суббота, 7 декабря 2013 г.

მთვარეული


    ქალაქის ბაღის ჭლექიანი ხეები ინაზებიან მთვარის ნათელში. ხან ავადმყოფური თამაშით შუქს ტოტით დაუფარავენ გიჟს, ნარვალში რომ კოლოფებს აგროვებს. ნახავს კოლოფს, გადაშლის და მთვარეს შეუშვერს. სავსეა სალარო სიზმართა დედოფლის და უხვად აბნევს ოქროს შუქს მტვრიან კოლოფში.

გიჟი იცინის ხალისით. ავსებულ კოლოფებს ხურავს, ფერად ქაღალდებში ხვევს და უბეში ინახავს.

ბევრი კოლოფია ბაღის ნარვალში. ყველა აკრიფა გიჟმა, ყველა გაავსო მთვარემ, პირდამჭკნარ დედოფალს რომ ჰგავს ცისფერ ფარჩაში. უხვად აბნევს ოქროს შუქს მტვრიან კოლოფში.

გიჟი იცინის ხალისით. ავსებულ კოლოფებს ხურავს, ფერად ქაღალდებში ხვევს და უბეში ინახავს. ბევრი კოლოფია ბაღის ნარვალში, ყველა აკრიფა გიჟმა, ყველა გაავსო მთვარემ, პირდამჭკნარ დედოფალს რომ ჰგავს ცისფერ ფარჩაში. უხვად აბნევს ოქროს შუქს ჭლექიან ხეებს და ბაღის ბილიკებს. ტაძრის გუმბათიც მოოქრულია, სიკვდილის წინ თავის სიმდიდრეს ანიავებს მთვარე.

ჩქარობს გიჟი, კოლოფებს ავსებს, ფერად ქაღალდებში ხვევს.

შუა ქუჩაში ლანდივით მიიპარება და უბით მთვარის სიმდიდრე მიაქვს.

დამწვარ დუქანში ღამეს თვალი დაუხუჭავს.

იმ ნაცარში ჩაჯდა გიჟი, ამოალაგა კოლოფები. კრძალვით გახსნა პირველი - ცარიელია. მეორე გახსნა - იმაშიც მარტო ღამეა.

აკანკალებული ხელით შეეხო მესამეს - მთვარის ნაჩუქარი აღარც იქაა…

ეტკინა გიჟს, ატირდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий