суббота, 7 декабря 2013 г.

ო ბ ო ლ ი

       ჭაბუკს შავ სოფელში ერთი ვარსკვლავიღა უნათებდა. მშვენიერი ქეთო იყო ის მანათობელი. მისი ერთი თვალის გადავლება ყრმას გლოვის საბურავსა გლეჯდა და სიამით ათრობდა.

ბედმა გაუღიმა საბრალოს და შემთხვევა მისცა თავისი გრძნობა საქმით გაეცხოველებია.

ერთხელ ქეთო მდინარის პირას დასეირნობდა და მის შფოთვას ყურს უგდებდა. იქვე ქვებსა სტეხავდა საბრალო ჭაბუკიც. ქეთოს ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა. უნდა დამხრჩვალიყო. შემკრთალი ჭაბუკი თავის ღვთაებას სიკვდილით მსუნთქავ ტალღებში გადაედევნა, ქალი ნაპირზე გამოიყვანა.

გავიდა ხანი და ქეთომ თავისი მხსნელი კვლავ დაინახა. აცრემლებული მივარდა ჭაბუკს და ფერადი სიტყვებით მადლობა გადაუხადა.

ყმაწვილი დარცხვენილი იდგა.

- ნურას მიმადლით, - ამოილუღლუღა ბოლოს მან, - მდინარეში ჩემს მაცხოვრებელ ძალას გამოვეკიდე. ღრიალა ტალღებში საღმერთებელ სახეს დავეძებდი, რომ სიამოვნების წყარო არ დახშობოდა. შენი სამადლობელი არაფერი ჩამიდენია…
10 იანვარი, 1912 წ.

ბ ე რ ი

ლოცვათა მობუტბუტე ხეები მიჰკვრიან მის მოღუშულ ბინას, ისინი სოფელს ეფარებიან, წმინდა ადგილს უმალავენ.

ბერი იქვე თოხნის, მიწას ვალს ახდევინებს. თვალები უნებურად მაღლა შეუთამაშებენ.

- დიდი ხარ, უფალო! - სასოებით შეღაღადა ვერცხლის ღრუბლებით მოფენილ იდუმალ სივრცეს და მერე სიბრალულით გახედა ფოთლებს, იქით, დაბლა…

- საცოდავები! - წაილაპარაკა და თოხს დაეყრდნო.

დაბლა, შორს, მოჩანს სოფელი, პაწია, მოფუსფუსე სოფელი. რა სუსტი ყოფილა მათი ჟივილ- ხივილი: ბუხრის ბოლივით იქვე იბნევა, ქრება… რა დაბლა ქრება!

ბერს გაახსენდა სოფელი, გუშინაც ხომ იქ იყო.

ორღობეში რომ მიდიოდა, ჩხუბის ხმა შემოესმა.

- ერთი გოდორი ტყემალი კიდევ მერგება, ადამიანო! - ყვიროდა ერთი.

- რატო გერგება? შენ ჩემზე მეტი გინდა, თუ? ეგ გოდორი ჩემი წილია, - უყვიროდა მეორე.

ბერი შეჩერდა და მალე ტყაპუნიც გაიგონა. ეს რომ გაახსენდა, გაიღიმა და პირჯვარი გადაისახა.

- დიდება შენდა, ღმერთო, რაა ადამიანი! - მოხუცმა ნაღვლიანად ჩაიქნია თავი და თოხნა განაგრძო.

ღრუბლები შორს, ნისლიან მთას ეხვევიან და იდუმალი უფსკრული ნელ-ნელა პირს იწმენდს, დიდი, ლამაზი გამოცანა დასჩერებია ბერს თავზე და ჯადოსავით იტყუებს.

ვეღარ მოითმინა მოხუცმა, თოხს ხელი გაუშვა და ჩრდილში ყალიონი გაიმზადა.

კიდევ დახედა მთის ქვეშ შეკუჭულ სუსტ სოფელს, მაღლა აიღო თავი და დიდხანს, დიდხანს უცქირა გაქვავებულ სივრცეს, მერე მდორე ტბას, რომელსაც არასოდეს გული არ გაუხსნია, არასოდეს თავისი ზღაპარი არ უთქვამს. მუნჯია იგი და მისი ღრმა დუმილი ბევრს ამბობს…

ბერი სასოებით ივსება. ამოდენა უფსკრულში თავი სულ პაწიად მოეჩვენა და … შეეშინდა…

- დიდი ხარ, უფალო! - წაილაპარაკა მოხუცმა და იდუმალების წინაშე კრძალვით ხელები აღაპყრო.

მხურვალეა მისი ლოცვა.

ფოთლებიც ჩურჩულებენ, ლოცვას უხილავს ადიდებენ.

1912 წ

Комментариев нет:

Отправить комментарий