მზე მის კულულებში ოქროს გვირგვინს წნავდა.
ლაპლაპა ტბა მის სახეს გულში იკრავდა.
სალამურის სევდიანი მოთქმა შორიდან საკოცნელად ეპარებოდა - მისი გამხიარულება სურდათ...
ის დუმდა...
ჩუ,პირზე ღიმილი შეუთამაშდა...
მზემ მხიარულად ჩაიკისკისა, ტბა სიამით გაჟრჟოლდა,მისი სახე შეათამაშა და... ბუნების ზეიმი შეწყდა...
მოელანდათ!...
ღიმილი თურმე,სიმწრის იყო: იგი ქვითინებდა...
1911წ.
ჯადო-ჩონგური
ის სულ სხვაგვარი ჩონგურია, სტეფანე მას ჯადო ჩონგურს ეძახის... საწყალი საწყალი სტეფანე!...მთელი დღე მის დამჭკნარ სახეს ოფლი ბანს...გული დღიურობაში ეხუთება... ღამის ბინდს მოსვლასა თხოვს. პირველი ვარსკვლავი რომ ჩამოსციცინებს დაღლილ ქვეყანას, მაშინ ეამბორება სტეფანე მის მეგობარ ჯადო-ჩონგურს. გრძნობიან სიმებს გამოელაპარაკება... შესჩივის თავის უბედურებას, სიდუხჭირეს...
და ჯადო-ჩონგური ნუგეშს სცემს, მასთან ერთად ტირის, მოთქვამს. სტეფანეს ქვითინს ჩონგურის ნაღვლიანი ჟღერა გულში იკრავს, ანუგეშებს. უხილავ ქალწულად გადაქცეული იგი სტეფანეს სულში ექსოვება... იქ, გულზე, კოცნის.
- ნუ გეშინია, მარტო არა ხარ! - ეჩურჩულება ჯადო-ჩონგური.
სინამდვილიდან მოტაცებულ სტეფანეს თითები უნებურად ეთამაშებიან ჯადო სიმებს...
ღამე მიჰქრის...
- სულო, ჩემო სულო! - ძლივს ჟღურტულებს ნეტარების ტბაში ჩაძირული სტეფანე...
- გამხნევდი, გამხნევდი,- უალერსებს ჯადო-ჩონგური...
და ფანჯრიდან მათ პაწია ვარსკვლავი ეშმაკურად თვალს უპაჭუნებს...
ამომავალი მზის სხივები აგვირგვინებს მათ ფაქიზ კავშირს...
...ისევ დღე, ისევ ოფლი!..
შრომობს სტეფანე, შრომობს და მოუთმენლად ელის ჯადო-ჩონგურის მანეტარებელ ბურუსს, მანუგეშებელ ზეციურ კოცნას...
10 ოქტომბერი,
1911 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий