საღამოს ნიავმა ნაძვნარს ჩამოურბინა, სასეირნოდ გამოსულ ხალხს მიუალერსა და ფერადი ლეჩაქები ოდნავ შეუთამაშა.
მისი წითელი ლეჩაქიც ლივლივებდა აკეცილ სხივებში და ჯადო- ლოცვას უგალობდა გაქვავებულ ჭაბუკს. ქალი მოტრიალდა, თვალები შეხვდნენ. ო, რა იგრძნო ჭაბუკმა ამ ბობოქარ, ზღვა თვალებში…
სამოთხის ალმა შეიპყრო ჭაბუკი.
წითელფრთიანი თეთრი პეპელა იმ საღამოს ყველგან ერჩეოდა, ჭაბუკი მარტო მას დაეძებდა, მას ხედავდა, მაგრამ თვალები მეტად აღარ შეხვდნენ.
აღარ უნახავს ჭაბუკს წითელფრთიანი პეპელა.
დრომ სიზმარივით გაიარა და ჭაბუკი დაბერდა.
მოხუცს ცოლიც ჰყავს, შვილებიც…
გარეთ თოვს, ბუქავს; სიცივეა, სიცივე.
თბილ ბუხარს მისხდომია მთელი ოჯახი.
თეთრწვერა მამაც აქ ზის, ძველ ქაღალდებს ათვალიერებს; თავის წარსულს კითხულობს. უბის წიგნები, წერილები…
ჩუ! რამ გააშეშა მოხუცი?! გაშტერებული მიჩერებია ცოლ-შვილს.
- ეს როგორაა? რატომაა ასე? - ხრინწიანი ხმით წამოიძახა და სული შეეხუთა, - რად, რად? - ალუღლუღდა პირქვე დამხობილი.
აწრიალდა ოჯახი…
უბის წიგნის გადაშლილ გვერდზე წაიკითხეს: „21 ივლისი. დღეს ჩემი მზე ამობრწყინდა - წითელი ფრთებით მორთული თეთრი პეპელაა იგი. მე ვნახე ჩემი ღმერთი, ჩემი სალოცავი, ჩემი მზე“.
- სადაა ის, სად? - ლუღლუღებდა მოხუცი.
1914 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий