суббота, 7 декабря 2013 г.

ვაჟი დუმდა


ქალწულმა პირველი კოცნა ამოქარგა ვაჟის ლოყაზე, კოცნა ბედნიერებით შემოუბრუნა მას; გული უცინოდა.

- რა ბედნიერი ვარ, - წაიჩურჩულა ქალმა.

ვაჟი არ შერხეულა.

- შენ არ გიხარია? - წაიჩურჩულა ქალმა.

ვაჟი დუმდა.

- ხმას რად არ მცემ? განა არ გიხარია?.. შეხედე, როგორ ხალისობს ბუნება… ჩვენ შემოგვცინის. მხიარულად გვიკრავს თავს, ჩრდილში გვეპატიჟება. იქ დაგვაგვირგვინებს… ნიავიც ხომ სამხიარულოს გვიგალობს… არ გესმის?

ვაჟმა მწუხარე თვალები მიაპყრო ქალწულს.

- მესმის, - წაილაპარაკა მან, - ნიავი სამგლოვიაროს გალობს… ხედავ იმ ორ ფოთოლს? ისინი გაზაფხულზე იცინოდნენ… ახლა მათი მხიარულება მწუხარე დუმილში ჩამკვდარა…

- რას ამბობ, ჩემო ძვირფასო, რა საშინელებას ამბობ, - შეწუხდა ქალი.

- ნიავი მას მიასვენებს, - ვაჟმა გაფითრებული ქალი გულში ჩაიკრა…

1912 წ.

სიზმრის ასული

დაეძებს ქარი.

ხან ტყეს ევედრება, ხან ჭალას ჩაჰკივლებს, ხან ვარდს ფოთლებს გადაუწევს - ეძახის, უხმობს…

განმარტოებით მდგარ ტოტებშემხმარ ბებერ წიფელს შესჩივის თავის უბედურებას… ისევ მიიჭრება ტყესთან, მტვერში მიხოხავს, ვარსკვლავებს აეტანება და კვნესით, ქვითინით გადაიფრენს მკვდარ მინდორს…

ტირის ქარი, ტირის… დიდი ხანია ტირის და თვალები გაშრობია, ცრემლი აღარა აქვს. მას აქეთ, რაც ჯოჯოხეთურ ხევში დაიბადა, დაეძებს მას, დაეძებს ყველგან, ყოველთვის… მთლად შემოიარა ხმელეთი, ზღვასაც ბევრჯერ გადასძახა და ისევ დაეძებს…

იგი არსადა ჩანს.

- სადა ხარ, სად? - ჰგოდებს ხოლმე სევდიანი ქარი მშფოთვარ ტყეში, შეიჭრება შიგ, დაეძებს… კვნესით გამოქვაბულისაკენ, იქაც შეიხედავს, დაუსტვენს, მაგრამ ვერ პოულობს…

მხოლოდ ერთხელ ნახა… ზამთრის ცივ ღამეში წუთით მიიძინა მთვარის შუქზე და სიზმარში იგი იხილა. ჰაეროვანი ზღაპარივით ლამაზი მოვიდა და შუბლზე ეამბორა… და იქვე გაქრა…

მთვარეს პაწაწინა ღრუბელმა გადაუარა და სიზმრის ასული მიიმალა.

ქარი უფრო მხნედ, მოუსვენრად დაეძებს მას, კვლავ სურს მისი ამბორი…

დაეძებს ბალახებში, დაეძებს მზის სხივებში, ტალღათ მწყობრ გალობაში…

უსტვენს, ევედრება და სასოწარკვეთილი კვლავ დასტირის ყრუდ გაშლილ მინდორს…

1912 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий