суббота, 7 декабря 2013 г.

ე პ ი ლ ო გ ი

ბუხართან თბილა.

ბებია იკუნტება და თითისტარს ატრიალებს.

- თოვს ისევ.

- თოვს.

დაჩუმდნენ. დაღლილ ძვლებს ასვენებენ.

ბაბუა აკანკალებს ძველ წიგნს და გაყვიტლებულ ბწკარებს კითხულობს ისევ.

- რა ჩუმი ზამთარია.

- აღარავინ მოდის.

- აღარ არიან.

ბაბუამ წიგნი დახურა. შუბლი შეიკრა და ძველ სავარძელს მიესვენა. ფიქრები ირევიან თოვლივით.

ბებია თითისტარს ატრიალებს და იკუნტება თბილ ბუხართან.

ბაბუამ ჩათვლიმა.


NATURE MORTE

მიტოვებული ეკლესია, ცაცხვები დაბერებული...

ქარში და წვიმაში აიშლებიან ლანდები.

ისმის გარდაცვლილი მღვდლების აკანკალებული ხმები, ზარის ძახილი.

ბებერი ხე გრძნობს ნოტიოს და ფესვებით დაუწყებს ძებნას ზედაშის წვენს.

მოვა ზამთარი მოკლე დღეებით.

თოვლით დაიფარება ჭალები

მზე არ გაჩერდება დანგრეული კედლების გასათბობად.

დაყუჩებული ბებერი ცაცხვი დამსკდარ კანს გაუფიცხებს მნათობს და მოწყენით გადააჩერდება დაბლა, თოვლში გაკვალულ გზებს და ბოლიან ბუხრებს…

Комментариев нет:

Отправить комментарий