суббота, 7 декабря 2013 г.

ლ უ რ ჯ თ ვ ა ლ ა



იყო და არა იყო რა, ჩემს დედოფალზე უკეთესი ვინ იქნებოდა?!
მყინვარის წვერზე ბროლის კოშკი რომ არის, იქ ცხოვრობდა დედოფალი, რომელიც ჯერ არავის ენახა. მარტო მის თვალთა ლურჯი შუქი გამოანათებდა ხოლმე მთვარიან ღამეს მთის მწვერვალიდან და თოვლის ფიფქზე ათამაშებდა.
ათასნაირი ზღაპარი იცოდა ხალხმა ამ დედოფალზე. მგოსნები და მემუსიკეები უმღერდნენ მისი სულის მშვენიერებას, მხატვრები და მოქანდაკეები დედოფლის ტანის სილამაზეს ბაძავდნენ.
- დედოფალი უფრო მშვენიერია, დედოფალი უფრო ლამაზია! - ამბობდა ხალხი და სასოებით შესცქეროდა ბროლის კოშკს.
მთვარიან ღამეში შეყვარებულნი დედოფალზე ჩურჩულებდნენ.
- შენი თვალები ისე ლურჯია, როგორც დედოფლის თვალები.
- შენი ულვაში დედოფლის წამწამებსა ჰგავს...
თოხზე დაყრდნობილი შუბლ-ნაოჭიანი გლეხი ფიქრის დასასვენებლად დედოფლის კოშკს გახედავდა ხოლმე.
გადიოდა ჟამი. დედოფალს უმღეროდნენ.
დედოფლის თვალთა ლურჯი შუქი მარტო ზღაპარში დარჩა და ხალხი მაინც უმღეროდა ბროლის კოშკს, ლურჯთვალა დედოფალს.
მგოსნები ლექსებით ამკობდნენ, მხატვრები მის ტანზე ოცნებობდნენ.
ერთ დღეს იჭვიანმა მეცნიერმა დურბინდით გახედა მყინვარის მწვერვალს.
იქ მარტო თოვლი იყო.
და ათასობით დურბინდი მიაჩერდა კოშკს.
ლურჯთვალა არსად ჩანდა.
ათასობით მოხსენებას კითხულობდნენ ცრუ დედოფალზე, ცრუ მგოსნებზე.
მარტო ფერმკთალი ჭაბუკი, რომელმაც თავისი დურბინდი დაამსხვრია, მთვარიან ღამეში ისევ ხედავდა ლურჯ შუქს, თეთრ თოვლზე მოციალეს...

3 ნოემბერი
1915 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий