пятница, 6 декабря 2013 г.

სადაა, სად?!.

მე მარტო ვარ...

ცელქი ვარსკვლავები ჩამომჩურჩულებენ საუკუნო ზღაპარს...

შენც, შენც აქა ხარ და მე მაინც მარტო ვარ...

არა, შენ ბედნიერი ხარ.

შენ შენს სატრფოს იცნობ მაინც, ხედავ, ესაუბრები...

შენ თანაგრძნობას მთხოვ!

მე? მე ვის ვთხოვო თანაგრძნობა? სად ვიპოვო ჩემი გულის ნახევარი?

ოჰ, შხამიანო სოფელო!

ტირილიც კი აღარ შემიძლია...

სად, სად მივაწვდინო ჩემი ცრემლი იმას, დაკარგულს, უხილავს?..

შენ ბედნიერი ხარ, საწყალო, ბედნიერი.

შენ ხილვა მაინც შეგიძლია ჩემი და მე კი არ ვიცი, ვის დავბანო ღაწვები ტკბილი ცრემლით...

10 ენკენისთვე, 1911 წელი


ლ ო თ ი

- ოდელია, დელია, ოდელია დელია, - ნაღვლიანად მიღიღინებდა იგი ბნელში და „ოდელია დელია“-ს დასაჭერად ხან მარცხნივ გადაიხრებოდა და ხან მარჯვნივ.

„ოდელია დელია“ არ ცილდებოდა მას, სულ თან მისდევდა, ხან წინიდან მიუხტებოდა, ხან გვერდიდან, ხანდახან ცხვირზედაც შეახტებოდა.

ლოთი ნაღვლიანი ღიღინით ეშმაკურად გაჰყურებდა გვერდზე „ოდელია დელიას“ და მის დასაჭერად ხან მარჯვნივ გადაიხრებოდა შეპარვით, ხან მარცხნივ, ხან წინ, იმის მიხედვით, თუ საიდან შემოუთამაშებდა „ოდელია დელია“.

აი, აგრე მიხტის წითლად ბნელში, აგერ გვერდზე გადაუხვია, კიდევ გვერდზე, ისევ წინ და ლოთიც ღლაბუცით მიჰყვება უკან...

„ოდელია დელია“... მიღიღინებს ის და უეცრად გაჩუმდა: „ოდელია დელია“ მიიკარგა, გაქრა. გაკვირვებული ლოთი გაჩერდა და თვალით დაეძებს „ოდელია დელიას“, ხელებსაც აფათურებს ჰაერში, მაგრამ წითელი „ოდელია დელია“ აღარსად ჩანს, თითქოს ამ უმთვარო ღამეს ამოფარებიაო.

- ეი! - შესძახა ლოთმა და ყური დაუგდო. მისი ხმა ბნელმა გადაყლაპა... და ისევ მკვდარი ღამე!.. არსაით სიცოცხლის ნიშანი... ჰაერიც კი გარინდებულა, გაშავებულა...

- ეი! - შესძახა უფრო ხმამაღლა. ეს ხმაც მიკვდა, სადღაც გაქრა და კვლავ კუკუნახის დუმილი ჩამოწვა.

- ეი! - შესძახა მთრთოლვარე ლოთმა და გულაჩუყებულმა თავისი ხმა თვითონაც ვეღარ გაიგონა, - ეი! - აკანკალებული ხმით შეჰყვირა ისევ და თვალებიდან ცრემლი წასკდა, მისი ხმა იქვე იკარგებოდა, იქვე, მის ტუჩებთან. თითქოს ეს რაღაც შავი სიკვდილი იყო.

- ეეეიი! - ცრემლის ფრქვევით გააბა და ზლუქუნით ჩაიკეცა. უეცრად გაჩუმდა, ყური დაუგდო და იგივ კუკუნახი, შავი, მდუმარე კუკუნახი შეიცნო...

არა, აღარც კუკუნახია, აღარაფერი აღარაა... მიწაც ეცლება, მირბის. ყველა გარბის, იმალება და არარაობა ხარხარებს ჩუმად, ისე ჩუმად, რომ არც კი ისმის...

- ეი! - შეღრიალა ლოთმა და წამოიწია გასაქცევად, მაგრამ ვერ დაიძრა და ისევ აზლუქუნდა უფრო მწარედ, უიმედოდ...

მისი ნაღვლიანი ზლუქუნი იქვე, მის ტუჩებთან კვდებოდა.

1911 წ

Комментариев нет:

Отправить комментарий