пятница, 6 декабря 2013 г.

ზ ე დ მ ე ტ ი ა ?!


სტეფან სვიმონის ძემ ჩვეულებრივ გადმოჰყო თავი ფანჯარაში და ქუჩას გადმოხედა.

ზამთრის შუადღის მზე მხიარულად, მაგრამ ცივად დასცქეროდა მიწას, რომლისადმი მისი მხურვალე გრძნობები განელებულიყო და ახლა მოწყალებასავით უგზავნიდა ძალაგამოლეულ სხივებს, თან დამცინავ ღიმილსაც ატანდა დაბეჩავებულ სატრფოსთან.

მაგრამ ნამოწყალევ სხივთა ნახევარი დღის შრომას ამაოდ არ ჩაევლო და ცოტათი გაელხო ტროტუარებსა და სამარხილე გზებზე გადაკრული ყინული, რომელიც დილაობით ბევრ მოხუცსა და ახალგაზრდას იკრავდა გულში, ეამბორებოდა…

მზის მოწყალებით გამხიარულებული მოქალაქეები შეუწყვეტლივ მიდი-მოდიოდნენ ქუჩაში. დროგამოშვებით მარხილებიც გაისრიალებდნენ და ზარების წკრიალით სიცოცხლეს მატებდნენ სტეფან სვიმონის ძის წინ გადაშლილ სურათს.

სტეფან სვიმონის ძე გაფაციცებით ადევნებდა თვალს გამვლელ-გამომვლელს, რომ რაიმე საყურადღებო არ გამოჰპარვოდა.

ქუჩის თავში გამოჩნდა ერთი მოხუცი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ ეტყობოდა. ყაბალახით წაკრული თავი, შეოდგომის დღესავით მოღუშული სახე, ტანზე შემოხეული ჩოხა და პირდაღებული წუღები ჩვეულებრივი მოვლენაა ქუთაისისნაირ ქალაქში, მაგრამ სტეფან სვიმონის ძეს ეს არაჩვეულებრივად მოეჩვენა; მოხუცმა მისი ყურადღება მიიპყრო და კიდევაც ჩააფიქრა.

- რა ბედენაა მაგის სიცოცხლე? ტანჯვის მეტს რას აკეთებს? მაგისთვის სიკვდილი ბევრად სჯობს; სიბერეს თავი დაანებე და სიღარიბეს სადღა მიუხვალ? ნახევარჯერ მშიერ-მწყურვალია ალბათ. მაგის გულს გაძღომის ნატვრის მეტი არა ეცოდინება რა. არაფერი მაგას არ ახარებს, არც სხვის გამხარებლად ვარგა. ვის რად უნდა, ვის რას არგია? - ამბობდა გულში სტეფან სვიმონოს ძე და თან მოხუცს თვალს არ აშორებდა. ის კი ნელა, დაღვრემილი მიაბიჯებდა გამლხვალ თოვლში.

- ნათლია! - გაისმა ცებ ძახილი.

სტეფან სვიმონის ძემ წამით მოაცილა თვალები მოხუცს და ბავშვისკენ გაიხედა. შუაგულ ქუჩაში შეჩერებულიყო შვიდი-რვა წლის ჩანთიანი ბიჭი და სახეგაბრწყინებული შეჰყურებდა მოხუცს, რომელიც ბავშვის ძახილზე შეჩერდა და მისკენ მოიხედა.

მოხუცის მოღუშული სახე გამოცოცხლდა და აღფრთოვანება დაეტყო.

- ოჰ, შენა ხარ? - ალერსიანად დაეკითხა იგი ბავშვს.

- ჰო, - დინჯად უპასუხა პატარამ.

- აქეთაა შენი კლასი?

- ჰო, აქეთაა!

მოხუცი ცოტა ხანს მხიარულად შეჰყურებდა ბავშვს.

- ისწავლე, ისწავლე და ახლა ქე წადი, ნათლია, სახლში, - ისეთი ხმით უთხრა მოხუცმა ბავშვს, თითქოს სურს, სულში ჩაიძვრინოსო.

ნათლული მორჩილებით მობრუნდა და გაუდგა გზას, მაგრამ მალ-მალე იხედებოდა უკან. ეტყობოდა, სული მოხუცთან რჩებოდა , რომელიც კიდევ დიდხანს იდგა და გაჰყურებდა ბავშვს.

სტეფან სვიმონის ძემ თვალი გაადევნა მოხუცს და შემდეგ ხალხში დაეკარგა. ბევრი ათვალიერა, მაგრამ ვეღარ დაინახა. მოსწყინდა… იმანაც ამოიხვნეშა, ერთხელ კიდევ გადახედა გამოცოცხლებულ ქუჩას და მიხურა ფანჯარა.

1911 წ.

Ý

Комментариев нет:

Отправить комментарий