გულის ფანცქალით დარეკა მან ზარი მოწყენილ კართან და გაჩერდა. „ვაი თუ, არც ამას აქვს“, - გაუელვა ფიქრმა.
- ვინ გნებავს? - ბრუციანმა ქალმა კარებში თავი გამოჰყო.
- სტუდენტი შინაა?
- ააა!.. შებრძანდით, - ქალმა დამცინავი ღიმილით კარზე მიუთითა.
სტუდენტმა კარები შეაღო. იგი ჯერ გაკვირდა, მერე სიცილიაუტყდა. ცარიელ ოთახში ერთად დაგროვილ ლოგინსა და წიგნებზე ძველ პალტოში შეფუთნული ამხანაგი, ვანო იჯდა. მან მშვიდი, ფიქრიანი თვალები მიაპყრო მოსულს.
- ეგ რა დაგმართნია, ბიჭო?
- ის, რაც სხვადასხვა სახით ყველას ემართება ხოლმე, - ფილოსოფიური სიმშვიდით უპასუხა ვანომ.
- ერთი შენს თავს შეხედე, რასა გევხარ, თითქოს კრუხი კვერცხებს დასჯდომიაო, - სიცილით უთხრა მოსულმა და პალტოზე ხელი წაავლო.
- ნუ მიშლი, მე ვფიქრობ, - ნაძალადევი სიდინჯით უპასუხა ვანომ, მაგრამ ვეღარ მოითმინა და ზე წამოიჭრა.
- კი ნუ იცინი, - ათრთოლებული ხმით ამბობდა იგი, - წარმოიდგინე რა მდგომარეობაში ვარ, ერთი კაპიკიც აღარა მაქვს. თვე გამივიდა და ოთახიდან მაგდებენ... უფულოდ ოთახს სად ვიშოვი? დიასახლისმა ყველაფერი წამართვა. გუშინ და გუშინწინ სულ ჩამოვირბინე ამხანაგები, არავის ფული არა აქვს. აღარც დასაგირავებელი მაქვს რამე. ეს პალტო წავიღე და არ მიიღეს. იმედი დავკარგე... წუხელ მოვედი და იატაკზე დავიძინე. დილით დიასახლისმა შემოიჭვრიტა და მკითხა - როდის გაბრძანდებითო; როცა ოთახიდან მეც გამიტანთ-მეთქი, ვუპასუხე. მეტი აღარ შემიძლია, სულ გამომეცალა ენერგია. აღარც სიცოცხლის ინსტიქტი შემრჩა და აღარცა ოთახი მინდა... ახლა რომ მიმიყვანო უფსკრულთან და მითხრა, გადავარდიო, გადავვარდები...
- ფულს როდის მოელი?
- ვინ გამომიგზავნის?! სახლიდან კაპიკსაც არ ვღებულობ. აქამდე გაკვეთილებით ვცხოვრობდი. ახლა ისიც დავკარგე და აჰა, სადამდე მივედი!..
გუშინ შუადღის აქეთ პირში ლუკმა არ ჩამიდვია...
- მერე აქ რას უზიხარ, კაცო?
- ვფიქრობდი.
- რასა?
- ვფიქრობდი, სიცოცხლე ღირს თუ არა.
- და, მერე რა გადაწყვიტე? - სიცილით დაეკითხა მოსული.
- არ ღირს, - უპასუხა ჩაფიქრებულმა ვანომ.
- ეგ რა სულელური აზრები მოგსვლია ბიჭო, თავში. ორი დღეა მეც უფულოდ ვზივარ, მაგრამ ცხვირი არ ჩამომიშვია. თავიდან გამორეკე ეგ ფილოსოფია. ქუდი დაიხურე და წამო, ვიშოვით რასმე.
გზაში მისაუბრობენ მეგობრები:
- გახედე, ეგერ რა ლამაზი გოგო მიდის და იმის შემხედვარე კაცი ამბობს, სიცოცხლე არ ღირსო?
- ნეტა შენ, რომ გოგოების სილამაზეზე ფიქრი შეგიძლია. მე კი იმ მშვენიერ გოგოს რომ ვხედავ, ჩემი მშიერი კუჭი მაგონდება...
- და ცალი თვალი მაინც გააყოლე, ხომ?
- სილამაზისთვის კი არა, სიმსუქნისთვის, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.
- აბა, რად ღირს ჩემი ცხოვრება! თუ სილამაზეზე და მაღალ იდეალებზე ვიფიქრე, კუჭი გამიხმება... წარმოვიდგინოთ, სწავლას თავი დავანებე და თავის რჩენაზე ზრუნვას შევუდექი. მაშინ ხომ ნელ-ნელა ყოველდღიურობის ტყლაპოში ჩავიძირები. აბა, რა სახარბიელოა ასეთი ცხოვრება? გამოსავალი არსაითაა...
- გამოსავალის მეტი რაა, გაკვეთილებს გიშოვით და ხელახლა შეგიყვარდება სიცოცხლეც და ლამაზი გოგოც...
ბაღში შევიდნენ.
- მე ღარ შემიძლია. შენ ეძებე, თუ გინდა. მე ენერგია აღარა მაქვს. ჩემთვის სულ ერთია, დღეს მოვკვდები შიმშილით თუ ხვალ, მე აქ დავჯდები... შენ წადი და ეძიე, - და ამ სიტყვებით დაეშვა იქვე მდგომ სკამზე.
- ღმერთო ჩემო... ნუ სულელობ, კაცო?.. ადე, წამო ჩაის დაგალევინებ და მერე სხვა ჰანგზე დამიწყებ სიმღერას, - და ძალად წამოაყენა ნებადაკარგული ამხანაგი.
რამდენიმე დღის შემდეგ სუფთა ლოგინში გამოიღვიძა ვანომ და სიამით გაიღიმა. ოთახიც მაქვს, მოწაფეებიც მყავს. არც ჩაი მაკლია და არც სადილი... - ნელა გაიზმორა, - გოგოების სილამაზესაც ვგრძნობ და გაზაფხულის მათრობელ სუნსაც... უი, რა კარგია სიცოცხლე - შესძახა და ცოცხლად წამოხტა ლოგინიდან.
1914 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий