მუნჯი მოციქული
მზე ჩასულიყო და დამწუხრებულიყო სასახლის ბაღი.
ხეივანში იდგა დედოფალი და თავი სიამაყით დაეხარა.
კეკლუცი არსება მალულად გახედავდა ხოლმე მის წინ დაჩოქილ რაინდს - კადნიერი ჭაბუკი მთის წყაროსავით წმინდა სიყვარულს ეფიცებოდა.
- დედოფალო, აკვნიდანვე ვუმღეროდი მშვენიერ არსებას. ჯერ არ მენახა, არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ გული გრძნობდა მას, გიჟივით გავიჭრებოდი ველად და იქ, გაშლილ სივრცეში ნიავს ვეჩურჩულებოდი სასიყვარულო ლოცვებს… მყუდრო ღამეში, მდინარესაც რომ დაეძინებოდა, მოკიაფე ვარსკვლავების მშვენიერ ვარდს შევცქეროდი და აღტაცებული ქებას ვასხამდი… ის თქვენი ლანდი იყო დედოფალო, ნიავსაც თქვენთან ვაბარებდი წმინდა ფიცს.
რა სიამით უცემდა დედოფალს გული!
- კარგად დააკვირდი, - წასჩურჩულა ვიღაცამ დედოფალს.
შეკრთა დედოფალი, თვალი მოავლო ხეივანს, ჭაბუკის გარდა არავინ ჩანდა, - კარგად დააკვირდი, - ისევ წაიჩურჩულა ვიღაცამ და დედოფალი გიჟივით ჩააჩერდა ჭაბუკს თვალებში, - იქ სიმართლე ამოიკითხა…
- შენ ჩემი სხეული გიყვარს, - განრისხდა დედოფალი.
- დედოფალო, - განაგრძობდა ლოცვას ჭაბუკი, მაგრამ დედოფალმა მედიდურად აიღო თავი და ლამაზი თითით რაინდს გზა უჩვენა.
ხეივანში დედოფალი მარტო დარჩა; შიშით მიმოიხედა- უჩინარი მოჩურჩულის დანახვა სურდა.
შავ, ბებერ ბებერ ნაძვს ლანდი გამოეყო; იგი ნელა, უხმოდ მოაბიჯებდა; ბინდში ოდნავ იკვეთებოდა მისი უმეტყველო სახე…
- შენ იყავი? - დაეკითხა გაფითრებული გვირგვინოსანი ლანდს.
მან თანხმობის ნიშნად კრძალვით დახარა თავი.
- ვინა ხარ შენ?
ჰაერის შვილი სურნელოვან ყვავილს ჩამოეფარა და დედოფალმა ვარდში დამალული შხამი დაინახა.
- მუნჯი ხარ?
ლანდმა თავი დახარა.
- მაშ, წეღან ვინ მეჩურჩულებოდა?
ლანდმა ნიავზე მიუთითა.
- ყველა გხედავს?
ლანდმა თავი გააქნია, ნელი ნაბიჯით უკანვე წავიდა და შავ ნაძვში მიიმალა.
აკანკალებული დედოფალი სასახლისკენ გაეშურა.
- წერილია დედოფალო, - კარებში კრძალვით მიეგება მონა.
დედოფალმა ბარათი გახსნა და სიამით სახე გაუბრწყინდა - დობილის ხელი იცნო. შავ მელანს დაშაქრული სიტყვებით მოექარგა ქაღალდი.
გაახსენდა დედოფალს ბავშვობის მეგობარი და გული სიხარულით აუთამაშდა.
თეთრი ნისლი გადაეფარა ბარათს და ზედ შავ ასოებში ჩამალულ ახალი ასოები გამოჩნდა.
ესეც წაიკითხა გვირგვინოსანმა:
`„დედოფალო, მართალი გგონია? ვმლიქვნელობ, საბრალოვ!.. დედოფალი ხარ და ტკბილი სიტყვები მმართებს!..“
გვირგვინოსანი გაფითრდა, სიზმარი ეგონა.
თეთრი ნისლი ქაღალდს ასცდა და აჩრდილად იქცა.
დედოფალმა მუნჯი მოციქული იცნო და შეკრთა.
ლანდი ნელ-ნელა მიიმალა…
მარმარილოს სასახლე ოცნების მსგავსი ყვავილებით მოერთოთ. აყვავებული ვარდებით მოფენილ ტახტზე დედოფალი იჯდა. იგი, ჰაეროვნად შემოსული, გარსშემოხვეულ რაინდებს თვალებს უბორკავდა…
ყველა სადღესასწაულოდ მორთულიყო.
დედოფლის წინ თავდახრილ ყმაწვილ მგოსანს უნდა ემღერა.
დედოფალმა ანიშნა და ჭაბუკი გაიმართა; ოცნების თვალი ზეცად აღაპყრო და ჩონგურის ტკბილ, იდუმალ ხმებს გულისთქმა შორს, შორს გაატანა.
სიზმრად იქცა დარბაზი…
ჩონგურის ჟღერა ნელი სუნთქვით ვარდებში გაიბნა, მგოსანმა თავი ნელ-ნელა დახარა.
მოჯადოებული დედოფალი გაქვავებულიყო; ჭაბუკის ზღაპრულმა სიყვარულმა მოხიბლა იგი.
ჭაბუკის წინ მალვით აჩრდილი აღიმართა - მუნჯი მოციქული იყო…
დაფნის გვირგვინი დედოფალს ხელში შეაცივდა.
- დააკვირდი! - წაუჩურჩულა ვიღაცამ.
დედოფალი მგოსანს მიაცქერდა.
„მე ჯილდოსთვის ვმღერი, მე დაფნის გვირგვინი მინდა… დაფნის გვირგვინი მინდა“, - წაიკითხა მის სახეზე.
მოციქული გაქრა.
- რა ლამაზად იმღერა!..
- რა მშვენივრად იმღერა!..
- რა მომხიბლავი სიმღერა იყო, - ჩურჩულებდნენ აქეთ-იქით.
დედოფალმა დაფნა დაჭმუჭნა და გაფითრებულ ჭაბუკს სახეში ესროლა.
- საზიზღარი იყო.- წაიჩურჩულა და სასწრაფოდ დარბაზიდან გავიდა.
მარტო იყო გაფითრებული დედოფალი. ქანდაკად ქცეული ფიქრებში ცურავდა.
- სიცრუე ყველგან, სიცრუე, - კვნესოდა მშვენიერი მარმარილო.
ფიქრი ლანდებად გარს უცეკვავდა გვირგვინოსანს.
- ვიხრჩობი, ცბიერებაში ვიხრჩობი, - გაჰკიოდა სიცრუის ტალახიან მორევში დამარხული და ამაოდ ეძებდა ხსნას, ცის დანახვა ეწადა…
,,ნუ მეძებ, ვერ მიპოვნი’’,-ამოიკითხა ბარათში მეფემ.
ძონძებში გახვეული მოხეტიალე დედოფალი მათხოვრობდა.
ეკლესიის შესასვლელთან მოკრძალებით გაიშვირა ხელი.
მორწმუნე მოხუცმა გროში აჩუქა.
- აი,სიყვარული მოყვასისადმი,-სიხარულით გაიფიქრა გვირგვინოსანმა გლახამ.
ჰაერში მუნჯი მოციქული გამოიკვეთა და ქველმოქმედის შუბლზე დედოფალმა ამოიკითხა: ,,ცხონება მინდა!’’
- სამშობლოს გაუმარჯოს! - დაიძახა ჭაბუკმა მეომარმა და ხმალპრიალა გუნდში გადაერია.
მონაზვნადრთულ დედოფალს გული აუცეკვდა: ხომ ნახა თავგანწირული?
უხმოდ მოცურდა ნაცნობი სახე, მკრთალი ლანდი და ნიავმა ხელახლა ჩაისისინა:
- დააკვირდი!
- დააკვირდა დედოფალი მებრძოლ ჭაბუკს, ნდობით ალმოდებული იგი ხმალს სისხლით ბანდა…
მკერდგაპობილი ვაჟკაცი ჩაიკეცა.
- დარეჯან!...- უკანასკნელად ამოისუნთქა მამულიშვილმა.
- აქაც, აქაც იგივე, - ამოიგმინა საბრალო ქალმა.
უეცრად წარბები შეჭმუხნა, თვალები ცეცხლით აენთო და მრისხანედ მიაჩერდა მუნჯ მოციქულს.
- ბოროტო სულო, შენი მხლებლობა არა მსურს! - უბრძანა დედოფალმა და წასვლა დააპირა.
თავხედი აჩრდილი აედევნა.
- რახან მიხილე, სულ შენთან უნდა ვიყო, ჯერ მომიცილებ, - თვალებით ელაპარაკებოდა მუნჯი ლანდი.
დადის დედოფალი, სახე ჩამოსჭკნობია მშვენიერს; ოდესღაც ცქრიალა თვალებით ბოროტებას აკვესებს. აჩრდილად ქცეულს მეორე აჩრდილი ახლავს - მუნჯი მოციქული და მოსვენებას არ აძლევს…
1912 წ.
Ý
Комментариев нет:
Отправить комментарий