1
- რა ეშმაკმა მოკუპრა ასე ცა, ვეღარაფერს ვხედავ!
- რა კარგი საღამო იყო, მოწმენდილი…
- ღმერთი სწყალობთ იმ ძაღლებს, არ გაგვექცნენ და …
- ასეთ ბნელში ვაითუ, ჩახმახსაც ვეღარ მივაგნო, - წაუჩურჩულა მეოთხემ და თოფს ხელი შეავლო.
ოთხივე ერთად ჩაყუჟულან შარის პირას და ელიან.
დადუმდნენ.
- ოღონდ, ამხანაგებო, ერთმანეთს არ ვუტიოთ, საერთო საქმეზე ვართ მოსულნი და ერთადაც უნდა ვიქნეთ. ან ჩვენი გავიტანოთ, ან ყველა დავიხოცოთ,
- ეს ხომ შევფიცეთ ერთმანეთს.
- ჰოდა, ფიცი არ გავტეხოთ. მეგობრები ვართ და ერთმანეთს ჭირში ნუ მივატოვებთ.
ისევ სიჩუმე.
- თუთუნი აღარა გაქვს?
- არ მოსწიო, თუ კაცი ხარ, შუქზე შეგვამჩნევენ…
- ჩუ, ფეხის ხმაა…
ყურები სცქვიტეს.
ხმა მოახლოვდა, ცხენების თქარათქური აშკარად მოისმის.
თოფები მოიმარჯვეს.
2
- დაჰ-კა, დაჰ-კა, დაჰ-კა, დაჰ-კა, დაჰ-კა!- იძახის თოფი…- გრრ, გრრ! - ბანს აძლევს ჩაშავებული ცა.
ტყეში სიბნელეს დაუვანებია. არაფერი მოჩანს. თოფის ხმა დაძრწის, იმუქრება.
- დაჰ-კა, დაჰ-კა!..
ჩასაფრებულნი ტყვიის ჩადებას ვერ ასწრებენ.
- მოხვდა რომელიღაცას, კვნესა გავიგონე, - ამბობს ერთი და ისევ ტენის, ისევ ისვრის, - დაჰ-კა, დაჰ-კა!.. - ისმის ზედიზედ.
- ვაი, - დაიკვნესა ერთმა და ჩაკეცილს თოფი გაუვარდა.
ამხანაგები არ უსმენენ, იბრძვიან.
- ვაი, - კვნესის დაჭრილი.
- ტყვია გაქვს კიდევ?
- ძალიან ცოტა!
- აბა, უნდა გავიქცეთ!
- მე… მე… და … ვიჭერ არ წახ… ვიდეთ… - იხვეწება დაჭრილი. არავინ უსმენს, თოფის სროლით გართულან.
- ფიცი?...ფიცი? - კითხულობს მილეული. მაგრამ იგი ქუხილში იკარგება, ერთ ნაბიჯზე ქრება.
3
მარტო დარჩა, მიატოვეს ჯოჯოხეთურ ღამეში. ცა ღმუის, ცა ცეცხლს აფრქვევს, გადარეული ცა ტირის, ხმამაღლა ქვითინებს და ღვარად ჩამოსდის ცრემლი.
ტყეს თმა გაუშლია, ტყე კივის, გიჟია.
თავდაკარგული ქარი დაძრწის, ტყეს ლეწავს, გესლიანად სისინებს.
- მე მოვკვდები, ასეთ ღამეში არ გადავრჩები, ნახევრადგონებადაკარგული დაჭრილი. ბურანში გახვეულა, ფიქრები ერევა.
მთლად დასველებულა, სცივა...
სინამდვილეს ვეღარ სცნობს, სიზმარში გადადის.
იგივე ღამე, მაგრამ უფრო მრისხანე...
აშლილი ბუნება ალქაჯებთან ცეკვავს... ნიაღვარი მოსდებია ტყეს, მოაქვს ყველაფერი; ნიაღვარი იმასაც ეჭიდება, ნიაღვარს მისი წაყვანაც სურს.
ნუ, შენი ჭირიმე, ნიაღვარო, ნუ წამიყვან, - თვალცრემლიანი ევედრება იგი ურჩ ნიაღვარს, - მე იქ არ მინდა, იქ არაფერი არ მოჩანს.
- აქაც ღამეა, წამო...
- აქ, აქ ხელის ფათურით მაინც ვგრძნობ... აქ ელვა ანათებს, იქ კი... მეშინია... ნუ წამიყვან...
ნიაღვარი მაინც არ ცხრება, თავისკენ ეწევა.
- ისინი?.. ამხანაგები?.. ისინიც წამოვიდნენ?..
- ჯერ არა! იმათ თავს უშველეს... შენ გეგონა, გაგიტანდნენ? სულელი!.. - დასცინის ნიაღვარი, - ისინი ახლა თბილ საწოლში წვანან, შენს ცოლს ეალერსებიან... წამო, წამო!.. შენი ადგილი სოფლად აღარაა
- სტყუი,- მრისხანედ ამართა ბეჭი საბრალომ, მაგრამ ძირსვე დაუშვა და ატირდა.- ნიაღვარო, რატომ მტანჯავ, მე ცოლი მიყვარს, მასთან დარჩენა მინდა... მე მზის ნახვა მწყურია... მზე აღარ ვნახო?!
- არ შეიძლება!
- აბა, ისინიც წამოიყვანე, ისინიც... მარტო მეშინია, ისინიც...
- სულელი! - ჩაიცინა ნიაღვარმა და თვალცრემლიანი ადამიანი გაიტაცა...
დაწყნარებულმა ცამ სახე გადაიწმინდა და მძინარ დედოფალს გადმოღიმა, თვალი გადაავლო.
შარის პირს დამხობილი ადამიანია... მიწას ჩაბღაუჭებია, კოცნის, მოცილების ეშინია...
1913 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий