გახელებული მდინარე გიჟივით მორბის, ნაპირების დამსხვრევას ლამობს და გამოვა თუ არა ამ პიტალო შემორაგულიდან, ქუდმოხდილი ჩერდება, შედგება, თითქოს წმინდანს შეხვდაო.
აქ ზის ხოლმე ის კეთილი მოხუცი. წვრილ, ლამაზად გათლილ ჯოხზე ჩამობმული ანკესი ჩაუშვია ჟინ-ატეხილ წყალში და ელის, როდის დაჰკრავსო. რამდენჯერმე გავიარე ამ ნაპირზე და იგი მუდამ აქ მხვდება. სპეტაკი, მადლიანი სახე უღიმის და სასოებით დასჩერებია სალოცავად შემდგარ მდინარეს. აკვირდება და მერე იმედიანი შემომცინებს ხოლმე.
- რას ხდავ მაგ ტბორში, ბაბუ? - დავეკითხე ერთხელ.
მოხუცმა გაკვირვებით შემათვალიერა.
- რას უნდა ვხედავდე, თევზებს ვათვალიერებ.
- მერე, დაინახე?
- როგორ დავინახავდი, წყალი ხომ მღვრიეა?!
- აბა, რაღად აცქერდები?
- იქნება, უცაბედად მოვკრა თვალი, - აჩქარებით მომიგო მოხუცმა და ტბორს გადახედა უეცარი შემთხვევა რომ არ გამოპარვოდა.
ერთხელ, იქვე, ქვაზე ჩამოვჯექი და ცოტა ხანს მე და მოხუცი ორივე ვდუმდით.
- ბევრი თევზი დაგიჭერია ამ ადგილებში? - შევეკითხე ისევ.
- არც ერთი, - მშვიდად მომიგო და თვალებით მითხრა: არ შეგეშინდეს, იმედის დასაკარგი არაფერი მომხდარაო.
მე მაინც გამიკვირდა.
- როგორ თუ არც ერთი!.. არც ერთხელ არ დაგიჭერია?
- არასოდეს.
ვეღარ მოვითმინე და დავეკითხე:
- მერე სხვა საქმე არაფერი გაქვს, რომ აქ სულ ტყუილა უზიხარ?
ეოცა, მაგრამ მშვიდი სახე არ შეუშლია.
- აწი დავიჭერ!
- რო ვერ დაიჭირო?
- დავიჭერ, - მტკიცედ მითხრა და წყალს იმედიანად გადახედა.
მე უფროდაუფრო მაკვირვებდა ეს ადამიანი.
ამ დროს გაღმა ნაპირზე ყმაწვილებმა ცარიელი ბადე ამოკეცეს და უკმაყოფილო ბუზღუნით გაშორდნენ მდინარეს. ჩემმა მოხუცმა კეთილად ჩაიხითხითა:
- რას იცინი? - ცნობისმოყვარეობით დავეკითხე.
- აი, ბავშვები, დაინახე? - გაღმა მიმითითა.
- კი!
- ჰოდა, იმათ გამაცინეს.
- რითი?
- ერთბაშად უნდოდათ თევზის დაჭერა. ჰი, ჰი, ჰი! - იცინოდა კეთილი მოხუცი.
კიდევ გავჩუმდით.
გადმოხრილმა მზემ ჩრდილი გადაგვხადა და კბენა დაგვიწყო. შევწუხდი, მაგრამ უცნაურმა მოხუცმა ადგილზე მიმაჯაჭვა, ვერ დავიძარი.
- ამ ტბორებში თევზი არის? - ხელახლა შევუჩნდი გულგაუტეხელ მოხუცს.
- კი!
- საიდან იცი?
- ვიცი!
- მაინც?
- ისე… ვიცი, რომ არი.
- დაგინახავს როდისმე?
- არა, მაგრამ ისე შენძრეულა ხანდახან წყალი, რომ ნამდვილადაა, ძალიან დიდი კი უნდა იყოს.
მოხუცს სიამოვნება დაეტყო.
- იქნება, წყალი ტყუილა შეინძრა, სხვა რამემ შეარყია და თევზი სულ არ იყოს, - შევეკითხე მე.
მოხუცმა ჩაიცინა.
- ზოგმა გადაწყვეტილი მითხრა, არააო, სტყუიან. აბა, როგორ შეიძლება ასეთ დიდ მდინარეში თევზი არ იყოს?.. ოღონდ მოთმინება უნდა!.. იმ ვეებერთელა წვერას, ანკესზე რომ შევათამაშებ, მაშინ შეშურდებათ, მარა, ვერ მივართმევ! - გაიხუმრა მეთევზემ და შემომღიმა.
მზემ მეტად დამაცხუნა და ავდექი.
- უეჭველად დაიჭერ, არა? - უკანასკნელად ვკითხე კეთილ მოსაუბრეს.
- უეჭველად, - სიცილით მომიგო და ლოცვით მოჩურჩულე წყალს გადახედა. გზაში კიდევ მესმოდა მისი იმედიანი ხითხითი.
1912 წ.
Ý
Комментариев нет:
Отправить комментарий