пятница, 6 декабря 2013 г.

ა მ ო ი ხ ვ ნ ე შ ე ს


სიპ ქვაზე სხედან, ბებერი მუხის ქვეშ. წინ მდინარე მიშხუის, ცელქი ტალღები რითმებს აწყობენ.

ქალმა ანთებულ თვალებში ჩახედა, იღიმება…

- რა ლამაზი ხარ! - აღმოხდა ვაჟს.

- თქვენზე უფრო? - დაეკითხა კეკლუცი.

- თქვენ ღვთაება ხართ!..

თვალებიღა ლაპარაკობენ…

- ეჰე, სად დაიკარგეთ! - მოისმა ამხანაგების კიჟინა.

ქალ-ვაჟი შეკრთა და ზე წამოიჭრა.

ქალი მარტო რომ დარჩა, ფანჯარას მიუჯდა და ვარდისფერი ჩალათა გახია. გულისცემით გადაიკითხა:

„სიცოცხლე შემაყვარეთ, თქვენი ცქერა სამოთხეს მაგრძნობინებს და უთქვენობა ჯოჯოხეთია.

კადნიერებისათვის ნუ შემრისხავთ!“

ქალმა ნობათს აკოცა და გულში ჩაიკრა.

კიდევ შეხვდნენ ბაღში.

ვაჟმა მოსეირნეებში ნაცნობი თვალები დაინახა და გული აუთამაშდა. მალე გვერდით მიჰყვებოდა.

- რა ბედნიერი ვარ, რომ გიხილეთ…

ქალი უღიმის.

ვაჟმა თავი დახარა.

- ბარათი წაიკითხეთ?

- აი, ჩემი პასუხი, - და ქალმა გულზე ვარდი დაუბნია.

ო, როგორ დაუკოცნიდა თითებს, ცრემლით დაბანდა, მაგრამ ხალხში… ღამდება. ფანჯარასთან სხედან.

- სიცოცხლის ფასი ვიცანი, - ტკბილად ეუბნება ვაჟი.

ქალი თვალებში შესცქერის.

- ბევრი სიტკბო ყოფილა სიცოცხლეში და სადაც ნეტარებაა, იქ მიზანზე ფიქრი სისულელეა… მე აღარა მძულს მიწა, სიცოცხლე და ამის მიზეზი შენა ხარ… - ხელი მოხვია და ნდობით სავსე ტუჩებში აკოცა.

* * *

თავი დამანებე, დედაკაცო, თავი დამანებე! - გიჟივით შეუვარდა ქმარი ოთახში ქალს.

- რა გაღრიალებს!.. მტყუანი ხარ-მეთქი, მტყუანი, - კაპასობს ცოლი.

- ო, ღმერთო, ჯოჯოხეთში ჩამაგდე!

ის დღე დაიმხო, მე რომ შენ გამოგყევი… - აცრემლებული ქალი ფანჯარას მიუჯდა.

კაცმა ორ-სამჯერ გაზომა ოთახი და მერე ფანჯარასთან გაჩერდა.

ჩამავალი მზე ათასფრად ღებავს ცის კიდეს.

ღამდება. სიო დაიძრა.

ქმარი ნელა მობრუნდა. ქალმა თავი აიღო. თვალები შეხვდნენ.

- მაპატიე, - წაილუღლუღა კაცმა და თვალები დახარა.

- მაპატიე, - დარცხვენით თქვა ქალმა.

ორივეს გაახსენდა ნეტარი საღამო ფანჯარასთან და მძიმედ ამოიხვნეშეს…



1913 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий