пятница, 6 декабря 2013 г.

ელგუჯა თავბერიძე



სანდრო ცირეკიძე

(ლიტერატურული ეტიუდი)

შტრიხები პორტრეტისათვის

გაზეთი „რუბიკონი“ 1923 წლის 17 ივნისს წერდა:

„სრულიად საქართველოს ახალი მწერლობის კავშირი მართავს ხელის მოწერას თავისი წევრის სანდრო ცირეკიძის წიგნის გამოსაცემად. წიგნში მოთავსებული იქნება პროზა და კრიტიკული წერილები. ნაწილი შეგროვილი თანხისა მოხმარდება სანდრო ცირეკიძის აბასთუმანში გამგზავრებას“.

ამ დროს სანდრო ცირეკიძე ორი დღის გარდაცვლილი იყო. „განაზებული სულის რაინდმა“ (შ. აფხაიძე) 29 წლის ასაკში დაამთავრა სიცოცხლე, 1923 წლის 15 ივნისს ძმის მკლავებში დალია სული. ვერც ახალი წიგნის გამოცემას მოესწრო, აბასთუმანში წასვლის (ფულიც რომ ჰქონოდა) ნება ექიმებმა არ მისცეს, განძრევაც აღარ შეიძლებოდა თურმე, ისე ემძლავრა ჭლექს მის სხეულში.

„ქართული პროზის ბატონიშვილი“ - ასე უწოდა ვახტანგ კოტეტიშვილმა სანდრო ცირეკიძეს. ამ გადაჭარბებულ და ემოციურ შეფასებაში ნათლად იგრძნობა ის სიყვარული, მოწიწება და პატივისცემა, ამ მწერლის მიმართ რომ იჩენდნენ.

სანდრო ცირეკიძე პირველი სერიოზული, ასე თუ ისე გამორჩეული მწერალი იყო, ცისფერყანწელთა ძმობით შეკრულ ორდენს რომ გამოაკლდა. ამიტომ სინანულიც მეტი იყო, შეფასებაც გაზვიადებული, გულისტკივილიც გამორჩეულად მწუხარე. სანდრო ცირეკიძემ თავის ღარიბ გვარს ლიტერატურული აზნაურობა მოუპოვაო, დაწერს ვალერიან გაფრინდაშვილი და ამაშიც არის რაღაც სიმართლე, ჭეშმარიტების ის მოკიანთე მარცვალი, მეგობრებსა და კოლეგებს ასე რომ აღანთებდა და აღაფრთოვანებდა.

სანდრო ცირეკიძე ცისფერყანწელთა შორის პრაქტიკული საქმიანობით, საზოგადო ღვაწლით გამორჩეული პიროვნება ჩანს, აქტიური სამწერლო ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მიუტოვებია და დროსა და ავადმყოფობასთან ჭიდილში საწუთროს ბევრი საერო საქმე გამოსტაცა. ჯერ იყო და რეალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდშივე ლიტერატურული წრე „წმინდა სამება“ დააარსა (წევრები: შალვა აფხაიძე, გიორგი ჟღენტი, სანდრო ცირეკიძე), გამოსცეს ხელნაწერი ჟურნალი „ჩანგური“ (რედაქტორი სანდრო ცირეკიძე). მისი ინიციატივით, სახსრებითა და რედაქტორობით გამოვიდა ქუთაისში ჟურნალ „მშვილდოსანის“ რამდენიმე ნომერი, რომლის ფურცლებზე კიდევ ერთხელ აირეკლა ცისფერყანწელთა მსოფლმხედველობრივი და ლიტერატურული იდეები.

შალვა აფხაიძე წერდა: „ქუთაისში მისცა მან (სანდრო ცირეკიძემ) ქართულ წიგნს შნო და სიცოცხლე. დაიწერება ოდესღაც ისტორია ქართული წიგნის კულტურაზე, პირველად სანდრო იქნება ხსენებული, მან უთავაზა წიგნს ეს კულტურაო“. ამ სიტყვებშიც ბევრი რამაა გადაჭარბებული, მაგრამ სიმართლეც აშკარაა-სანდრო ცირეკიძემ მართლაც დიდი ამაგი დასდო ქუთაისში წიგნის გამოცემის საქმეს, დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“, რომელშიც ვალერიან გაფრინდაშვილსა და კოლაუ ნადირაძესთან ერთად გამოსცა სტეფან მალარმეს ლექსების თარგმანები. ამავე გამომცემლობის გრიფით გამოვიდა ახალი პოეზიის ანთოლოგია. ეს გამოცემა ლიტერატურული დაერთიანების წარმომადგენელთა შემოქმედების საუკეთესო ნიმუშთა თავმოყრის, მათი გარკვეულ იდეებს მისადაგებელი პოეტური ნიმუშების სრულყოფილად წარმოჩენის პირველი ცდა იყო.

„კირჩხიბშივე“ გამოსცა სანდრო ცირეკიძემ მეგობარ ცისფერყანწელთა პირველი წიგნები: ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ (1919 წ.), კოლაუ ნადირაძის „ბალდახინი“ (1920 წ.). აქვე გამოვიდა მისი პირველი წიგნიც „მთვარეულები“ (1921 წ.)

სანდრო ცირეკიძემ გადმოოაქართულა შარლ ბოდლერის რამდენიმე პოემა და ოსკარ უაილდის თხზულების მცირე ნაწილი.

თაოსანი იყო ქუთაისში მწერალთა გაერთიანების შექმნისა, რომელსაც მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი ერქვა. შალვა აფხაიძე წერდა: „ქუთაისში დააარსა მწერალთა კავშირი და კიიდევაც შეეწირა მას საბოლოოდ. კავშირის წიგნების გადმოტანის დროს გაცივდა და გატყდა. აქედან მოყოლებული აღარ ამდგარა ის ლოგინიდან“.

აი, მოკლედ რა შეიძლებოდა თქმულიყო ამ „ნაზი ადამიანისა და უნაზესი მწერლის“ (შ. დადიანი) საზოგადო ღვაწლზე. ჩამოთვლილი ფაქტები ნაუცბათევადაც რომ გაიაზრო, სულაც ვერ წარმოიდგენ, რომ სანდრო ცირეკიძე 29 წლისა გარდაიცვ ალა და ბევრი განუხორციელებელი ოცნება თან წაიყოლა. არა, ეს უფრო ასაკოვანი მწერლის ნაღვაწსა ჰგავს, მიზანმიმართულად რომ მიუყვება თავის გზასავალს. ამიტომ წარმოვაჩინე სანდრო ცირეკიძის საზოგადო ღვაწლი ასე დაწვრილებით. მინდოდა მკითხველისათვის ერთიანობაში დამენახვებინა ის პრაქტიკული საქმეები, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა, უბრალოდ, სანდრო ცირეკიძის პორტრეტული შტრიხები მისი ორგანიზატორული ნიჭითა და უნარით დაგვირგვინებულ საქმეთა ფონზე გამომეკვეთა.

„ქართული მინიატურის უნაზესი მოცარტი“

სანდრო ცირეკიძე, „პოეზიის გატეხილი ხერხემლის“ ესთეტიკის მიმდევარი მწერალი, სიმბოლისტური მსოფლმედველობის დამკვიდრებას ქართულ სინამდვილეში თავისი ლიტერატურულ-თეორიული ხასიათის წერილებითაც შეეცადა. მან სავსებით შეგნებულად აირჩია სათქმელის გადმოცემის ფორმად მინიატურა, რაც საგნის ბოლომდე შემეცნების აბსოლუტური უარყოფა, მინიშნებით გატაცება, ცხად და ნათელ წერაზე უარის თქმა გახლდათ. მინიატურა აირჩია და მასზე თეორიული ხასიათის ესეც დაწერა, რომელიც, სიმბოლისტურ ნააზრევთან ერთად, მარადიულ ჭეშმარიტებებსაც შეიცავს და დღესაც ობიექტურად გვეჩვენება.

ჩვენში მინიატურები მომრავლდაო, წერს მწერალი და ცდილობს, ახსნას მიზეზი მათი სიმრავლისა, ბელეტრისტთა ამ ფორმისადმი გადამეტებულ-გადაჭარბებული დამოკიდებულებისა: „მეოცე საუკუნეში ყველაფერს მიზეზი უნდა მოეძებნოს და ჩვენში მინიატურასაც მოუძებნეს მიზეზი. მის გენეზისს ელექტრონის ტრამვაის უკავშირებენ და ამბობენ: ევროპაში ელექტრონის და მოტორის ხანაა. იქ ცხოვრების ტემპი ძალზე აჩქარდა, გრძელი ამბებისათვის, დიდი მხატვრობისათვის აღარავის სცალია, ბუნებრივია, რომ ევროპაში მინიატურის წერა დაიწყეს რომანების მაგივრადო, დასძენენ: ჩვენში ცხოვრება საკმაოდ ნელია, აქ მინიატურა ანომალური მოვლენაა, ჩვენ ჯერ რომანები უნდა ვწეროთო, არაა ეს მართალი. არც ისაა მართალი, ვინც ყველა მინიატურისტებს ერთ შკოლაში აჯგუფებს.“ სამართლიანია სანდრო ცირეკიძე, ნაწარმოების ფორმის მიხედვით მწერალთა ამა თუ იმ ჯგუფებსა თუ „შკოლასადმი“ მიკუთვნებას არასწორად რომ მიიჩნევს, ყველა მიმდინარეობას თავისი მსოფლმხედველობრივი პრინციპები ასაზრდოებდა და ასაზრდოებს. ისინი მწყობრ შეხედულებათა (რამდენად დაეთანხმები, სხვა საქმეა) ერთიანობის საფუძველზე იქმნებიან და ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა უფუნქციო არც ისაა – გარკვეული ფორმა, ისევ და ისევ გარკვეული მოსაზრებებით პრიმატული ხდება (სონეტებს კლასიკოსებიც წერდნენ, სიმბოლისტებიც, პარნასელებიც, მაგრამ მათი ერთ მიმდინარეობაში გაერთიანება არავის მოსვლია აზრადო – აცხადებს „ფერწასული იდუმალების“ (ა. არსენიშვილი) მხატვარი და გვეუბნება, რომ მინიატურა, როგორც შემოქმედებითი ფორმა, სწორედ იქ ჩნდება, სადაც ცხოვრება დუნე და ინერტულია. საერთოდ, ეს ესე, გარკვეული შინაგანი წინააღმდეგობის იმპულსებს რომ შეიცავს, ცდაა, ახსნა მოუძებნოს მინიატურის მომძლავრებას და მისი წარმომავლობის ფესვებიც სხვაგვარად გაიაზროს, მაგრამ ეკლექტიკური მომენტი იმდენად აშკარაა, რომ ფრაზეოლოგიური ხატოვანების მიუხედავად, დაუძლეველი რჩება არამარტო წინასწარ დასახული პრობლემა, რეზულტატი საპირისპირო, ავტორის სურვილის საწინააღმდეგო ხასიათისა გამოდის. თუ ელექტრონით გაჩახჩახებულ, ჩქარ ევროპაში და დუნე, ზოზინა აღმოსავლეთში ერთნაირი ენთუზიაზმით წერენ მინიატურას, მაშინ აჩქარებული ან პირიქით – ნელი ცხოვრების რიტმი არაფერ შუაში ყოფილა, პირიქით, სადაც ეწერებათ, იქ წერენ და აღმოსავლეთ-დასავლეთიც ან სინამდვილის მდინარების სიჩქარე ან სიმდოვრე საფუძველს ყოფილა მოკლებული.

გარკვეული თვალსაზრისით, გასაზიარებელია სანდრო ცირეკიძის შემდეგი აზრიც: „მინიატურა ყველაზე უფრო მხატვრობაშია ცნობილი. დიდი ხანია ადიდებენ სპარსელ მინიატურისტებს. და სწორედ აღმოსავლეთში უნდა შობილიყო მინიატურიზმი, მიკროსკოპიზმი. დიდ სურათს უნდა ფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატურა წერტილებით იწერება, იმას ზანტი მოზომილი ხატვა უნდა. მინიატურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას ჭადრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდნენ გელათის სახარებისათვის. სადაც მინიატურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან: მინიატურა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ“.

მინიატურა მართლაც წერტილებით იწერება, ესაა წვეთი, ზღვის მღელვარება რომ უნდა გაგრძნობინოს, პატარა სივრცემ მასთან შედარებით უკიდეგანო სათქმელი და ქვეტექსტი დაიტიოს. იქნებ ისიც სიმართლეა, მინიატურიზმი მხატვრობაში რომ უფრო გავრცელდა, მაგრამ მგონია მაინც პირობითი, ისე როგორც მისი წარმომავლობის დადგენა იქნება ძნელი, იქნებ შეუძლებელიც, რადგან ზოგიერთი ნახატის თუ თხზულების ამ ჟანრის ფარგლებში მოქცევაც გაჭირდება. ერთი რამ უნდა ვთქვათ, სანდრო ცირეკიძის ეს ესე ქართულ სინამდვილეში მინიატურის, როგორც მხატვრული ჟანრის სპეციფიკურ თავისებურებათა გარკვევის ერთ-ერთი პირველი ცდა იყო, რაღაც მსოფლმხედველობრივი საფენელი რომ ედო და, ბუნებრივია, მასში არეკლილი ყველა მოსაზრება გასაზიარებელი ვერ იქნება, იგი უბრალოდ იმის ჭეშმარიტი და უტყუარი ბარომეტრი უფროა, თუ რატომ დაეძალნენ ამ ჟანრს სიმბოლისტები, რომ სათქმელის გაბუნდოვანება, ნახევარტონებით მინიშნება ამ ერთგვარად შემოსაზღვრულ სივრცეში უფო მოსახერხებელი იყო, წინასწარ არჩეულ მხატვრულ მეთოდს აქ უფრო შეეძლო ფრთების გაშლა.

სანდრო ცირეკიძის ამ ესეში საქართველოს კულტურული ორიენტაციის (ევროპა, აზია თუ სინთეზი) საკითხიცაა დასმული. როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 20-იან წლებში მწვავე ვნებათაღელვა გამოიწვია ამ თემამ. ერთნი „მძინარე აზიას“ ამჯობინებდნენ (ვ. კოტეტიშვილი, ვ. გუნია), მეორენი ამ საკითხში „მკვირცხლ ევროპას“ ანიჭებდნენ უპირატესობას. (კ. გამსახურდია, ვ. გაფრინდაშვილი და ტ. ტაბიძე), მესამენი კი ჩვენს ქვეყანას მედიევალური კულტურის კერად მოიაზრებდნენ (შ. აფხაიძე). თუმცა ბევრი მათგანი, ისე როგორც სანდრო ცირეკიძე არ ყოფილა ამ მხრივ თანამიმდევრული, მარადიულად ერთი აზრის ერთგული. „ქართული პროზის ბატონიშვილი“ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილ წერილში აშკარად აცხადებდა, რომ „აზიური მოდერნიზმი... გადაწყვეტილი სიტყუვებით ჭრელ კოლპაკიან ჯამბაზის სიარულსა ჰგავდა ბაწარზე“ რომ ქართული კულტურა დასავლეთის პირმშოა და ეს „სიცივე და ზომიერება ევროპიელისა“ ვალერიან გაფრინდაშვილმა შემოიტანა საქართველოში. ესეში „მინიატურა“ კი განსხვავებული მოსაზრებაა დაფიქსირებული: „საქართველო ევროპის კარებზეა. ჩვენ ევროპას სამხრეთის ლურჯ ჰაერში უნდა შევხედოთ პირდაპირ და არა ჩრდილოეთის გაყინული სათვალეებით. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს როლი საქართველოში. ყველაზე უფრო ჩვენ უნდა შევიყვაროთ მინიატურის ფორმა და ერთხელ კიდევ გავაკვირვოთ ევროპა, როგორც ჩვენი წინაპრები აოცებდნენ მათ უჩვეულო მინანქრებით“. ამ თვალთახედვით საქართველო მედიევალური, გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანაა და აღმოსავლეთიდან მომდინარე მინიატურას ახალი სუნთქვა უნდა შესძინოს საქართველომ და ამით გააკვირვოს ევროპა.

მინიატურიზმის გზას საქართველოში პირველად ვაჟა ფშაველა დაადგაო, წერს ცისფერყანწელთა ორდენის წევრი და ვაჟას წერის მანერა მოძველებულად, რეალისტურად ეჩვენება; სიმბოლისტური მსოფლმხედველობის ანარეკლია, - სამწერლო ასპარეზზე მათ გამოსვლამდე რაც შექმნილია, ყველაფერი დრომოჭმულად გამოაცხადონ, მათი დამკვიდრებელი კი სიახლედ.

ჩვენში ყველაზე ცნობილი მინიატურისტები ჯაჯუ ჯორჯიკია და ნიკო ლორთქიფანიძეაო, ჯორჯიიკია მოსწონს, „იყიდება საქართველოს“ ავტორის მინიატურებს კი ლოტრეკის ნახატებს ადარებს და მთელის ამოგლეჯილ ნაწილად მიიჩნევს.

ასეთია მოკლედ სანდრო ცირეკიძის აზრი მინიატურაზე, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით იმის გარკვევაში უფრო გვეხმარება, თუ რატომ მოსწონდათ ეპიკური თხრობის ეს ჟანრი ქართული სინამდვილისათვის ამ უცხო და უჩვეულო მიმდინარეობის წარმომადგენლებს.

1919 წელს ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებში“ ახალი ესე „სათაური პოეზიაში“ დაბეჭდა და კვლავ სიმბოლისტური ესთეტიკის რამდენიმე ნიუანსი წამოსწია წინა პლანზე.

თუ ადამიანი ჩოხა-ახალუხის ფერით, ჰალსტუხის თავისებური გამონასკვით იცნობა, მაშინ პოეტი სიტყვების, ხმებისა და სასვენი ნიშნების მიხედვით შეიძლება გამოვარჩიოთო, - აცხადებდნენ ცისფერყანწელები. სანდრო ცირეკიძეს კი პოეზია, მოვლენათა იქით გადახედვად და საგნებისათვის ახალი სახელების დარქმევად რომ წარმოესახა, სათაურს ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებდა და აცხადებდა, რომ თუ შემოქმედება სამყაროს იქით არსებულისათვის სახელის დარქმევაა, მაშინ სათაური შემოქმედების მთავარი მომენტი ყოფილა, რადგან მას ერთგვარად რეზიუმეს, ყ ველაფრის ერთ ფოკუსში თავმოყრის ფუნქცია გააჩნიაო. სათაურს მართლაც აქვს ასეთი დატვირთვა, სიმბოლო, თხზულების მთელი შინაარსის გამომხატველია, მაგრამ იგი მაინც არაა უმთავრესი, -- მაშინ ტექსტს რაღა ვუყოთ?!

სანდრო ცირეკიძემ რომანი რომ უკუაგდო, მინიატურა აღიარა ძირითად ჟანრად, აქედან კი – სათაური გააფეტიშა: „შეიძლება მინიატურიზმის გზას რომანიდან სათაურთან მივყავართ, შეიძლება წიგნების მაგივრად სათაურების წერა დავიწყოთ.“

სათაურისადმი ასეთი გადამეტებული და გამორჩეული დამოკიდებულება – თხზულების მარტო სათაურამდე დაყვანა – მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლისტური ესთეტიკის თვალთახედვით შეიძლება აიხსნას. ცისფერყანწელები გაურბოდნენ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სათაურებს, ცდილობდნენ, მეტი ექსცენტრულობა, არაორდინალურობა მიენიჭებინათ მისთვის. თუმცა ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ შემოქმედებითი პროდუქტი სათაურამდე დავიყვანოთ. სანდრო ცირეკიძე კი ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდა ამას და აცხადებდა: რჩეულებსა და ნიჭიერ პოეტებს შეუძლიათ მხოლოდ სათაურით უთხრან მკითხველს ყველაფერი. მწერლები, პოეტები მომრავლდნენ, მათი დამახსოვრება ძნელდება და მომავალი ერუდიტი მხოლოდ სათაურებს დაიმახსოვრებსო.

ამის შემდეგ სანდრო ცირეკიძე პოეზიისა და პროზის საზღვრების დადგენასაც შეეცადა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პოეტი ლექსისა და პროზის მთხზველს ნიშნავს და ამიტომ არის იგი ორსახოვანი იანუსიო (ასეთი სათაური აქვს ამ ესეს). ევროპაში ლექსი და პროზა ერთად ვითარდებოდა, საქართველოში კი განცალკევებით, პოეზიის აბსოლუტური უპირატესობითო. საქართველო მართლაც პოეტების ქვეყანა უფროა, ძველთაძველი და მერმინდელი ქართული სინამდვილე ლექსის სტრიქონებში უფრო არეკლილა, მასში უფრო განფენილ-განსხეულებულა, ვიდრე პროზის მშრალ, ამომწურავ და ყოვლისმომცველ სივრცეში.

სანდრო ცირეკიძის აზრით, ქართულ პროზაში პოეზიის ელემენტების სინაკლულე „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარობითაა განპირობებული. პოეტური პროზის წარმომადგენლად მიაჩნია XIX საუკუნეში მოღვაწე თითქმის ყველა ქართველი მწერალი, საერთოდ კი „ახალმა პოეზიამ“ არ იცის ლექსისა და პოეზიის გარკვეული საზღვარი და თვლის, რომ თავისუფალი ლექსი პოეზიაცაა და პროზაც (თავისუფალი ლექსის დამამკვიდრებლად ქართულ სინამდვილეში პაოლო იაშვილი მიაჩნია).

სანდრო ცირეკიძემ ამის შემდეგ დაწერა ესე „პარალელები“, რომელიც მისი თეორიული ხასიათის შეხედულებათა ერთგვარ ლოგიკურ გაგრძელებად გვეჩვენება. მოდით, ამ ესედან ერთი ადგილი გავიხსენოთ:

„სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებებით დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა, აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპარატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა. პოეზია და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა და მათთვის საჭირო შეიქნა ათვისების და გამოთქმის ახალი ფორმები“.

ორივე – რელიგია და პოეზია – სამყაროს, მოვლენის მიღმა იხედება. ოღონდ პირველი ნამდვილი ქვეყნის ორეულს იმიერ ქვეყანაში ეძებს საიქიოს სახით, პოეზია კი ამ ქვეყნადვე ქმნის მარადიული იდუმალების სამყაროს. პოეზიის ამგვარმა გაგებამ მისი საზღვრების გაფართოება გამოიწვია და სანდრო ცირეკიძემ კიდეც გაამახვილა ამაზე ყურადღება. მისი თვალთახედვით, პოეზია უფრო მეტია, ვიდრე ლიტერატურა, ვიდრე ხელოვნება საერთოდ, პოეტები იყვნენ გუდიაშვლიც და სკრიაბინიცო – წერდა („პოეზიის ნაპირები“), პოეტებიც ორად დაყო, ერთნი – ვინც წერდნენ, მეორენი კი ჭვრეტდნენ მხოლოდ. „მჭვრეტელი პოეტი“ გამომთქმელზე არანაკლებ პოეტად ესახებოდა, რადგან მის ნატურაში იდუმალის დანახვისა და შეგრძნების ნიჭს ხედავდა (ამ თვალთახედვით აღიარებდნენ ცისფერყანწელები ალი არსენიშვილსა და არჩილ მიქაძეს პოეტებად – ერთი პოეტური სტრიქონიც რომ არ ჰქონდათ დაწერილი).

სანდრო ცირეკიძემ პროზაიკოსიც რომ პოეტად მონათლა შემდეგ რიტმის აუცილებლობის სკითხი დასვა ესეში „რიტმი პროზაში“.

„ქართული პროზის სენიორის“ აზრით, სიტყვების გარკვეული თანმიმდევრობით დალაგება ქმნის რიტმის სათუთ, ხელშესახებ ეფექტს, რაც პროზის, ოღონდ ლექსიდან ნასაზრდოებ თვისებად უნდა იქცეს, იგი აუცილებლად რიტმშემკული უნდა იყოს თუ იდუმალის, მოვლენისა და საგნის მიღმა არსებულის ხილვა ამოძრავებს და ასულდგმულებს.

ცისფერყანწელებმა ახალი მხატვრულ-ესთეტიკური მოდელი რომ შეიმუშავეს, რომლის დამკვიდრებასაც მთელი თავიანთი შემოქმედებით ცდილობდნენ, ბუნებრივია, აფიქრებდათ, რამდენად იყო იგი თანადროული, რამდენად უპასუხებდა და თუ შეესაბამებოდა მათი დროინდელი მკითხველის აზროვნებასა და გემოვნებას.

ქართველ სიმბოლისტებს, როგორც ჩანს, დიდად აფიქრებდა მკითხველის პრობლემა. ამის დადასტურებად უნდა ჩაითვალოს სანდრო ცირეკიძის ესე „პოეტი და მკიითხველი“, რომელიც ასე თუ ისე ასახავს იმ საერთო, ზოგად ტენდენციას, ცისფერყანწელებს მკითხველთან დამოკიდებულების საკითხში რომ გააჩნდათ. სანდრო ცირეკიძის აზრით, რაც უფრო დიდია პოეტი მით უფრო ამოუცნობია მისი შემოქმედება მკითხველისათვის. „კულტურა კონუსით შენდება: მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა შეუძლია მარტო ერთეულებს“. ეს წინადადება მთლიანად გამოხატავს ზემოთ ნახსენებ აზრს – რაც უფრო მოვლენათა მიღმა მხედველია პოეტი, იმდენად დიდია და შეუცნობელი მისი იდუმალება ჩვეულებრივი მკითხველისათვის.

„მწვერვალებმა იცის სიცივე მარტოობის. პოეტს შეუძლია იყოს მარტო: ამაში ერთნაირი სიამოვნებაც არი – სიამოვნება ტანჯვის, ხლოვანისათვის მარტოობა სიკვდილია. ხელოვნება ხომ თქმაა, - თქმას მსმენელი უნდა. მსმენელები მრავლათაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგად მიჰყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების“. ევოლუციის გზა ნელა, მდორედ და ინერტულად ვითარდება. მწერალი, ნაწილობრივ, „გატკეცილი გზით“ მიდის და ბრბო მას მიჰყვება. ხოლო რევოლუციონერ „გულივერის ნაბიჯებით“ უნდა ფეხის აწყობა. ერთი სიტყვით, გენიოს შემოქმედს გენიოსი მკითხველი სჭირდება აღსაქმელად და გასაგებად. „პოეტს გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი, რომლის თვალები გაუძლებდეს ქვეყნის ახალი გვერდით დანახვას“. ამავე ესეში სანდრო ცირეკიძე თავის ხშირად გამოთქმულ ერთ აზრს თვითონვე ეწინააღმდეგება. კერძოდ, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მისი აზრით, პოეტია ისიც კი, ვისაც იდუმალის დანახვა შეუძლია, თუნდაც ერთი სტრიქონიც არ ჰქონდეს შექმნილი. აქ კი იგი წერს: „მკითხველების სახელებს იშვიათად ინახავს ისტორია – არიან ბედნიერები – მეცენატი, სტანკევიჩი, ბელინსკი, ლიუდოვიკ ბავარიელი, არჩილ მიქაძე, ალი არსენიშვილი. ეს მაშინ, როდესაც მკითხველი შემოქმედების ბედში ერევა ქონებით ან დამფასებელი სიტყვით, მაგრამ მკითხველის პათოსი უფრო ხშირად პასივობაა, სმენაა, მიმღეობაა“.

სანდრო ცირეკიძის მიხედვით, ალი ასენიშვილი და არჩილ მიქაძე, როგორც ვთქვით, პოეტები არიან იმდენად, რამდენადაც იდუმალის ხილვა ძალუძთ, ხოლო როგორც მკითხველები იმიტომ შემორჩებიან ისტორიას, რომ „შემოქმედების ბედში ჩარევა“ შეუძლიათ. ერთი სიტყვით, პირველ შემთხვევაში ზედმეტადაა გაფართოებული პოეზიის საზღვარი, ხოლო მეორეში დამცირებულადაა წარმოდგენილი საერთოდ პოეტის შემოქმედების პირველ შემფასებლის, ანალიტიკოსის ფუნქცია, როლი და მნიშვნელობა. ნებისმიერი მწერალი, უპირატესად, მკითხველია და როდესაც ქმნის იგი რაიმეს, როგორც მკითხველი აზროვნებს და ფიქრობს რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე. ესაა ავტორის სახეში ორი საწყისის – შემოქმედებისა მკითხველის თანაზიარობა. მაგრამ არსებობს საერთოდ მკითხველი, რომელიც ამა თუ იმ ლიტერატურული ქმნილებისა თუ პროცესის შეფასების შემთხვევაში გარკვეულ როლს თამაშობს, დადებითად ან უარყოფითად განაწყობს საზოგადოებას ამა თუ იმ ლიტერატურული ფაქტის შესახებ, აჩქარებს და ანელებს მის გაგებას და შეიმუშავებს რაღაც ზოგად ლიტერატურულ ღირებულებას, რომელიც გარკვეულწილად მსჯავრია ამა თუ იმ მხატვრული ტექსტის მიმართ. მაგრამ მკითხველი, როგორც შემოქმედებითი გარემოების ერთ-ერთი კომპონენტი მაინც შეფარული, შენიღბულია და მისი აქტიურობა თითქმის შეუმჩნეველია. ასეთ ვითარებას გულისხმობს სანდრო ცირეკიძე ამ სიტყვებში: „როდესაც კითხულობ ლიტერატურის დიდებულ ეპოქების ისტორიას, გრძნობ დიდებული ჩრდილების სიახლოვეს. არ ვიცით მათი სახელები და სახეები, მაგრამ კეთილშობილი ჩრდილები მათ უცნაურად არხევენ და ათბობენ ჰაერს“.

ასეთია, მოკლედ, სანდრო ცირეკიძის ლიტერატურულ-თეორიული შეხედულებანი.

ამ ლიტერატურულ ეტიუდში სანდრო ცირეკიძის შემოქმედებითი პორტრეტი და ლიტერატურულ-თეორიული ხასიათის ნაღვაწი გვინდოდა წარმოგვეჩინა. ვფიქრობ, ამ მოკლე ანალიზითაც თვალნათლივი გახდა, თუ რაოდენ ცოცხალი შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორი რუდუნებით იღვწოდა საზოგადო საქმისათვისა და რა თავდაუზოგავად ცდილობდა სიმბოლისტური მსოფლმხედველობის ქართულ ნიადაგზე გადმონერგვასა და აღორძინებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий