пятница, 6 декабря 2013 г.

მ ი უ ლ ო ც ე ს ?!


ნაცრისფერი რიჟრაჟი შეპარულა პატარა მიწურში. ცალხელა მათხოვარი გამომძვრალა ძონძებიდან და პირღია წუღას იცვამს; მუნჯი ჭაბუკი ძველ მაზარაში იზმორება; ბრმა დედაკაცი ბავშვს ძუძუს აწოვებს… მოხუცი მათხოვარი კუთხეში მიყუჟულა და ძილში იღიმება, სიზმარშია…

ხედავს - შუა ღამეა. თავად თბილ ოთახში ზის და ნიგოზს არჩევს. პატარა ქეთოც ეხმარება და უფრო კი საჭმელად პარავს. ორიოდე ნიგოზს რომ იხელთებს, ჩამოხტება ტახტიდან და დედას მიელაქუცება; მისი ცოლი, კეთილი თეკლე, თაფლს ადუღებს…

ხუმრობენ, იცინიან…

- დაბლიდან მოგვილოცავენ? - კითხულობს თეკლე და მღიმარი შეჩერებია ქმარს… ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია თეკლე ასე მღიმარი!..

- თუ მოგვილოცავენ, პური ბევრი გვაქვს და ღვინო… ეს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები აბა, ვისთვის დავაცხე?!..

- ეს ხაჭაპურები სტუმრებისაა? - გაოცებით კითხულობს ცუგრუმელა ქეთო.

- ჰო!

- კანფეტები?

- კანფეტებიც.

- სულ?

- სულ!

- არ მივცემ, არ მივცემ! - შესძახა პაწიამ და კისკისით გაექანა სუფრისაკენ: აქ ეწყო ცხელი ხაჭაპურები, ფორთოხლები, ვაშლები, კანფეტები…

- მეფეხური დაიბარე? - კიდევ იკითხა თეკლემ.

- კი!

- ღმერთო, კარგი ფეხისა ქენი! - და თეკლემ სასოებით გამოისახა პირჯვარი…

ყველაფერი დაამზადეს, დაასუფთავეს; მოამზადეს ჯამით ღომი მეკვლესთვის და დაწვენ…

ხედავს - თენდება; იგი ძილ-მღვიძარე წევს სუფთა ლოგინში. ფეხაკრეფით უახლოვდება თეკლე და ტკბილი ხმით ეუბნება:

- გათენდა, გენაცვალე, მომილოცავს… - და საკოცნელად იხრება… უეცრად…

- ბერ კაცს კიდევა სძინავს! - შეამჩნია ცალხელამ კუთხეში მიყუჟული მოხუცი.

- შეხე, შეხე პირი როგორ უღიმის: ალბათ, კარგ სიზმრებსა ხედავს…

- ეეე! - მიაშვირა ხელი მუნჯმაც და გაიცინა…

„კარგ სიზმარს კარგი ბოლოც უნდა!“ - გადასწყვიტა ცალხელამ და წამოხტა; წაავლო თუჩმოტეხილ დოქს ხელი და მოხუცს თავზე წყალი დაუშვა…

… შეწყდა სიზმარი და რაღაც საშინელით შეიცვალა. საბრალო მოხუცმა თვალები დააჭყიტა და თავრეტიანი წამოჯდა…

გულზე რაღაც მოსწყდა, ტკბილი, მონათესავე, რომელიც ისე ძვირფასი იყო მისთვის, ვით დედა ობლისათვის…

მათხოვრები ხარხარებდნენ… ძუძუს ბავშვიც კი ბოროტად ხითხითებდა, - ასე ეჩვენა მოხუცს…

- რათა, რათა? - უნებურად წამოიძახა მოხუცმა და აზლუქუნებული დაემხო მაზარაზე…



1913 წ.

Ý

Комментариев нет:

Отправить комментарий