პატარა, სათუთმა იამ კვირტიდან თავი ამოჰყო, მზეს გაუცინა და ოცნების ფერი მკერდი გადაშალა.
- გული ნუ გადაგიღეღია, დამალე, გაზაფხული არ გეგონოს, - გააფრთხილა დინჯმა ბზამ.
- მზემ გამაღვიძა, თბილა... ყველას დავათრობ სურნელებით, პეპელაც ხომ მოვა, - კეკლუცობს პატარა ია და იმედიანად ათვალიერებს ბუჩქნარს, თავის ქურუმს, პეპელას ელის.
- სულელი, - ბუზღუნებს ბზა.
მზე ჩაესვენა, შებინდდა.
იამ მოიწყინა, არავინ მოვიდა მასთან.
ზამთრის ღამე ცივ ხელს აფოთიალებს.
ია აკანკალდა, მზე მოუნდა, ზევით აიხედა.
- სულელი, სულელი, - დასცინიან ცელქი ვარსკვლავები.
მოიკუნტა ია.
შუაღამისას სული დალია...
1915 წ.
ზ ა მ თ ა რ ი
გაყინულ ფიფქს ქარი ათამაშებს, ანიავებს.
კანკალებენ შიშველი ხეები,სცივათ.
პატარა წიფელს, რომელმაც მარტო ერთი ზაფხული ნახა, აცახცახებს, თვალზე ცრემლი შეყინვია.
- გაზაფხული მინდა... მწვანე კაბა მინდა... - შესტირის დედას.
მოხუცი ხმას არ სცემს, მოხუცი თრთოლვით ღამის ლოცვებს იმეორებს.
და ქარი გიჟდება... ყინავს, ყინავს...
და მთვარე ისე კიაფობს, მთვარე ისე ლამაზია...
- გაზაფხული, გაზაფხული... - ტირის პატარა წიფელი და კანკალებს, თრთის...
ვიღაც კვნესის, ვიღაც კვდება...
და ქარი ისევ ცეკვავს, ისევ მღერის...
მთვარე კეკლუცობს, მთვარე კაშკაშებს, მთვარე ზღაპრებს თოვს...
- გაზაფხული, გაზაფხული, - ვედრებით ჩურჩულებს ცრემლგაყინული პატარა წიფელი...
1916 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий