- ლურჯი ცა! - პათოსით წამოიძახა შალვამ და ლაჟვარდისაკენ ხელი გაიშვირა.
სერგო ყურს არ უგდებს. გულაღმა გაწოლილა მოლიან ფერდოზე და თვალები სავსე მთვარეზე მიუბამს.
- ლურჯი ცა, მწვანე ტყე... - ამბობს შალვა.
- შალვა, იცი, მე რას ვფიქრობ?
- არა!
- ამ ფირუზის ზღვას ნუთუ არ აქვს კიდე, ჰა? რომ მოვწყდეთ მიწას და გადავვარდეთ ამ გარინდებულ ტბაში, სულ ვივლით ნეტა?
- სულ, - გაუბედავად უპასუხა შალვამ და ნელა ჩამოჯდა ხავსიან ქვაზე.
- რას ქვია ეგ სულ? - ჩუმად იკითხა სერგომ და ისევ ფიქრს მიეცა.
შალვა ქვიდან ჩამოჩოჩდა და ისიც გულაღმა შეაჩერდა ცას. ლურჯი, თვალივით ლურჯი... იქნებ, თვალია, ღვთის თვალი... რა იდუმალებით გადმოგვცქერის თითქოს, ყველაფერი იცის შენი, და მისას კი ვერაფერს გაიგებ... და ეს მოწყენილი მთვარე თითქოს, ამხანაგებს მიუტოვებია.
- ხედავ, რა ფერმკთალია მთვარე?
- თითქოს, ტირილს აპირებს?..
- თითქოს, მეგობარი დაკარგვია!
და ორივე შესცქერის გაფითრებულ მთვარეს.
- მთვარე ასე ივლის სულ? - იკითხა სერგომ.
- სულ.
სერგოს გაახსენდა მოხუცი მასწავლებელი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.
- რამდენჯერ უნახავს ეს მთვარე საბრალო დავითს.
- აწი ვერასოდეს ვეღარ ნახავს, - მიუგო შალვამ და ფოთლებმა შეიშრიალეს, აჩურჩულდნენ.
- ვერასოდეს!..
შალვა ისევ მიაშტერდა ცას. რა ღრმაა, რა იდუმალი...
- რო გადავვარდეთ ცაში...
- სულ ვივლით სულ...
- სულ, სულ...- აშრიალდნენ ფოთლები.
ბინდისას ბრუნდებიან. ტყე ძილისთვის ემზადება. კალიები ისე წუწუნებენ, თითქოს ბინა არა აქვთ, სცივათ... დაბლა, ქალაქი ათასი თვალით იცქირება. ფარნები, ლამპები, ჟრიამული...
ისე მოდიან მეგობრები, თითქოს, რაღაც მონათესავე რჩებათ იქ, ფერდოზე...
1915 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий