суббота, 7 декабря 2013 г.

პატარა მეზღვაურები


ისინი ხშირად ფიქრობდნენ ზღვაზე. ლამაზი და მომხიბლავი იყო გიჟი ზღვა ოცნებაში.
- როდის შეცურდებიან ფირუზის ტალღებში ჩვენი პატარა ნავები? - ეტყოდა ხოლმე ერთი მეორეს, როდესაც ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ და ათასფრად მოლივლივე ზღვაში საბანაოდ ჩამავალ მზეს გასცქეროდნენ. ზღვის თეთრი ნისლი მსუბუქ ოცნებად ეხვეოდათ მაშინ მათ.

თამაში აღარ შეჰფერით.
გულისფანცქალით ეამბორნენ პატარა ნავებს და მხიბლავი იდუმალებით მოჩურჩულე ზღვაში ჩაუშვეს.
ერთად მისრიალებს ორი ნავი.
-         აი, იქ, გახედე, იქ კუნძულია, იქ გავცუროთ.
-         გავცუროთ!
და თვალები შორს, ზღვის გულიდან შავად ამოზნექილ წერტილს მიაპყრეს. იმედიანად უსვამენ ნიჩბებს.
ზღვა ტორტმანებს, ზღვა ნავებს აქანავებს. ზღვა ლამაზია...
პატარა გულები სიხარულით თამაშობენ.
-         ზღვა ახლა ჩვენს ხელთაა, ყველა კუნძული ვნახოთ!
-         სადაც კარგი ადგილებია, ყველგან მივცურდეთ!
-         მშვენიერია ზღვა!..
-         ლამაზია ზღვა!..

ნაპირს დაშორდნენ.
ზღვა თამაშობს, ზღვა სუნთქავს.
სულგანაბულები მიარღვევენ მოცეკვავე ტალღებს.

სიომ დაუბერა. ზღვა შეიშმუშნა. მიძინებულმა ტალღებმა გაიღვიძეს. დედის მკერდზე მიდებული თავი აიღეს.
შავი წერტილი შორსაა, იქითკენ მიისწრაფიან პატარა მეზღვაურები.
ზღვა გაგულისდა, ზღვა ბუზღუნებს.
ერთს ნიჩაბი გაუვარდა. ნავები ერთმანეთს სცილდებიან.
გული შეკრთა, გულში რაღაც უცხო რამ შეიპარა.
- ეჰეი!..
- ეჰეი!.. - ეხმაურებიან ერთმანეთს.
ტალღები გიჟდებიან. ნავები დაშორიშორდნენ, პატარა მეზღვაურები ერთმანეთს ვეღარ ხედავენ.
- ეჰეი!..
- ეჰეეი!.. ისმის მათი სუსტი ძახილი.

- ეჰეეი!.. - შესძახებს კიდევ. პასუხი არაა. ზღვა ქშინავს, ქარი ტალღებს ებრძვის.
- ეჰეეი!.. - შემკრთალი ხმით იმეორებს პატარა მეზღვაური, მაგრამ ამხანაგი აღარ ეხმაურება.
ტალღამ რომ მაღლა ააცურა, გადაიხედა და ამხანაგის გადაბრუნებული ნავი დაინახა...
იჭვმა გული მოიცვა. ქარისაგან თმააწეწილ პატარა მეზღვაურს ხელები გაუშეშდა. ზღვას თავი დავიწყებია. ზღვა გიჟობს. ზღვა ქაქანებს. ზღვა ნავს ათამაშებს... კუნძული შორსაა...
შიშმა აიტანა ობოლი მეზღვაური. აკანკალებულ ხელში უჭირავს ნიჩაბი.
- მეც რომ ვეღარ გავცურო კუნძულზე? - გაუელვა და გადაბრუნებულ ნავს გახედა...
 1914 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий