ვალერიან გაფრინდაშვილს
კრძალვით და სიცივით მოკუნტულმა შეაღო ყავახანის კარები. კალთამოხეულ სმოკინგს თოვლი ადნებოდა.
ჩირაღდნებიან სუფრებზე ქეიფობდნენ სტუმრები.
დამჭკნარი სახე გაუსწორდა, მოწყენილი თვალებით დოქებს გაუღიმა. ათქმევინეს ლექსები სიყვარულზე, სიცილზე. ვინმე ზარხოშმა ღვინის ნაჟური მიაწოდა, ეზიარა ქეიფს.
სუფრიდან სუფრასთან გადადიოდა.
შეკრთა, სმოკინგის მოხეული კალთა ხელით დაიფარა, მოიკუნტა. ამღვრეულმა თვალებმა მოიწყინა და კანკალით გამოვიდა გარეთ. სიცილი და სითბო დარჩა ყავახანაში.
გათენებამდე დაბორგავდა თოვლიან ქუჩებში. ბრილიანტებად ბრწყინავდა გაყინული ფიფქი. სმოკინგზე, თმაზე ათოვდა მეოცნებეს.
აშენებდა სასახლეებს, ქალაქებს.
ფარნის ქვეშ ატირდა თეთრ დედოფალზე…
პ ე ი ზ ა ჟ ი
კოლაუ ნადირაძეს
ქვაზე ჩამოსხდნენ.
ვაჟის ყელსახვევი გაცრეცილია.
- მზე ჩადის.
- ხვალ ქარი იქნება: ცა წითელია.
- გახუნებული აბრეშუმის ფერია.
მზე დაღლილი თვალებით ისვენებს ქალაქის ღარიბ სახურავებზე.
- ჩვენს ბაღში ვარდები აღარაა.
- ზაფხული გათავდა.
- დაიწყება წვიმები და ტალახი.
- დაზამთრდება, კერიასთან ზღაპრებს მოყვებიან.
- ბავშვებს დაესიზმრებათ მეფეები.
- და დედოფლები.
მწუხრისას რეკენ. ქალმა დაამთქნარა.
- ღამდება.
- რა ნელა ღამდება.
არღნის უიმედო ხმა მოიტანა ქარმა.
- სცივათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий