რიჟრაჟმა შემოჰკრა.
ცისკარი ამომავალი მზის სხივებით მოოქრულ ეთერში გადნა და გამოღვიძებულმა ჩიტუნიამ დიად ბუნებას ქებათა ქება ჩაუჟღურტულა. მთამ მის კალთაზე მიძინებული მალხაზი ნიავი გააღვიძა და სალამი დააბარა ძილგამკრთალ ყანასთან.
- დილა მშვიდობისა! - წასჩურჩულებდა ნიავი და სათითაოდ კოცნიდა განთიადის სადიდებლად ხელებაპყრობილ სიმინდებს.
- დილა მშვიდობისა! - წასჩურჩულებდნენ სიმინდები ერთმანეთს და ნაზად ირხეოდნენ.
- დილა მშვიდობისა! - წაიჩურჩულა ერთობის გრძნობით გატაცებულმა ტანადმა სიმინდმა და მეზობელს მეგობრულად გადაეხვია.
- ჩუხ! - ტლანქად გაიჩხაკუნა თოხის სალამმა და ტანადი სიმინდი წაიქცა, რომ მეგობრისათვის ზრდა არ დაეშალა. დაცემულმა სიმინდმა წყევლა წაუჩურჩულა მისთვის სიკვდილის ცელად მოვლენილ თოხს, განთიადისაკენ უკმაყოფილო თვალები აღაპყრო და დაჭკნა...
გახმა!..
ყოველ დილით ხალისიანი ნიავი მთიდან დანაბარებ სალამს მასაც გადასცემს, ჩაკოცნის, მაგრამ იგი უარის ნიშნად გაყვითლებულ ხელებს აქნევს და საშინელ წყევლას ჩურჩულებს.
7 ივლისი
1911 წ.
Ý
Комментариев нет:
Отправить комментарий