საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა ჰპოვოს, რა დაჰკარგოს მან ტოლი.
ნ. ბარათაშვილი
ა
ვინ არ იცნობს ჯაგლაგას ჩამომხმარ, მუდამ დაღვრემილ სახეს და ქუთუთოების სიღრმიდან სადღაც შორს, შორს გამცქერალ თვალებს? ვის ეუცხოება მისი აბურძგნული, ტყედ წასული თმა? ჯაგლაგა ყველასთვის ჩვეულებრივი კაცია და თან უცხოც. არავინ იცის, რა იმალება მის ჩაღრმავებულ თვალებში.
აი, ახლაც, ბაღის ბნელ კუთხეში ზის გულჩათხრობილი ჯაგლაგა და შორს იყურება. იდუმალთ ფერია მეუბნება - თავის შავ ფიქრებს აყოლებს თვალსო.
აი, მეც დავინახე მისი ფიქრი. ეს ხომ ნისლია, უხილავი ნისლი, რომელიც ვარსკვლავებს იქით იფანტება და ქრება მარადისობაში…
Ι
,,ბაღის ბნელ კუნჭულში ვზივარ მარტო, სულ მარტო, უმეგობროდ, უტოლოდ. მოშორებით ვიღაც ზის; ისიც მარტო, ისიც ბნელში; იქნებ, ისიც ობოლია? აქ ჰაერი ლოდივით მძიმეა და ცივი, სამარესავით. ეს ავი სულია, თავის ცივ ხელებს გულზე რომ მიჭერს და მხუთავს…
იქ კი, ბაღის მეორე მხარეს, მუსიკის ტკბილი ხმა დნება სიხარულით გაჟღენთილ ჰაერში. იქ სინათლეა, იქ ხუმრობენ, ლაღობენ...
ბედნიერები!..
მათ ჰყავთ მეგობრები, მტრები…
მე კი არავინა მყავს, არავის ვძულვარ, არავის ვუყვარვარ…
ცხოვრების ტალღებმა შორს, სივრცეში გადამისროლა, ახლოს აღარ მიკარებს, ობოლი ვარ…
Ι Ι
მესმის ხალხის მხიარული ჟრიამული, თვალს მიჭრელებს ის სინათლე და ორკეცად ვიტანჯები, ორკეცად ვგრძნობ მარტოობას; ობლობას... შავი ფიქრები გარს მეხვევიან, ფერხულს აბამენ, მეღრიჯებიან და საზარელი ხარხარით მოიწევენ ჩემსკენ; სურთ, დამხუთონ...
ყველაფერი მხუთავს!..
მსურს გავიქცე, გავექცე ამ მარტოობას, სიბნელეს, სევდას; იქ, იქ, იმ სინათლეში უნდა მივიდე... მაგრამ იქ ხომ დაცინვით შემომხვდებიან, მიკივლებენ, იქ ხომ ჯაგლაგას დამიძახებენ...
მე ხომ მათ წრეს აღარ ვეკუთვნი, ის სინათლე აღარ მწამს, იგი ცრუა, იმ მხიარული ხალხის შექმნილი, სუსტი, ბნელის ოკეანით გარსშემოხვეული. ის კუკუნახი მძლავრია და ხუთავს მას, ფრთებს არ აშლევინებს, დასცინის... დასცინის ამ პატარა სინათლის სისუსტეს...
არა, მე სხვა სინათლე არ მინდა...
I I I
მახსოვს, მე და ის სხვებს უკან ჩამოვრჩით. აზრები მელეოდა, მინდოდა გადამეშალა მისთვის გული, მინდოდა ჩამეხედებინა ჩემი სულის ბნელ უფსკრულში, სადაც ერთადერთი ვარსკვლავი კიაფობდა… ეს მისდამი სიყვარული იყო. მით ვცოცხლობდი, მით ვნუგეშობდი. იგი იყო ერთადერთი ყვავილი უდაბნოში ამოსული და გასაშლელად ნამი ეჭირვებოდა. ეს ნამი - თანაგრძნობა უნდა მეთხოვა მისგან, მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, სიტყვები ვერ მეპოვა ჩემი ღრმა გრძნობის გამოსახატავად. `მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ!~ - წამოვიძახე უეცრად, დაუფიქრებლად და პასუხის მოლოდინში თავდახრილი გავჩერდი მის წინ.
იმან ერთი დაცინვით გადმომხედა, ,,ჯაგლაგაო'', მომაძახა და კისკისით გაექანა სხვებისკენ…
მახსოვს, ამხანაგებმა საშინელი ხარხარი ატეხეს, შხამიან ისრებს მესროდნენ და ერთმანეთს ეშმაკურად თვალს უკრავდნენ.
მივხვდი, რომ ჩემსა და მათ შუა უფსკრული იყო, მივხვდი ჩემს ობლობას და საშინელება ვიგრძენი.
იქ ყველაფერი მხუთავდა, ყველაფერი ბნელი იყო; მათი სინათლეც, სიცილიც, ტკბილი სიტყვებიც… ყველაფერი მძიმე ლოდივით მაწვებოდა გულზე. მათი დამცინავი ხარხარი სატანის ხარხარი იყო. მათში ეშმაკი იცინოდა… ოჰ, რა საზარელი იყო!.. კბილებდახრჭენილი თავზარდამცემი ხარხარით მოიწევდა ჩემსკენ, უზარმაზარ ხელს მიწვდიდა, ჩემი დაჭერა სურდა…
შიშით და ბრაზით ავცახცახდი, მძულდა, მძულდა ეშმაკი, მისი კბილები, დამცინავი ხარხარი, მისი ლოდივით მძიმე, ცრუ სინათლე და გამოვიქეცი… უკან სატანის ხარხარი მომდევდა, დამცინოდა...
I V
ყველგან დაცინვა, ყველგან ჯაგლაგას ძახილი, კივილი!..
მახსოვს, ქუჩაში მივიბუზებოდი, მივიპარებოდი, მეშინოდა დაცინვის კივილის...
უეცრად მიცნეს, მიკივლეს...
ავიწურე, მსურდა, მიწას შევრთვოდი, მასში გავმდნარიყავი, ოღონდ ეს საშინელი კივილი არ გამეგონა. მსურდა, ელვის სისწრაფით გავყოლოდი ნიავს და თავი არარაობაში ამომეყო. სიმწრის ოფლში ვიწურებოდი, ყველა მე დამცინოდა... აი, აგერ, მოხუცი რომ დგას, ისიც მიკიოდა!.. თან ბავშვი ახლდა... მახსოვს, მისი უმანკო ხმა როგორ ეკითხებოდა მოხუცს - რად დასცინიანო... ბავშვს სამართლიანობა ალაპარაკებდა, მოხუცმა კი საზარელი ხმით უპასუხა - სულელიაო...
ეს სიტყვა ისრად დამესო გულზე, ჭრილობიდან გადმოხეთქილი გესლი ყელში მომადგა - პატარა ადამიანს კაცუნად ქმნიდნენ, სამართლიანობას უხშობდნენ. ისიც ხომ მიკივლებდა?!. მიკივლა...
ოჰ, მწარე სოფელო, რად დამაწაფე შხამის ზღვას და მე მარტო მასმევ, ობოლს!
v
ჩუ! ეს რა ხმაური ატყდა?!
როგორ აირივნენ!
ოჰ, მოკვდაო, იძახიან...
ერთ გულს კიდევ უგრძვნია მარტოობა, ის უკვე მოსცილდა მათ ცრუ სინათლეს და ობლობა იგრძო...
აი, ყველა დაწყნარდა...
მუსიკის ხმა, სიცილი ისევ ისე ავსებს ჰაერს, ვით მის დროს...
ის მარტო მოკვდა, მარტომ განიცადა სიკვდილის ცივი ხელის შეხება.
არავინ იზიარებს მის სიკვდილს, ობოლია.
აი, იქ რომ ვიღაც ზის სიბნელეში, ისიც ხომ ობოლია, მარტოა! იქნებ ისიც ჯაგლაგაა?!. იმასაც დასცინიან!.. ის კი მე დამცინებს, მიცნობს და დამცინებს.
აქეთ მოიხედა, მიცნობდა, უეჭველად მიცნობდა!..
ახლა მიკივლებს!..
უნდა გავექცე ხალხს, ეშმაკს!..
ოო, რა მძიმეა ჰაერი, როგორ მახრჩობს...
მომდევენ, მიკივიან...
ეშმაკი საშინელი ხარხარით მომდევს უკან, დამცინის...
ბ
ჯაგლაგა შეჩერდება და მოჯადოებული აცქერდება მის წინ გადაშლილ სურათს. ვნებით დამთვრლა ობოლი...
მთვარისაგან გადმოსროლილი ოქროს ბადე გადაეფარება ობოლ მდელოს და უქარგავს აყვავებულ გულ-მკერდს. მთვარის ბადეში მოყოლილი ობოლი მუხა ხელებგაშლილი გაურბის მხიარულების რიდეჩამოფარებული ტყის საშინელ კივილს, დაცინვას, გადარეულ ქარის ზუზუნად ქცეულს...
მუხა მიილტვის ჯაგლაგასაკენ, შეჩერებია მას თვალებში, უშლის თავის ჩახვეულ გულს და გარეტებული, მოჯადოებული ჯაგლაგა გრძნობს რაგაც საერთოს თავის თავსა და მუხას შორის.
,,მე მეგობარი ვიპოვე'', - ფიქრობს იგი; - ,,მეცა მყავს სატრფო, აი, როგორ მიშლის მკლავებს, სურს, მკერდში ჩამიკრას და ალერსში ჩაკლას ჩემი სიობლე. მეც გავუშლი გულს, ჩავეკონები და კოცნით ამოვუშრობ თვალებში ობოლ ცრემლს''...
ჯადოსნური ძალა ეზიდება ჯაგლაგას მუხისკენ, ნეტარებს, რადგან გრძნობს, რომ მისი ობოლი სული სხვა ობოლ სულს შეუერთდა. ჯაგლაგა ეხუტება მუხას, კოცნის, სურს, რაღაც ჟინი მოიკლას, სურს, იგრძნოს, რომ ის ობოლი აღარაა, რომ ჰყავს მონათესავე სული. იგი კოცნითა და ცხელი ცრემლებით უცხადებს მუხას სიყვარულს. ეს ცრემლები სიყვარულის ქსელს აბამენ ჯაგლაგასა და მუხას შორის და ორ არსებას აერთებენ, ერთ არსად ქმნიან... ეს ერთი არსი ისევ მარტოა, ისევ ობოლია... არავის ესმის მათი სევდა, მათი სიყვრული, მათი ჩუმი, ჩუმი, უსიტყვო საუბარი...
ოჰ, რა ბედნიერი იქნებოდა ჯაგლაგა, რომ ეს ობლობა გაქრებოდეს და სხვაც, თუნდ ეს ნაღვლიანი მთვარე, გაიგებდეს მის სევდიან, მაგრამ უსაზღვროდ ტკბილ სიყვარულს; მაგრამ ეს ხომ არავის ესმის... ენა არევიათ, ,,ბუნება ბაბილონის გოდოლია'', ასკვნის ჯაგლაგა და სურს, მოისპოს ეს ,,ბაბილონის გოდოლი'', სურს, მისმა ობოლმა მუხამ გარდაქმნას ეს ობლობა...
გ
ჩუ!.. გრძნობით მთვრალი ჯაგლაგას წინ მუხა კი არა, სევდიანი ქალი დგას. მისი ალვა ტანი შავი ნაღვლით ქსოვილ ლეჩაქშია გახვეული, მწუხარე თვალები მოწყენილ მთვარის ბნელ შუქს იჭერენ, მიჰყვებიან მას და შორს, შავ უფსკრულში იკარგებიან... აი, მოქნილი ხელები სევდიანად აამოძრავა, ტანი ოდნავ უჩინარისაკენ გადახარა და გაისმა მისი სევდიანი ხმა. იგი ქარის სისინად ედება ტყეს და შავ ღრუბლად გადაეცემა იდუმალების ნისლში გახვეულ მთას.
,,ობოლ სიმის ობოლ კვნესად მე გავისმი შორს, შორს, ბნელში,
ხან ჩავტირებ დედამიწას, ხან დავცურავ ღმერთთ ნაღველში,
ყველგან ვუხმობ მეგობარსა, ცრემლებით ვბან მზის შუქს, მთვარეს,
ავსულთ შავი პასუხები ნიავს მოაქვს მგლოვიარეს.
სად, სადა ხარ, გულის ტოლო, რად არ გესმის მწარე კვნესა,
ხმა გამომეც, თორემ გული შავ ნაღველში გაილესა''...
აქა ვარ, აქა ვარ! - შესძახის ჯაგლაგა და ათრთოლებული ეხვევა ქალს. ქალი-მუხა იკრავს მას გულში და ორივენი ელვას მიჰყვებიან სივრცეში შორს, შავად მოკიაფე ვარსკვლავისაკენ.
იქ უნდა მივიდეთ, იმ მკრთომარე ვარსკვლავმთასთან; იგი მთაა ჭეშმარიტების ცნობისა. იგია საზღვარი სიმართლისა და მოსვენებისა, იქ მიისწრაფის ყოველი არსი და მე ვარ მათი მისწრაფება. მე შავი ვარ, ხედავ? შავი და ვარსკვლავმთასავით ობოლი... მე მისი ლიტონი ამოკვნესა ვარ. ოდეს წყვდიადი ჩაკოცნის ქვეყანას და გრძნობამორეული მთვარე ნაღვლიან ღრუბელს ეკონება,მაშინ აღმოვხვხვდები მე და ობოლი მშობლის ობოლი შვილი მეგობრის საძებრად მოვედი ტყე-ჭალებს, ყოველი არსი მთა-ვარსაკვლავზე ამყავს.ზღვარს ვაცილებ,ჭეშმარიტებას ვაცნობ და მე კი აქამდე სიმართლე ვერ მიცვნია,მეგობარი ვერ მოპოვნია,
სევდიანად ჩასჩურჩულებს ქალი-მუხა ჯაგლაგას და მიაქროლებს შავი ვარსკვლავისაკენ.
აი,ეს არის საზღვარი წვრილმანობისა და სიდიადისა.ამ საზღვარს გადასული პატარა ობლები უერთდებიან მარადისობას.ამ საზღვარს გადავალთ ჩვენც და იქ შევვერთდებით,-ტკბილად გაისმის ქალი-მუხას ხმა ხილულის საზღვართან.აქეთ შავად აპარპალებს თვალებს ობოლი სამყარო და აქეატ არარაობას დაუღია ხახა მარადისობისა.
როდის,როდის!-ოცნებასავით აღტაცებული სესძახის ჯაგლაგა.
სულ მალე,ოღონდ ანისთვის საჭიროა უსაზღვრო სიყვარული!
მე ხომ უსაზღვროდ მიყვარხარ?!
მაშ,მეგობრულად ჩამკიდე ხელი და მომეხმარე არსთა გარდაქმნაში!..წადი,ყოველი არსი ამოიყვანე აქ და წუთიერების საზღვარს გადააცილე.ოდესმე ჩვენც მარტო დავრჩებით,მაშინ ჩვენც გადავცდებით საზღვარს და ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულით ანთებულმა ყოველი არსი მო
ჰკალ!..
და... ჯაგლაგა ისევ იმ ტყისაგან გამოქცეულ მუხას ეხვევა,კოცნის...
-ჩემი სატრფო სიკვდილია... მას უნდა ვემსახურო,-ამბობს ის და გამოსათხოვარი კოცნა ფაქიზ ფრთებით მიაპობს ჰაერს შორეულ მთა-ვარსკვლავისკენ.
დ
- ოოჰ! - კვნესის ჯაგლაგას მიერ მთა-ვარსკვლავისკენ გაგზავნლი ნორჩი თხმელა და ეცემა...
- იიჰ! - შეჰკივლა ბეღურამ და ნაღვლიანი თვალები დახუჭა.
ჯაგლაგა კი ნეტარებით ივსება. ტკბილად ხითხითებს, დარწმუნებულია, რომ მასში მისი სატრფო მოქმედებს. იგი გრძნობს, რომ ყოველი ამოკვნესა მარადისობას, სიდიადეს უახლოებს.
- ვაი, - არღვევს სიჩუმეს წუთიერების საზღვარგადასვლის უკანასკნელი წვრილმანური ამოკვნესა და ჯაგლაგას ნეტარი ხითხითი ბნელში იკარგება.
იგი ყოველღამ აჩრდილივით დაძრწის ქუჩებში და ღამის დარაჯებს ძილს უფრთხობს. ახლაც ერთმა დარაჯმა თავი ასწია და გაოცებული მიაჩერდა მოხითხითე აჩრდილს...
- ვინა ხარ? - ისმის დარაჯის ხმა და მხოლოდ ქუჩის ბოლოში მიმკვდარ ხითხითს ღებულობს პასუხად.
- ჰი, ჰი, ჰი, ჰი... მთა-ვარსკვლავისაკენ მივდივარ... ქალი-მუხას მივყავარ... გარდამქმნა... მე ის... მეხვევა... მკოც... ნის... ჰი... ჰი... ჰი... ჰი... ჰი... ჰი... ჰი!.. - მოუსვენარი ქალი იბარებს ჯაგლაგას უკანასკნელ ხითხითს მთიდან მთისთვის გადასაცემად.
ობოლი მუხა კი ისევ გაურბის მოხარხარე ტყეს და ხელებგაშლილი დაეძებს მეგობარს. ხან მზის სხივს ჩაეკონება, ხან ნაღვლიან მთვარეს შესცინებს. ხანაც ვნებით აღგზნებულ კოცნაზე კოცნით უპასუხებს სიოს და ხან ალმას ცვრებს გულში იხუტებს, მაგრამ მოტყუებული, ნაღვლიანი ისევ შორდება ცრუ მეგობრებს და სევდიანი სიმღერით დასტირის თავის ობლობას...
1911 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий