ჩამავალი მზის გამოსალმების კოცნაში გაეხვია სატრფო - ქვეყანა. მისი ღიმილი ტყეს სამეფო ქუდად დაეხურა და ხითხითებდა.
იქვე პატარა, სულ პატარა ყვავილი ჩირგვის ქვეშ მიმალულიყო, კანკალებდა... აღმოსავლეთით წამოპარულ ბნელს უკრთოდა.
- რა გატირებს, გეშინია? - ჰკითხა მხიარულმა ნიავმა.
- მეშინია, მზე მიდის, - წაილუღლუღა საბრალომ და უფრო აიბუზა.
- არა გრცხვენია? ნუ ტირი!..ზარის ხმა გესმის?...
ნიავმა ჩაკოცნა და ზარის ხმა გასრიალდა.
- მიდის,მიდის, მიდის, მიდის... კიდევ მოვა, კიდევ მოვა!
არხეინად გასძახოდნენ ზარები სოფელს...
ყვავილმა მწარედ გაიღიმა...
სულელები!.. ასე ჰგონიათ, ხვალ ისევ დღევანდელი დღე იქნება,- წაიჩურჩულა თავისთვის...
მზე... მზე... მზე, ჟრიალებდა გიჟურ ცეკვაში ჩაბმული ჟივჟავების გუნდი...
საბრალო ყვავილს ისევ ტირილი მოერია.
2 ნოემბერი,
1911 წ.
ნანგრევი
დგას თავჩაღუნული, გულმკვდარი და მალული
ცრემლით დანამულ თვალებს განებივრებულ მტრებს აშტერებს.
დაიჯაბნა. პაწია ჭიანჭველაც კი აღარ ეპუება, მედიდურად დასეირნობს მის მკერდზე...
არ იტიროს?
დაჩაგრული მიცურავს ფიქრთა ზღვაში. იგონებს თავისი სიმძლავრის, სიამაყის დროს...
რა კარგი იყო მაშინ...
აქ იდგა ის ლომკაცი!..
ვერა, ციხეს ვერ დაგანებებთ! - ამაყად გაიძახოდა ის და მის ცეცხლ- თვალთა ისრები მტრის შემკრთალ გულს სერავდა.
რა ამაყი იყო მაშინ ეს ციხეც!
და ახლა?
სად წავიდა იგი დიდება? რა დარჩა მისგან?
მხოლოდ გულის მკვლელი მოგონება, ტკბილი, მაგრამ მწარეზე უარესი...
... და ღაპა-ღუპით ჩამოსდის მალული ცრემლი უმეგობროდ დარჩენილ, დაჯაბნულ ნანგრევს...
მტრები კი ნადიმობენ...
1911 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий