ,,დადაღული ღირებულება'', მეორე შემთხვევაში კი, ქმნის სრულიად ახალ სახეებს, რომელნიც ავსებენ, ამრავალფეროვნებენ რეალურ სამყაროს. ამავე დროს ამ სახეთა შემწეობით არსებული საგნები და მოვლენები უფრო ნათდება და უფრო კარგად წარმოჩინდება მათი შინაარსი. ეს არის პოეტური ნათელხილვები, ადამიანებისთვის ერთ დროს ჩვეული და დამახასიათებელი მოვლენა, მაგრამ ეს სახეები ლიტერატურაში თავისებურად, სიმბოლოების საშუალებით აისახება. პირდაპირ არც შეიძლება გამოთქმა ან მინიშნება, იმიტომ, რომ ,,მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალგვარად'', ამიტომ სწორედ ამ მრავალგვარობის შემეცნებაა საჭირო და საგნის თუ მოვლენის მთელი მრავალფეროვნებით წარმოჩენა.
ერთი მოვლენა პოეტმა შეიძლება ათას სხვა მოვლენას დაუკავშიროს და ყოველი კავშირისას ეს პირველი გამოჩნდება სულ სხვადასხვაგვარად. მისი ერთი მხარე შეიძლება რეალურად გადმოიცეს. მაგრამ სხვა მხარე მარად იდუმალი რჩება და იმ მხარეს აწყდება ინტუიციით, ან სახეების საშუალებით და შემდგომაც ასევე მინიშნებებით თუ სიმბოლოებით მოაქვს ჩვენამდე. ს. ცირეკიძე პოეტის მისიის სფეროს აფართოებს: რადგანაც პოეტს ხელეწიფება ,,ღმერთის დარი'' საქმიანობა, მოვლენების, პოეტური სახეების სახელდება. სამყაროში ყველაფერი წარმავალია, ეს მარადიული ცვალებადობა წყაროა ადამიანთა ტანჯვისა. შესანიშნავად ამბობს ს. ცირეკიძე: ,,პოეტმა უნდა შექმნას მაგარი ფონის ილუზია, რომ მილურსმოს წარმავალი''; დიდი პოეტები მუდამ ახერხებდნენ მარადიულობისა და წარმავლობისთვის გამოეტაცნათ მშვენიერი საგნები თუ მოვლენები მათი პოეზიაში აღბეჭდვის გზით. ,,ჭეშმარიტ მოვლენათა ჯვარცმა შეიქმს კათარზისს ბარათაშვილის სულისას'', - ასკვნის ს. ცირეკიძე და აქვე იგი აყალიბებს შემდეგ დებულებებს:
1. ადამიანის განცდას აქვს საფეხურები;
2. პოეტური თრთოლვა იცვლება;
3. იცვლება პოეტური ხედვის ობიექტი;
4. იცვლება ხედვის მახვილობა;
5. პოეტები არიან სხვადასხვა სიმაღლის;
6. არის აღმერთები და დაღმართები. მაგრამ საერთო ხაზი მაინც აღმართია.
ს. ცირეკიძე წერს: ,,ყოველი შემდეგი ეპოქა უფრო რთულია და ახალი''. ეს კარგად ჰქონდათ შეგნებული ქართველ სიმბოლისტებს და რადგან პოეზია ცხოვრებას ეფარდებოდა (ვ. გაფრინდაშვილი: ,,დღევანდელი პოეზია არის პოეზია ქაოსის, რადგან ქაოტურია თვით საზოგადოებრივი ცხოვრება''). სიმბოლისტების ცხოვრებასა და პოეზიას შორის ცალსახა მარტივ კავშირს უარყოფდნენ და არა მათ საერთო ერთიანობას''. მათი პოეზია სხვა ეპოქებისაგან განსხვავებულ, უფრო რთულ და ახალ ეპოქას უნდა შეჰფერებოდა. სიმბოლისტები, ამას არა ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავდნენ წერილებში. ს. ცირეკიძეს უახლეს პოეზიის მაგალითები მოაქვს დასტურად: ,,ფრანგმა პარნასელებმაც კი წმინდა ლიტერატურულმა შკოლამ პოეზიის ახალი ბოროტების ყვავილები დაამყნეს. ჰიუგომ მისწერა ახალგაზრდა ბოდლერს - ,,პოეზიაში თქვენ მოიტანეთ ახალი თრთოლვა''. ჰო, ბოდლერი. მალარმე – ესაა ხაზი ამ ახალი თრთოლვის. ,,ყორანი'', ,,ბოროტების ყვავილები'', ,,ზამთრის თრთოლვა''. შემდეგ ლაფორგი ირონიით და ტკივილით. მისი ჩივილი ჭეშმარიტად ახალი ხილვაა სამყაროს ,,გაბზარული ვაზის''.
ს. ცირეკიძე თავის ესსეებში გამოთქმული დებულებებით მკითხველს ამზადებს და გზას უხსნის ცისფერყანწელთა შემოქმედებისაკენ. თეორიულად ასაბუთებს ქართველ სიმბოლისტთა არსებობის უფლებას. ცნობილია, რომ მათ სამწერლო ასპარეზზე გამოსვლას ბევრი ცუდად შეხვდა; უამრავი გესლი და შხამიანი ირონია დაანთხიეს თავზე ქუთაისელმა თუ თბილისელმა ფილისტერებმა. ს. ცირეკიძე წერს: ,,ჩვენი ათვისების მთავარი გზები სმენა, მხედველობა. - არაა ერთიანად ღია და გატკეცილი''. ეს უნდა შეეგნოთ და შეეთავსებინათ მათ მკითხველებს. - ,,კულტურა, დისციპლინა სცლის მშვენიერი ათვისების კანონებს'' (ეგზიუპერი: ,,ველურისთვის ნისლი მხოლოდ ნისლია, პოეტისთვის კი მთებზე ჩამოფარებული ფარდა'') საჭირო იყო ამ ათვისების კანონების ცვლილების შემეცნება.
ერთეულში ყოველთვის არის შესაძლებლობა ძველით დადაღვით და წყურვილი ახალი სპეტაკი ხილვის, ვაგნერი, სკრიაბინი. თავისუფალი ლექსი, იმპრესიონიზმი; თავის დროზე საერთო დონეზე მაღლა დგომა იყო. არის კონუსი ოსტატობის''. - წერს იგი. მისი აზრით სწორედ იქიდან, რომ პოეტი ჭვრეტს მოვლენებს მიღმა, ,,მისი აზროვნება მეტაფორულია''. პოეტი ეძებს ნივთების ფარულ დამოკიდებულებებს და ქმნის პარალელურ შეფარდებებს. სწორედ ამ ფარული დამოკიდებულებების ძებნა ქმნიდა პოეტური საქმიანობის სირთულეს. ქართველმა სიმბოლისტებმა თავიანთ საპროგრამო პრინციპად აღიარეს ბადლერის სონეტი ,,შესაბამისობა''. სადაც დაძებნილი იყო კავშირები და პარალელები შიგა და გარე სამყაროს შორის. დაახლოებით ამავე პრინციპზე იყო აგებული მალარმეს ,,ანალოგები''.
სიმბოლისტები სამოციანელებს ,,გარემოების საყვირობას'' იმიტომ უკიჟინებდნენ, რომ მათ შემოქმედების აქცენტი სამყაროს ზედაპირზე გადმოიტანეს. როცა ისინი წინაპრებს რაიმეს უწოდებდნენ. ამით მხოლოდ საკუთარ განსხვავებებზე მიუთითებდნენ, მხოლოდ მათ ღვაწლს ერისა თუ ეროვნული პოეზიის წინაშე სრულიადაც არ უარყოფდნენ. სიმბოლისტებმა პოეტური თვალი სხვა მხარეს, თვით პოეზიისაკენ მიმართეს. პოეზიის წყაროდ და მიზნად კი პოეტური შემეცნება გაიხადეს. პ. იაშვილი წერდა: ,,პროვოკატორები აქ იტყვიან, თითქოს ჩვენ ერის წინაშე მოვალეობას მეორე ხარისხოვან საკითხად ვთვლიდეთ, ე.ი. თითქოს ჩვენთვის არ არის მთავარი მიზანი ის, რომ ვიყოთ პოეტები მხოლოდ ჩვენი ერისთვის. - პოეტი, რომელიც შემოქმედების მთავარ იარაღად მშობლიურ სიტყვას იღებს, რჩება თავისი ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერი მისი წინააღმდეგი იყოს... ჩვენი ფიქრი ყოველთვის მიმართული იყო მსოფლიო არესაკენ... სინდისიერად ვცდილობთ და ვამუშავებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიო პოეზიაში''.
ცისფერყანწელები ვერ ასწრებდნენ პოეტური სახეების დასრულებას, რომ უკვე მთლიანად იძირებოდნენ მასში. ისინი თვითონ პოეზიას იკვლევდნენ, სახეებით ქმნიდნენ და უკვე შექმნილს დამოუკიდებელ ღირებულებად აქცევდნენ, მიემართებოდნენ მისკენ, როგორც უცხოსკენ. ვ. გაფრინდაშვილი წერდა ,,ლირიკის ელიზიუმში'', რომ პოეზიაში ახალი სახელები შემოვლენ, რომ პოეზიის მუზები ახალ სახეებს მოემსახურებიან. იგი აღნიშნავდა: ,,ლირიკა ყველა ხელოვნებაზე უფრო უნივერსალურია და რევოლუცია პოეზიის უპირველეს ყოვლისა იწყება ლირიკაში''.
ს. ცირეკიძის აზრით, პოეტები უფრო მეტად არიან დაახლოებული კოსმიურ სამყაროსთან, ვიდრე სხვები. ეს სიახლოვე, რასაც იგი სახეობრივი აზროვნებით ახერხებს, გამოარჩევს მათ უბრალო მოკვდავებისაგან: ,,პოეტის სახეს ახლა დაეძებენ რითმების ხასიათში და რიტმის ანომალიებში. ადამიანი იცნობა ყელსახვევის გამოსკვნით ან ახალუხის ფერით. ამ მეთოდით მწერლის დასახასიათებლად შეიძლებოდა სიტყვების, ცალკე ხმების ან სასვენი ნიშნების სტატისტიკური გადარჩევაც''. სხვადასხვანაირი მიდგომა პოეტის ამოსაცნობად საჭიროა იმისთვის, რომ მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალგვარად''. ს. ცირეკიძე პოეტის დასახასიათებლად არ ირჩევს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდს. არამედ გამოყოფს სათაურს. იგი წერს: ,,ამ მხრივ ყველაზე უფრო შესანიშნავია სათაური. თეოფილ გოტიეს თქმით, მოკლე და პოეტურ ფორმაში იგი დაასკვნის საერთო იდეას წიგნისას, აღნიშნავს მის ტენდენციებს. ჩვენ სხვანაირად ვიტყოდით: ბოლოს და ბოლოს პოეზია არის მოვლენათა იქით გადახედვა და სახელების დარქმევა საგნებისათვის''. ს. ცირეკიძე ხაზს უსვამს იმას, რომ პოეტი არა მხოლოდ აღიქვამს ბუნებაში არსებულ საგნებს, რასაკვირველია, პოეტური სახეებით, არამედ იგი მოვლენებს მიღმა აღმოაჩენს ნამდვილ სახეებს და სახელებს არქმევს მათ; შეუმჩნეველსა და უხილავს საგნობრივ სახეს ანიჭებს სახელის დარქმევით, საგნობრივს მხოლოდ იმ აზრით, რომ აქამდე უხილავი ხდება სახილველი, მაგრამ არა ფიზიკურად, არა თვალით, არამედ აბსტრაქტული წარმოდგენით. ეს უფრო ზუსტად გულის ხედვაა. როგორც გ. რობაქიძე იტყოდა. სახელი ასტრალური სხეულია სახელდებულის. სახელის დარქმევით მოვლენა ,,იდაღება ღირებულებად'' და სამყაროში ენიჭება არსებობის უფლება. უსახელოდ ჩვენთვის არ არსებობენ საგნები თუ მოვლენები. სახელდება მათი შობის აქტსაც უკავშირდება. როდესაც ნაწარმოებს ვარქმევთ სახელს, ამით ის რეალური არსებობის უფლებას იძენს, როგორც ერთი მთელი. ს. ცირეკიძე, ამით, ხაზი გაუსვა სათაურის მნიშვნელობას, აქამდე ის ლოგიკურად მოვიდა, რადგან განაზოგადა საერთოდ სახელდების პრინციპი. თუ როგორ არქმევს პოეტი სახელს მოვლენას, ამით უნდა იწონებოდეს მისი ნიჭი. ,,ამ სასწორზე უნდა აიწონოს ყველა, ვისაც პრეტენზიები აქვს პოეტის სახელის ტარების''... პოეტობის ამგვარი გაგება გაიზიარეს ქართველმა სიმბოლისტებმაც.
მოვლენების ახალი დანახვა ნამდვილი სახით რასაკვირველია. უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირი გადმოტანა ხელოვნებაში. სიმბოლისტებმა ეს რთული გზა შეგნებულად აირჩიესო, - გვეუბნება ს. ცირეკიძე, მაგრამ ამით როდი ამტკიცებს, რომ ეს სიმბოლისტების ერთადერთი პრიმატი იყო სხვებთან შედარებით; ,,ინტუიციით ამ გზასთან მისულა ბევრი ჭეშმარიტი პოეტი სხვა ჯგუფიდან'', მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სიმბოლისტებისთვის ინტუიცია აღარ არის ისე ბრმა, ისინი ცდილობდნენ მის ამოცნობას და მის მეთოდად გამოყენებას სინამდვილის პოეტური გარდასახვისასო. - ასკვნის იგი.
ს. ცირეკიძის სიტყვებით: ,,პოეტი მოგვია და მისტიფიკატორი რამოდენიმედ'', რადგან მისტიფიკაციისა და რწმენის გარეშე შეუძლებელია მოვლენებს იქით გადახედვა. პოეტი ,,არ გვიჩვენებს ჭეშმარიტ ორეულს ქვეყნისას, ის მხოლოდ გვამცნობს მის შესაძლებლობას''. აქ მეტად მნიშვნელოვანი დებულებაა ჩამოყალიბებული. არისტოტელე წერდა, რომ პოეტს ისტორიკოსისაგან, უპირველეს ყოვლისა, განასხვავებს შემდეგი: ისტორიკოსი გვიჩვენებს, თუ როგორ მოხდა ესა თუ ის ამბავი, პოეტი კი გვიხატავს, თუ როგორ იყო შესაძლებელი, რომ მომხდარიყო ეს ამბავი. სხვაობის დანახვა იოლია ამ შემთხვევაში, როცა სანდრო ცირეკიძე ქვეყნის ჭეშმარიტი ორეულის მჭვრეტელებს მოგვასა და პოეტს ადარებს, გამოთქვამს აზრს, რომ პოეტი გვამცნობს მიღმურს მხოლოდ მის შესაძლებლობაში. ჩვენი სიმბოლისტი პოეტები როდი ფიქრობდნენ, რომ ისინი უცნაური სახეებითა და მნიშვნელობებით ქვეყნის ჭეშმარიტ ორეულს ხედავენ, არამედ ისინი ქმნიდნენ მის შესაძლებლობას, ამიტომ გვხვდება ერთი და იმავე მოვლენის განსხვავებული სახეობრივი ასოციაციები. ჯერ არ-ქმნილი, ჯერ არ-დასახელებული მოვლენის სხვადასხვაგვარი სიმბოლოებით წარმოჩენა ემსახურება მისდამი მიახლოებასო.
ევროპულ პოეზიასა და ფილოსოფიასთან გარკვეულ სიახლოვეს ავლენს ცისფერყანწელთა შემოქმედება. სიმბოლისტურ პოეზიაში ერთგვარად გაერთიანდა მეცნიერების, რელიგიისა და ფილოსოფიის მიღწევები. ამიტომ ქართველი სიმბოლისტები სიმბოლოს არსზე საუბრისას მხოლოდ ერთგვარ მიმართულებას არ ქმნიან სამყაროსთან, - მათთან სიმბოლო საშუალებაა რამდენიმე ფენის გახსნისა:
ა) ადამიანის შინაგანი სამყაროსი;
ბ) მიღმური სამყაროსი (ღმერთი, რელიგიური ასპექტები);
გ) საგანთა და მოვლენათა ნოუმენების ძიების.
ესსეში ,,პარალელები'' ს. ცირეკიძე ამახვილებს ყურადღებას სამყაროს მოვლენების პოეზიაში გარდასახვისა და ახალი პოეტური სამყაროს შექმნის საკითხებზე: ,,პოეზიაში მოვლენები იწმინდებიან და მარადიულის შრიალი ისმის მათ იქიდან''. ამგვარად, მისი აზრით წარმავალი საგნები და მოვლენები, პოეზიაში ახალ პოეტურ ღირებულებებად გადაქცეულნი, იქცევიან მარადიულად და ამით აღიდგენენ ჭეშმარიტ არსს.
ამავე წერილში ჩამოყალიბებულია მეტად საჭირო დებულებები სიმბოლისტური მწერლობის აღქმისთვის: პოეზიაში ,,ნივთები აითვისებიან, როგორც ნიშნები გამოუთქმელის და სახეები ხდებიან ღირებულებად''. აქ, გამოუთქმელის პოეზიაში ასახვის რამდენიმე საფეხური აღინიშნება. გამოუთქმელი გარკვეულ ტილად განსახოვნდება ნივთებსა და მოვლენებში, რომლებიც ადამიანის მიერ აღიქმება სამყაროში, მაგრამ ნივთები აითვისებიან პოეტის მიერ არა თავისთავად, არამედ როგორც ნიშნები. ნიშანი კი მთლიანად ვერ მოიცავს, რასაკვირველია, საგანს. ამიტომ პოეზიაში სახეებად გარდაქმნილი ეს ნიშნები იძენენ თავისთავად ღირებულებას. სახეები ხდებიან არა როგორც მხოლოდ მეორეული, აბსტრაქტული და სუბიექტური, არამედ გამოუთქმელის პირდაპირი მინიშნებები. ე. ი. საგანში გამოუთქმელი კარგავს თავის არსებითობას, სახეში კი ყველაფერი აღუდგება. პოეზიაში აღდგება არა მხოლოდ საგანთა არსი, არამედ ის დაფარულიც, რაც რეალურად მატერიალურ სახეში არ არის განსახოვნებული. ეს შეუძლია პოეტს, რაგდან მხოლოდ მას ძალუძს მოვლენებს იქით ჭვრეტა. საგანი თუ მოვლენები, ე.ი. ისინი, რომლებიც, ჩვეულებრივ ადამიანური თვალ-ყურით შეიმეცნება, წარმოადგენს გარკვეულ ბარიერს გამოუთქმელის შესამეცნებლად, ეს თითქოს ბუნების თამაშია; პოეტი სწვდება ამ თამაშის არსს და თვითონაც პოეტური თამაშით, სახეობრივი არტისტიზმით მიდის გამოუთქმელის შემეცნებამდე.
ს. ცირეკიძე წერს: ,,პოეტია ის, ვინც იგრძნო ფენომენალობა სამყაროსი და აჩრდილი მარადიული''. აქ ჩანს კანტის ფილოსოფიის გამოძახილი. ეს მეტად მრავლისმეტყველია. რადგან მიუთითებს, რომ ქართველ სიმბოლისტებს სიმბოლიზმი ფილოსოფიურადაც ჰქონდათ გააზრებული. ცნობილია, რომ კანტის ფენომენოლოგია წარმოადგენდა გარკვეულ წყაროს სიმბოლიზმისას. კანტის მიხედვით, არსებობენ საგნები თავისთავად, ე. ი. ადამიანებისაგან დამოუკიდებლად, რომელთა შემეცნება შეუძლებელია და არსებობენ საგნები ჩვენთვის, რომელთა ადამიანი შეიმეცნებს. საგანს თავისთავად იგი უწოდებს ნოუმენს, ხოლო საგანს ჩვენთვის – ფენომენს. ,,წმინდა გონების კრიტიკაში'' იგი წერს: ,,ჩვენ არ შეგვიძლია შევიმეცნოთ საგანი, როგორც ნივთი თავისთავად, არამედ იმდენად, რამდენადაც იგი არის გრძნობადი მჭვრეტელობის ობიექტი, ე. ი. როგორც მოვლენა. აქედან ცხადია, შემეცნების შემოფარგვლა მარტოოდენ გამოცდილების საგნებით და მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის გვრჩება შესაძლებლობა სწორედ იგივე საგნები გავიაზროთ, როგორც ნივთები თავისთავად, თუმცა ვერ შევიმეცნებთ'', ნოუმენები მიიწვდომება მხოლოდ რწმენით და როგორც სიმბოლისტები წერდნენ, პოეზიის საშუალებითაც. პოეზია ხსნის საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ არსს. ქართველი სიმბოლისტები ხშირად უწოდებდნენ ამ სამყაროს ფენომენალურს და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათ ნოუმენების სამყარო აინტერესებდათ ( ვ. გაფრინდაშვილი: ,,ეს პოეზია არ არის ფენომენალური, მისთვის ტიპიურია კანტის ნოუმენის ძიება'').
ს. ცირეკიძე წერს: ,,მოვლენებს იქით საგნები იზმორებიან უცხონი''.
პოეტი არსებით მოვლენებს მხოლოდ სახეობრივი აზროვნებით მისწვდება. მისი აზრით: ,,ნატურალისტის ერთიან ქვეყანას არ ემჩნევა ფენომენალობა. სანამ გვაქვს ერთი შეფარდება ,,ა'' ,,ბ''-სთან. იგი მაგარია და მძიმე, როდესაც ითქმის მისი თანასწორი ,,გ'' შეფარდებული ,,დ''-სთან. როდესაც შეიქმნება რეალობის შესაბამისი სახეები, მაშინ იგრძნობა დენა ჟამთა და უცნაურად ამჩატებულ ნივთების კადრილს მიყვება დაბერებული სახე სამყაროსი. ფარდა გადაეხდება საიქიოს და მის წინ ვდგავართ ტრაგიკულ სილუეტებად''. ნატურალისტებისთვის უცხოა სამყაროს ფენომენალობა. ისინი საგნებს ასახავენ ისე, როგორც ხედავენ და შეიგრძნობენ. ისინი ვერ ჭვრეტენ საგანთა ჭეშმარიტ არსს. ს. ცირეკიძე სხვადასხვა შეფარდებების მოძებნის აუცილებლობას მოითხოვს და ამით ილაშქრებს პოეტური დოგმატიკის წინააღმდეგ. რაც იმ დროის ქართული პოეზიისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
ს. ცირეკიძე ერთგვარად აერთიანებს საიქიოს და ნოუმენების სამყაროს. უფრო სწორად კი, როცა წერს, ,,ფარდა აეხდება საიქიოს''-ო. გულისხმობს, რომ პირველ საფეხურზე პარალელური შეფარდებებით დადგინდება ჯერ საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტი არსი. ხოლო შემდგომ საფეხურზე, როცა სამყაროში ყველაფერი ისე შეიმეცნება, როგორც ჭეშმარიტად არსებული, მოიხსნება უხილველობის ბარიერი და პოეზიაში გამოჩნდება საიქიო, როგორც ამხსნელი უკვე. თვით ადამიანური არსის, ადამიანური ნოუმენისაც. ამ ქვეყნის ,,მარადიულის'' აჩრდილად გამოცხადება კი პლატონის ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. სიმბოლისტი პოეტები რეალურ მატერიალურ საგნებს კი არ ასახავენ, არამედ მათ ჭეშმარიტ არსს, რომელთაც სწვდებიან მხოლოდ სიმბოლოების საშუალებით და ასევე სიმბოლურად მოაქვთ ჩვენამდე.
ვ. გაფრინდაშვილი წერდა: ,,დღეს პოეზია ლირიკაში სიმბოლურია, რადგანაც ლირიკას სწამს გარეგანი სინამდვილე, როგორც საშუალება და არა როგორც ფენომენი და არა როგორც ნოუმენი''. ეს სიტყვები ყველაზე მოკლედ, კონკრეტულად და ღრმად გამოხატავენ ქართველი სიმბოლისტი პოეტების პოეზიის არსს. ცხადია, ისინი სინამდვილეს არ უარყოფდნენ, როგორც თავისთავად არსებულ რეალობას, მაგრამ მათი დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარი იყო. სინამდვილისადმი მიმართება, როგორც საშუალებისადმი. ცვლის მისი ათვისების ფორმებსაც და სწორედ აქედან გამომდინარეობდა სიმბოლისტ პოეტთა მიერ სინამდვილის ახალ-ახალი ფორმებით ათვისების ძიება და ამ გზაზე მრავალი, ენობრივ-პოეტური ექსპერიმანტი. საეთოდ, ნებისმიერი სკოლის ლიტერატურა წარმოადგენს ძიებას, იდუმალისკენ სწრაფვას. მაგრამ ყოველთვის როდი ხდება იმ იდუმალის გააზრება ან შემეცნება. სიმბოლისტურ პოეზიაში კი, კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ, საგნები მოიაზრება, როგორც ნივთები თავისთავად, თუმცა მისი შემეცნება მაინც ვერ მიიღწევა. ასე რომ ყოფილიყო, პოეზიის იდუმალება ამოიცნობოდა და ლირიკის მიზანიც ამოიწურებოდა. სწორედ ეს დაუკმაყოფილებლობა ვერშეცნობის გამო, მარად და მარად წარმოშობს ახალ-ახალ პოეტურ სახეებს. სამყაროსადმი ახალ-ახალ დამოკიდებულებებს და თავისთავად განაპირობებს, სამყაროს პოეტური ათვისების ფორმების უსასრულობას და მარადიულობას. ამგვარად, სანდრო ცირეკიძის ესსეებში აისახა ცისფერყანწელთა პოეტური სკოლის ძირითადი ტენდენციები. აქვე გამოითქვა შეხედულებები პოეზიასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, რომლებიც ხსნიან და აზუსტებენ ხელოვნებისა და რეალობის ურთიერთდამოკიდებულების სიმბოლისტურ აღქმას.

Комментариев нет:
Отправить комментарий