ნუ, ნუ მეუბნები, მეგობარო! განა მე კი არ ვიცი, რომ ის სინათლე მოჩვენებაა და ბნელი, მძლავრი, შეუბრალებელი ბნელი ჩახუტებია ქვეყანას?.. განა მე კი მწამს, რომ ქარიშხალით დამთვრალ ზღვას ბოლო დაკარგვია. არა და, ეს ტალღათა გმინვა მოჩვენების მსხვერპლთა მოთქმაა. ისინი წყევლას უთვლიან ბოროტ განგებას და თავისკენ გვეძახიან... ვიცი, არც ჩვენს პაწია ნავს უწერია ბედის წიგნში მარადიული გზის გალევა და მოჩვენებული სინათლის დაჭერა...
ნუ, გემუდარები, მაინც ნუ მეუბნები, ნუ დამაგდებინებ ნიჩაბს. მწარე ჭეშმარიტებას ჩემს გულში ნუ დაასადგურებ.
რა გენაღვლება, სიმართლე მომხიბვლელ ზღაპრით გავართო და ოცნების ნანინათი მივაძინო?! სანამ ზღვა გულში არ ჩაგიკრავს, ვერ მოვაცილებ თვალს მოჩვენებას და, დე, აქედან მონაბერმა ცრუ ნეტარების სიომ გვიალერსოს...
მაშინ კი, ოდეს ჩვენს წინა მოძმეებს მეგობრულ სალამს მივუძღვნით, მაშინ სიმართლე თვით შეიჭრება ჩვენს გულში და იქიდან ამოხეთქილი მწარე კვნესა ტალღათა გმინვას შეუერთდება. მაშინ ქარიშხალი ჩვენს ნაღვლიან ზღაპარსაც უამბობს თავგანწირულ მგზავრებსა და ბედისწერას წყევლათაწყევლას ჩვენც ვუგალობებთ!..
მანამდე კი, მეგობარო, ნუ... ნუ მეუბნები!..
1911 წ.
Ý
Комментариев нет:
Отправить комментарий