- მე ყურადღებაც არ მომაქცია! - სწუხდნენ მისი თვალები.
ერთხელ კიდევ გახედა ხელჩაკიდებულ ქალ-ვაჟს, მწუხარე სახე დახარა და ხეივანს მძიმე ნაბიჯით გასცილდა.
- მე ყურადღება არ მომაქცია! - ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა.
ო, რა საშინელი თვალები აქვს… ო, რა მწუხარე თვალები აქვს…
უკან მოიხედა: ისევ მხიარულობდნენ… ბედნიერი ვაჟი გრძნობით სავსე შესცქერის ლამაზს…
მიმავალი არავის ახსოვს. მიმავალი ვერავინ შეამჩნია. ნაღველითაა სავსე მისი სახე. მძიმედ ამოიოხრა უბედურმა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ხეივნიდან.
მაგიდას მისჯდომია პაწია ოთახში. შუაღამე გადასულა; სანათური ძლივსღა პარპალებს. იგი ზის დაღვრემილი. უტყვი ფიქრები ფერხულს უვლიან.
არავის უყვარს საბრალო. არა ჰყავს მეგობარი. წრფელი ღიმილი მისთვის ჯერ არავის უღირსებია მწარეა მისი ფიქრი…
გული სიყვარულს ითხოვს. გულმა იპოვა მეფე, მაგრამ მეფემ წყრომით გადმოხედა, მეფემ სხვა ქვეშევრდომი ირჩია… და ფიქრობს საბრალო შავ ფიქრებს.
სანათური სულს ღაფავს, ჭაბუკი, რომელსაც თვალები ჩაღრმავებია, ზის და ფიქრობს…
მე და სოფელი უცნობნი ვართ… წაიბუტბუტა და აცრემლებული სახე იდაყვს დაანდო.
წირვა. მონასტრის წინ ქალ-ვაჟი თვალებით საუბრობენ. ნეტარების ღიმი თამაშობს მათ სახეზე.
შავ წვერა ბერი გამოვიდა მონასტრიდან და ზარს ჩამოჰკრა…
შეკრთა ქალი, ბერს შეხედა. შავი ქუდი ხურავს ბერს. სახე მისი სიძულვილს გამოხატავს და თვალები - შურს.
- მოდით, მოდით! - იძახის ზარი… მისი მწუხარე ხმა ხალხს ზეცად მოუწოდებს.
რეკავს ძაძებში გამოხვეული ბერი, რომელიც გლოვას დამსგავსებია.
- მეც მინდოდა სიცოცხლე!- ლაპარაკობენ მისი მწუხარე თვალები.
8 სექტემბერი
1913 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий