ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა…
შოთა
ა
ღამე რომ ფრთას იკეცავდა, მაშინ ცელქები უკვე მთაზე იყვნენ. გადაიხედეს: მთის მკერდზე ნისლები დაცურავდნენ და სოფელი აღარ ჩანდა.
- წინ ისევ მთები ყოფილა! - წყენით თქვა დაბალმა გიმნაზიელმა…
- ღრუბლებიცაა, - დაუმატა მაღალმა და აღმოსავლეთისაკენ მიუთითა: იქ მზის შესახვედრად ღრუბლები შეკრებილიყვნენ…
ღრუბლებს ღიმილის ფერმა გადაჰკრა. ვერცხლად იქცნენ და პირი ოქროთი შეიღებეს… სევდიანი ცა გაიძრა, გამოცოცხლდა და გახალისებული ვარდად გადაიშალა…
სული განაბეს ყმაწვილებმა…
აჰა, მზემ გამოიხედა ათასფრად მოთამაშე ღრუბლის პირიდან და ყველას მეფური სალამი მზეც!..
- რა ლამაზია! - წამოიძახა დაბალმა.
- რა დიადია! - ალუღლუღდა მაღალი.
… ნისლი გაქრა და სიო დაიძრა. ისინი ჩრდილში სხედან და ლაპარაკობენ.
- ამოვა, უეჭველად ამოვა ჩვენი ქვეყნის მზეც!..
- ჰო! ჩვენიც და მთელი კაცობრიობისაც! - უსწორებს მაღალი.
- კიდევ უკეთესი…
- მზე ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ…
- ისე არ მოვკვდები, რომ მზე იგი არ ვნახო…
და ხატავენ მომავალს პატარები…
ბ
ჩამავალმა მზემ გარინდულ ზღვას აკოცა და მათი შეერთებული სუნთქვა ნიავად მიაცურდა ნაპირზე.
ხალხი სეირნობს…
ორი მოხუცი შეჩერდა ზღვის ნაპირას. ერთი მაღალია, ხმელი. კაკარდიანი გაცვეთილი ქუდი ახურავს…
მეორე დაბალია, წელში მოხრილი, ახველებს. ძველი ცილინდრი უმშვენებს ჭაღარა თავს…
- ისევ ვნახეთ ერთმანეთი, - ლუღლუღებს დაბალი.
ღმერთო ჩემო, ბავშვობის მერე… რა დროს შევიყარე, - ძლივს იდგამს ენას მაღალი.
თვალცრემლიანები შესცქერიან ერთმანეთს.
- გახსოვს, მზის ამოსვლას რომ ვუყურებდით? ფერადი იმედები რომ გვიტაცებდა?
- მახსოვს!...
უნებლიედ გახედეს ჩამავალ მზეს და ნაღვლიანი თვალები ერთმანეთს მიაპყრეს.
- მზე ჩადის… - ჩაიბუტბუტა მაღალმა.
- ჰო, ჩადის, - ალუღლუღდა დაბალი.
1913 წ
Комментариев нет:
Отправить комментарий