I
სიჩუმეა. არავითარი ხმა არ ისმის. სდუმს მთვარეც. იგი უღრუბლო, ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან თითქოს დაჰღიმის მიწას. მთვარე იღიმება, მე თვითონ ვუმზერ, იღიმება, მაგრამ მისი ღიმილი ჩვეულებრივს არა გავს. მისი ღიმილი სასოებითა და გრძნობითაა სავსე; იგი რაღაც საიდუმლოებითაა მოცული. მთვარის ღიმილი ღიმილია მიჯნურის, რომელიც სატრფოს მოპარვით კოცნას უპირებს. მთვარე კოცნის და მისი კოცნა ჰაეროვანია; მისი კოცნა შუქია, რომელიც ალერსივით მოჰფენია მთას. მოჰფენია ცასა და მდინარეს.
საუკუნეთა მსვლელობის მოწამე თმაგათეთრებულ მთას გულს უტოკებს მთვარის ალერსი და მიიწევს მთვარისაკენ სახეგაბრწყინებული, რომ ჰაეროვანი კოცნის პასუხად ნამდვილი მიწიერი კოცნა დაბეჭდოს მის მღიმარ სახეზე.
ბარიც, ადამიანთა სისხლით მორწყული ბარიც მოუხიბლავთ მთვარის ალერსს. მაგრამ იგი მთასავით მაღლა კია არ მიიწევს! იგი მთვარეს თავისკენ ეპატიჟება: გადაუშლია გული, რათა დაანახოს მთელი თავისი გრძნობა, მთელი თავისი სიტურფე. მთვარის საალერსოდ გამოუფენია ფერად-ფერადი სურნელოვანი ყვავილები, ადამიანთა სისხლის წვეთებზე ამოსული.
მდინარეს მომეტებულის გრძნობით სუნთქვა შეუჩერებია და ჩვეულებრივ ტკბილ დუდუნითაც ვეღარ პასუხობს მთვარის კოცნას, მთვარის შუქს. ჩუ! აგერ ბულბულმაც დაისტვინა და დაარღვია საერთო დუმილი. იგი უგალობს თავის სატრფოს სიყვარულზე, ბედნიერებაზე, კოცნაზე.
I I
ჯოჯოხეთურ ბნელს მოუცავს მთელი ქვეყანა. გაშავებული ბრაზმორეული ცა სჭექს, თვალთგან ცეცხლის წილ ელვა-მეხს ისვრის, დორბლად კოკისპირულ წვიმას აქცევს და მოსპობას უქადის დედამიწას.
საუკუნოობით დადინჯებული მთაც გახურებულა ცის სითავხედით და ყოველივე რისხვას, მისგან გამოსროლილს, საშინელის გამოხმობით ჰპასუხობს.
ბარს საბრძოლად გაუშლია გული და ყვავილების წილ ეკლები გამოუფენია ცისთვის, რომელსაც გმინვით პასუხობს მის რისხვაზე.
მდინარეც იბრძვის, ღრიალით ეჯახება მის თავისუფლების შემზღუდველ ნაპირებს, დაძლეული უკან ხევს, მეტის სიბრაზისაგან სუნთქვას უმატებს, მკერდს უფრო მაღლა სწევს და ძალას იკრეფს, რომ მეტის გამბედაობით და ხმაურობით დაეჯახოს მის მტანჯველებს. ყველა იბრძვის და მათი ჭექა, ღრიალი, მათი მკაცრი გმირული ხმა საშინელ გრგვინვათ გადაქცეულა. ჩუ! ამ შემზარავ ხმებში ეს რა ტკბილი ჰანგი გამოისმა! ეს ბულბულის ხმაა. იგი დაჰკვნესს ბორკილებათ გადაქცეულ აწმყოს და მოუწოდებს ყველას ბრძოლისაკენ, თავისუფლებისაკენ.
ალ. ცირეკიძე
1910 წ. 1 ნოემბერი
Этот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалить