пятница, 6 декабря 2013 г.

მ ი ჯ ნ უ რ ნ ი


ვუძღვნი ჯაჯუს

- ოჰ, ჩემო სიცოცხლეო, ჩემო მზეო, რარიგ მიყვარხარ!

მეც მიყვარხარ, მეც მიყვარხარ, - პასუხობდა ქალი და გრძნობად ქცეული ვაჟს მკერდზე ეკვროდა. სურდა, უფრო ახლოს გაეგონა, ეგრძნო ტკბილალწაკიდებული გულის კვნესა, კვნესა ნეტარებისა.

გამიჯნურებული გულები ჯადოსნურ ქსელს ახვევდნენ, ეზიდებოდნენ ერთმანეთს, შეერთება სურდათ.

ვაჟი თვალებში ჩასცქეროდა ქალს, თითქოს გულამდე ჩახედვა და მასზე დიდი, ლამაზი ასოებით წარწერილი თავისი სახელის ამოკითხვა სურდა.

მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ, - იმეორებდა იგი თავდავიწყებით, აღარ ახსოვდა მის წინ შხუილით მომჩქეფარე, მწვანე სამოსელში გახვეული მდინარე და თანაგრძნობით მაცქერალი აფერადებული მთა, რომლის კალთაზეც ეპოვათ ბინა მიჯნურთ.

ჩემო იმედო, ცხოვრების მიზანო, ჩემო სულო! - ვაჟი ქალის სახეში თავის სახეს დაეძებდა.

მეც მიყვარხარ, მეც მიყვარხარ,- პასუხობდა ქალი და მძლავრ მკერდს ეხუტებოდა, გრძნობად ადნებოდა…

გულები იწვოდა…

ქალის გული დაიწვა, მოკვდა…

შეყვარებული გულის ფერფლმა სამარეში იპოვნა მშვიდი ბინა.

ვაჟი ხშირად ნახულობდა ქალის აყვავებულ საფლავს.

უტოლოდ დარჩენილი, ობოლი, დიდხანს, დიდხანს დასცქეროდა ჯერ შეუყვარებელ, ბედნიერად მომღიმარ ყვავილებს.

იცინეთ, იხალისეთ, სანამ სიყვარულის ალი მოგდებიათ, ინავარდეთ სიცოცხლის ხალისიანი ფრთის ქვეშ… თქვენც შეგიყვარებს მზე და მისი პირველი კოცნა სიკვდილის კოცნა იქნება… მიჯნურებს საუკუნო გვირგვინს სიკვდილი ადგამს, სიცოცხლე მათ ვერ ჰგუობს, - მწარედ ეჩურჩულებოდა ის ყვავილებს, ნაღვლიან თვალებს მოავლებდა მოცინართ და სიყვარულის სამეფოდან მძიმე ნაბიჯით გავიდოდა…

1911 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий