суббота, 7 декабря 2013 г.

რაინდთა ლანდები


   ორი ზურმუხტოვანი მთის შუამდინარის პირას ხავსიანი ნანგრევები არის, იგი მოჩვენებათა სასახლეა.

როცა შეღამდება და მთები დაიძინებენ, მაშინ შეთრთოლდება ნანგრევი, ნელი - ნელ აიმართება მარმარილოს თაღები, გადამხმარი ბუჩქნარი იავარდით აყვავდება, აწანწკარდებიან ოქროთი მოჭედილი შადრევნები, სიყვარულის ზღაპარზე ალაპარაკდება ვერცხლის წყარო, დღისით რომ ათასწლოვან ცაცხვის ძირში იმალება, ჩუქურთმიან ფანჯრებში შუქი ათამაშდება, აბრეშუმის ხალიჩებივით მორთული დარბაზი ვარდისფერ მარმარილოსი, ფარჩითა და ხავერდივით მოსილი თავდადებით აივსება, ყველა გულისძგერით ელოდება დედოფალს.

გაიღება კარები და გამობრძანდება დედოფალი. მისი მშვენება კედელსაც ახალისებს. აკოკრილ მკერდზე მღელვარ შავ დალალში მარგალიტები ინაზებიან.

ქალწულები იასი და იასამანს უფენენ დედოფალს, სიყვარულითა და სასოებით შესცქერიან თავადები.

მეფურად ავა ლალითა და ბრილიანტით მოჭედილ ტახტზე, თვალს გადაავლებს ძვირფასი ფერებით მოელვარე დარბაზს და იტყვის:

- თავადებო, ბარის მეფე ჩემთვის გიჟდება. ბარის მეფე ჩემს მოტაცებას აპირებს!

და აღელდება კრებული, აჩხარუნდება ლეკურები.

- არასოდეს!.. უწინამც მიწა დაგვეყრება! - შეჰფიცებენ ლომივით თავადები თავიანთ დედოფალს.

შემოპარულ რიჟრაჟში დნებიან გულამაყი აჩრდილები, ჩუქურთმებიან ფანჯრებში სინათლე ქრება და მარმარილოს თაღები ხავსით იმოსება.

Комментариев нет:

Отправить комментарий