суббота, 7 декабря 2013 г.

ც ე ც ხ ლ ი


დაღლილი, ოფლიანი დაბრუნდა შინ...
ისევ ის დაფეხვილი სახლი შემოეგება, წვიმისა და ქარის უხვი მასპინძელი...
რახანია ეხვეწება მამას - მთიდან ფიცრებს ჩამოვიტან და ახალ სახლს ავაშენებო, მაგრამ ვერ დაიყოლია მოხუცი.
და ყოველ საღამოს დაცინვით ხვდება ხოლმე კბილებჩაცვივნული ქოხი.
ახლაც... კუნთები აუთრთოლდა, ჯავრობს, უნდა ერთი მოქნევით მილეწოს გაბავლებული ბებრუცანა, მაგრამ მამა ეცოდება. მოხუცს უყვარს თავისი ნაშენი.
კარი შეაღო.
- შვილო, ისევ ჩამოდის წყალი, - მიაგება მამამ, - მე მუხლები მეკვეთება, ადი, შვილო, შეაკეთე!
შვილმა ენას კბილი დააჭირა და მორჩილად ავიდა სახურავზე.
ვახშმობენ.
გარეთ ქარი მატულობს; ოთახშიც უბერავს, სანთელს ეთამაშება
-  მარცხს იზამს ეს ოხერი, -თქვა მოხუცმა.
- ნეტა, სახლს არ დაგვანგრევდეს თავზე და... - წაიტუტუნა ბებიამ და ლოცვა დაიწყო.
- გეუბნებით, ახალ სახლს ავაშენებ-მეთქი და არ მიჯერებთ, - გაბედა შვილმა.
- ჰი... ჰი... ჰი!.. მე მთელი სიცოცხლე მოვანდომე ამ სახლის აშენებას და შენ ერთი სულის შებერვით აპირებ ახლის გაჩენას? არა, შვილო, ეცადე, ეს ძველი არ გადაგვეცალოს თავზე და ახლის იმედი არა მაქვს! - ჩაიცინა მოხუცმა.
რაღას იტყოდა შვილი, ვის დააჯერებდა!
გაუათკეცდა სახლის სიძულვილი, სული ეხუთებოდა ამ დაღმეჭილ ჭერქვეშ.
ჩუ!.. დამწვრის სუნი დგას!..
აწრიალდნენ.
- სახლი იწვის! - საშინელი ხმით დაიყვირა მოხუცმა.
- იწვის! - თავზარი დაეცა ბებიას.
- იწვის, იწვის, დამპალი იწვის! - უხარია შვილს.

.      .     .     . 

ალი  მთელ სახლს მოსდებია, დანაკვერცხლებული საძირკველი ტკრციალით ინგრევა...
მოხუცი სასოწარკვეთილი მიშტერებია თავის ნაშენს...
ბებია ლოცულობს...
შვილი იღიმება...

1915 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий