пятница, 6 декабря 2013 г.

ი ა ს ო ნ ა


-აბა, ჰე, ერთი რიგიანად დავცხოთ, არ შეგვაშინოს… ეჰაჰა, გავუსვათ ნიჩაბი, გავუსვათ! გასძახოდა სახლის თავზე წელამდე თოვლში ჩამდგარი იასონა ამხანაგებს, რომელთაც მისი გამხნევება არ ჭირდებოდათ. ისინი იასონაზე ნაკლები სიმარჯვით არ ხმარობდნენ ნიჩაბს. ყველა ძალიან ტრიალებდა. აგერ, საათი იქნებოდა, რაც მიადგნენ ამ სახლს, მაგრამ თოვლისთვის ვერაფერი დაემჩნიათ. გასროლილი ფიფქი-თოვლი ნახევრად ისევ სახურავზე ცვივოდა და ცაც თავისას უხვად ამატებდა. მთელი სივრცე თოვლის ფირფლებს აევსო, ჰაერი ჩამოეხუთა და იასონასა და მისი ამხანაგების ხმა ყრუდ გაისმოდა, თითქოს ვინმე ჭურიდან ამოიძახისო

- აბა, ჰე, ბიჭებო!.. ჰაი, ჰეი! - გადმოსძახოდა ვიღაცა მეორე სახურავიდან.

- ნახეთ, ამ თოვლმა თუ არ დაგვჯაბნოს, - წაილაპარაკა იასონას ერთმა ამხანაგმა.

- ბიჭოს?! მართლაც რა ოხერი სათოვლია! - დაუმატა მეორემ, - აგერ, რამდენი ხანია, მივადექით და ჯერ ვერც კი გავანახევრეთ!

- აბა, სიმღერა და ნიჩაბი ერთად დავატრიალოდ და იქნება, გვეშველოს, - ურჩია ამხანაგებს იასონამ და დაიწყო სიმღერა. სხვებმაც მოსძახეს, ზედ ნიჩბებიც ააყოლეს და ფიფქ თოვლში გაეხვივნენ.

- დავიღალე, - წამოიძახა ერთმა და ნიჩაბზე დაეყრდნო. მალე სხვებმაც მას მიბაძეს, სიმღერაც შეწყვიტეს და ნიჩბებიც შეასვენეს.

- უჰ, შემცივდა, - წამოიძახა მალე იასონამ და ფეხები ააბაკუნა.

- რამ შეგაცივა, კაცო, ხომ არ გადაირიე! - ის იყო, დაიწყო მეორემ, მაგრამ მესამემ აღარ დააცალა.

- მაგას კი არა, ცოტა მეც შემცივდა! - წამოიძახა მან.

- გავუსვათ, გავუსვათ ნიჩბები და გავხურდებით, - გამოიტანა განჩინება მეოთხემ და თავისი სიტყვების დასასაბუთებლად ზლაზვნით გაუსვა ნიჩაბი.

იასონამ დაბლა სართულის ფანჯარაში მათკენ მაცქერალ ქალს მოჰკრა თვალი და ამოიხვნეშა.

-რა გახვნეშებს, ბიჭო? - დაეკითხა ხანშიშესული ამხანაგი, რომელმაც ის იყო, ნიჩაბი მოიმარჯვა.

-რავა რა მახვნეშებს? აი, ის ქალი რომ მოგვჩერებია იმ ფანჯრიდან, რად უნდა იჯდეს თბილ ოთახში და მე კი მისი სახლის წმენდისთვის აქ უნდა ვიყინებოდე? რატომ მეც თბილ ოთახში არ უნდა ვიჯდე? ის ჩემზე ბედნიერი რად უნდა იყოს?

ბედნიერი!

ჰო, ბედნიერი!.. ჩემზე ბედნიერი ის ქალი, ან მისი მამა, ძმა, რად უნდა იყოს? - გაიმეორა იასონამ.

ეჰ, ბიძია, რა იცი, რომ ის ქალი შენ არ შემოგნატრის? - კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა იასონას ამხანაგს, მაგრამ აღარ დაათავა და ნიჩაბი მოუსვა.

ჩემისთანა ბედნიერს ვინ არ შენატრებს, - დაცინვით წაილაპარაკა იასონამ, დააბაკუნა ფეხები და იმანაც აამუშავა ნიჩაბი.

ისევ ავარდა თეთრი მტვერი ჰაერში…

Ý

Комментариев нет:

Отправить комментарий