пятница, 6 декабря 2013 г.

აბუზულა საბრალო

აბუზულა საბრალო

რამდენი სატირალი ჰქონია ცას, ჰაერი გაიჟღინთა მისი ცრემლებით.

- კაპ, კაპ! - იძახიან პაწია წვეთები და მიიწევენ მიწის გულისკენ. იქ, გავარვარებულ გულში უნდათ ცის დანაბარების ჩატანა.

- უყვარხარ, უყვარხარ, - ჩაჭყლოპინებენ ისინი ცივ მიწას და ჩარბიან დაბლა. ო, რა სიხარულით მიხტიან! მაგრამ გულქვაა ცის სატრფო და სევდით ნაშობი მოციქულები მაღლა, ზედაპირზე ლევენ სულს.

საბრალო ცა მაინც ტირის, გულამომჯდარი ტირის…

გზის პირას ობლად ამოსული გვიმრა აბუზულა და გაწუწული შურით შესცქერის ცას.

- შენ ცრემლს მაინც აწვდენ სატრფოს, - ბუტბუტებს იგი, - და მე სულ ვერა ვხედავ. მე გული ცარიელი დამრჩა. ხრიოკია ეს მიდამო და სატრფოს ვერსადა ვპოულობ. შენ ტირი, ცაო, და მე ტირილი ვერ მიშველის. ცრემლების ზღვა ვერ ამორეცხავს ჩემს გულში დაგუბებულ სევდას. რა უბედური ვარ!..

ცის ცრემლებით დასველებული გვიმრა უფრო აიბუზა. მოიკუზა, თითქოს სურდა, თავის სულში ჩამძვრალიყო, ჩამალულიყო.

- უბედური ვარ, უბედური, - ბუტბუტებს იგი.

ღამის შავი მოსასხამი ეფარება ზეცას.

- კაპ, კაპ! - უკაკუნებს მიწის გულს ცის ნაღვლიანი მოციქული, - კაპ!..

ბოლო არ უჩანს ცის ტირილს, მისი ცრემლების ზღვას.

- ვაი, მე საწყალს, მარტოსულს, - კვნესის ღამეში უბედური გვიმრა.

მოიკრუნჩხა გვიმრა, ჩაფიქრდა. წარსულის აჩრდილები აეხატნენ თვალწინ…

სულ პატარა იყო, ამქვეყნად რომ მოვიდა. ძლივს ამოჰყო თავი აფუებული მიწიდან. დღის სინათლემ თვალი მოსჭრა. იქით, ტყიდან, ჩიტის ჭიკჭიკი რომ გაიგონა, გახალისდა და გაიცინა.

- რა კარგია, რა კარგი, - ჩაიჩურჩულა, თუმცა, შეწუხებული თვალები მაინც მოიფშვნიტა.

ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა ყველაფერს. ზევითაც უნდოდა ახედვა, აიხედა კიდეც, მაგრამ დაბნეული თვალები ისევ დახარა, ვერაფერი გაარჩია.

- მეშინია, - წამოიძახა შემკრთალმა, მაგრამ მალე გული მოიცა და სიხარულით აივსო, ყველაფერი უკვირდა და ახარებდა, - რა კარგია, რა კარგია, - ჩურჩულებდა გახარებული.

წამოიზარდა, მიმოიხედა და ხრიოკი დაინახა. მოშორებით ორი ღერი ბალახი ამოსულიყო, მაგრამ გვიმრისკენ არც იცქირებოდნენ. არავინ აქცევდა მას ყურადღებას.

შეეკუმშა გული საბრალოს, მარტოობა იგრძნო.

- ჩხიკ! - მის გვერდით რაღაც დაეცა. გვიმრა შეკრთა, გაიხედა - ქვა დავარდნილიყო!

- რომ დამცემოდა, რა მომივიდოდა? - წაიჩურჩულა და ჩაფიქრდა.

- ჩხიკ! - დაიძახა მეორე ქვამ და საბრალო მცენარეს პაწია ტოტი ჩამოგლიჯა.

- ვაი, მიშველეთ, - აკვნესდა გვიმრა, მაგრამ ყველა დუმდა; დუმდა ეს ხრიოკი, დუმდა შუადღის პაპანაქებაში გაყუჩებული ჰაერიც…

უფრო შეეკუმშა გული საწყალს.

- არავინა მყავს ახლოს, არავინ მშველის, - წუწუნებდა და ტკივილებისაგან იკრუნჩხებოდა.

ობლობით გულმოკლული გვიმრა შავ ღამეებში მწარე ფიქრებს ეძლევა.

- ვინაა ჩემი მშობელი? - რა ხანია ეს კითხვა უტრიალებს თავში, აცეცებს თვალებს, დაეძებს პასუხს, მაგრამ რომ ვერავისა ხედავს, ვინ უპასუხებს?

ერთხელ გაბედა, ზევით აიხედა და თვალი ვერც ახლა გაუსწორა ცას, თვალთ დაუბნელდა.

დაიხარა საწყალი, მოიკაკვა და მდუღარე ცრემლი გადმოაფრქვია გამხმარ მიწას.

- ვინაა ჩემი მშობელი? - კითხულობს მაინც, თუმც იცის, რომ პასუხს მზის გაუკარებ სხივებში სძინავს.

ბევრი ნაღველი დაუგუბდა. სწადია მისი გადმონთხევა, გულიდან გულში განაწილება; აცეცებს თვალებს, მაგრამ მეგობარი არსადაა, ვერავის ხედავს.

- ხრიოკი, უდაბური ხრიოკი, - წამოსცდება ხოლმე გულდათუთქულს, უკმაყოფილოს.

მარტო ყრუ ხრიოკს ესმის მისი წყენა.

- კაპ, კაპ, კაპ! - უკაკუნებენ ცის მოციქულები მიწისგულის კარებს, - ცას უყვარხარ,- ჩასძახიან ისინი. მაგრად ჩაუკეტავს ცივ სატრფოს გულის კარები. იგი ეჭვით უსმენს ცრემლების მოციქულობას, უნდოა იგი… მაინც ტირის ცა…

- უბედური ხარ, ცაო, - ბუტბუტებს მოკრუნჩხული გვიმრა, - მე მაინც ბედნიერი უნდა დაგიძახო; შენ ცრემლებში ადნობ სევდას და მე იგი ჭვარტლივით შემომბურვია გულზე და მახრჩობს. ჩემს გულს ცრემლი არ ეკარება…

იბუზება საბრალო გვიმრა, თავის გულში ჩამალვა სურს…



1912 წ.

Ý

Комментариев нет:

Отправить комментарий