пятница, 6 декабря 2013 г.

თარგმანი

ოსკარ უაილდი

„ბედნიერი პრინცი“

მდევი ეგოისტი

(ნაწყვეტი)

თარგმანი ალ. ცირეკიძისა

ბავშვები ყოველდღე, შკოლიდან დაბრუნებისას, მდევის ბაღში შედიოდნენ სათამაშოთ.

ეს იყო დიდი ლამაზი ბაღი, სადაც რბილი ბალახი ამწვანებულიყო. ბალახში აქა იქ ამოდიოდა მშვენიერი ყვავილები ვარსკვლავებივით, და თორმეტი ატმის ხე იყო ამ ბაღში; გაზაფხულზე ისინი გაიშლებოდენ ნაზ, ვარდისფერ – მარგალიტოვან ყვავილებათ, შემოდგომაზე კი დიდძალი ხილი მოქონდათ. ხეების ტოტებზე ფრინველები იჯდენ და გალობდენ ისე ტკბილათ, რომ ბავშვები თამაშს სტოვებდენ და ისმენდენ მათ ხმებს.

- აქ რა კარგია! - ეუბნებოდენ ერთმანეთს.

ერთხელ მდევი სახლში დაბრუნდა. ის მოსანახავათ წასულიყო თავის ამხანაგთან, კორნუელის კაციჭამიასთან, და შვიდ წელიწადს იყო მის სტუმრათ. შვიდი წლის გამნავლობაში უამბო მას ყველაფერი, რისი თქმაც შეეძლო, რადგან გძელათ ლაპარაკის მოყვარული არ იყო, და გადასწყვიტა თავის ციხეში დაბრუნება. შინ მოსულმა დაინახა ბავშვები, რომლებიც ბაღში თამაშობდენ.

- თქვენ აქ რას აკეთებთ? - დაუყვირა მრისხანე ხმით, და ბავშვები გაიქცენ.

- ჩემი საკუთარი ბაღი, ჩემი საკუთარი ბაღი არის, - თავისთვის სთქვა მდევმა: - ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, და ჩემი თავის გარდა ჩემ საკუთარ ბაღში თამაშის ნებას არავის მივცემ.

და შემოავლო მას მაღალი ღობე და გამოკიდა წარწერა:

შესვლა

სასტიკად

აკრძალულია.

ეს მდევი ასეთი ეგოისტი იყო.

ამის შემდეგ საწყალ ბავშვებს სათამაშო ადგილი არარსად ჰქონდათ. აცადეს გზაზე ტამაში, მაგრამ იქ მეტათ ბევრი მტვერი და წვეტიანი ქვები იყო, და ეს არ მოეწონათ. ახლა გაკვეთილების შემდეგ ისინი მაღალი ღობის გარშემო დაეხეტებოდენ და ლაპერაკობდენ იმის შესახებ, თუ რა ლამაზი იყო ბაღში.

რა ბედნიერები ვიყავით იქ! - უმეორებდნენ ერთმანეთს. მოვიდა გაზაფხული, და მთელ დედამიწაზე გაჩნდენ პატარა ყვავილები და პატარა ჩიტები. მხოლოდ ეგოისტ- მდევის ბაღში კიდევ გრძელდებოდა ზამთარი. ფრინველებს არ უნდოდათ იქ გალობა, რადგან იქ ბავშვები არ იყვბენ, ხეებს კი აყვავება დაავიწყდათ. რომელიღაც მშვენიერმა ყვავილმა ის იყო წამოსწია თავი ბალახიდან, მაგრამ, ეს წარწერა რომ დაინახა, ისე მოიწყინა ბავშვებისათვის, რომ ისევ მიწაში ჩაიმალა და ძილს მიეცა.

ხარობდენ მარტო თოვლი და ყინვა.

-გაზაფხულს დაავიწყდა ეს ბაღი, - ყვიროდენ ისინი: - ჩვენ აქ მთელი წლით დავბინავდით.

თოვლმა თავისი თეთრი ფართო მოსახურავით დაჰფარა ბალახი, ყინვამ კი ყველა ხეები გადაანტვრია. შემდეგ იმათ სტუმრათ მოიწვიეს ჩრდილოეთის ქარი, და ის გამოცხადდა, ტყავებში შეფუთნული, და მთელი დღეები დაღმუოდა და ბღაოდა ბაღში და სახურავებიდან ბუხრის თავებს ჰგლეჯდა.

-რა წარმტაცი ადგილია, - თქვა მან: - სეტყვაც უნდა მოვიწვიოთ სტუმრათ!

და აი გაჩნდა სეტყვა ყოველ დღე სამ-სამ საათს უკაკუნებდა ის ციხის სახურავს, ასე რომ თითქმის მთელი კრამიტი გადალეწა, შემდეგ კი უფრო ჩქარა და ჩქარა დატრიალდებოდა ბაღში, რაც ძალა ქონდა. ის რუხათ იყო მორთული და და მისი სუნთქვა იყო ყინულივით.

-ვერ გამიგია, ასე რათ დაიგვიანა გაზაფხულმა,- ამბობდა მდევი ეგოისტი ფანჯარასთან დამჯდარი და ათვალიერებდა თავის თეთრ ცივ ბაღს. - იმედი მაქ, რომ ამინდი გამოიცვლება.

მაგრამ გაზაფხული არ მოვიდა, არ მოვიდა ზაფხულიც. შემოდგომამ თვითოეულ ბაღს აჩუქა თავისი ოქროს ნაყოფი, მაგრამ მდევის ბაღს არაფერი მისცა.

- მდევი მეტად დიდი ეგოისტია, - თქვა მან.

ასე რომ ამ ბაღში სულ ზამთარი გრძელდებოდა, და ჩრდილოეთის ქარიც, სეტყვაც, ყინულიც, თოვლიც ცეკვავდენ ხეებში.

როგორღაც დილით მდევი თავის ლოგინში იწვა და უეცრათ მოესმა რაღაც მშვენიერი მუსიკა. ისე ტკბილათ ისმოდა , რომ გაიფიქრა, ციხის ახლო მეფის მემუზიკენი ხომ არ მიდიანო. ეს იადონი იყო, ის ამღერდა მისი ფანჯრის ქვეშ, მაგრამ ისე დიდი ხანი არ მოესმინა თავის ბაღში მგალობელი ფრინველები, რომ ეს მოეჩვენა უმშვენიერეს მუსიკათ ქვეყანაზე. მალე სეტყვამ მის თავზე ცეკვა მიატოვა. ჩრდილოეთის ქარმაც ღრიალი შესწყვიტა, და ტკბილი სურნელება მოვიდა ღია ფანჯარაში.

- ბოლოს, მგონი, მოვიდა გაზაფხული, - თქვა მდევმა; და ლოგინიდან წამოვარდნილმა ბაღში გადაიხედა.

რა დაინახა?

დაინახა საოცარი სანახაობა, ღობის პატარა ჭუჭრუტანიდან, ბავშვები ბაღში გადამძვრალიყვნენ და ხეების ტოტებზე ისხდნენ. თითოეულ ხეზე პატარა ბავშვი იყო. და ხეებს ბავშვების დაბრუნება ისე უხაროდათ, რომ მაშინვე ყვავილებით დაიფარენ, და მათი ტოტები ნაზათ ქანაობდენ ბავშვების თავზე. ყვეელგან ფრინველები დაფრინავდენ და სიხარულით ჭიკჭიკობდენ, და მწვანე ბალახიდან ყვავილები გამოიცქირებოდენ და იცინოდენ. ჩინებული სურათი იყო; მხოლოდ ერთ კუთხეში წინანდულათ ზამთარი მეფობდა. ეს ბაღის სულ შორეულ კუთხეში იყო, და იქ პატარა ბიჭი იდგა. ის ისე პატარა იყო, რომ ტოტს ვერ სწვდებოდა და მხოლოდ ხის გარშემო დადიოდა მწარედ მტირალი. საბრალო ხე კიდევ თოშით და თოვლით იყო დაფარული, და ჩრდილოს ქარი ბორგავდა და ღრიალებდა მის თავს.

- ამოპორტყდი, პატარა ბიჭო! - ასე ეუბნებოდა ხე და რაც შეიძლება დაბლა უწევდა ტოტებს; მაგრამ ბიჭი ჯერ სულ პაწაწინა იყო.

და მდევის გული მოლბა, როდესაც ეს დაინახა.

-რა ეგოისტი ვიყავი! - თქვა მდევმა. - ახლა კი მესმის, გაზაფხული აქ რატო არ მოდიოდა. მე შევაჯენ ხეზე ამ საბრალო პატარას, შემდეგ კი ამ ღობეს დავანგრევ, და მუდამ იხალისებენ ბავშვები ჩემ ბაღში.

მართლაც ძალიან სწუხდა იმის გამო, რაც ჩაიდინა.

და აი ფრთხილად ჩამოვიდა კიბეზე, წყნარათ გამოაღო შემოსასვლელი კარები და ბაღში გავიდა. მაგრამ ბავშვები მისი დანახვით ისე შეშინდენ, რომ ყველა გაიქცა, და ბაღში ისევ ზამთარი მოვიდა. არ გაქცეულა მხოლოდ პატარა ბიჭი, რადგან მისი თვალები ცრემლებით იყო ავსებული და მდევი არ შეუნიშნავს. მდევი მიეპარა მას უკანიდან, ნაზათ ასწია ხელით და ხეზე დასვა. და ხე მაშინვე დაიფარა ყვავილებით, და ჩიტები მიფრინდნენ მასთან და გალობა. და პატარა ბიჭმა გამოუწოდა ხელები და ყელზე მოეხვია მდევს და აკოცა. და სხვა ბავშვებმაც, როდესაც დაინახეს, რომ მდევი ავი აღარაა, უკანვე მოირბინეს, და მათთან ერთად გაზაფხული მოვიდა.

- ეხლა ეს თქვენი ბაღია, ჩემო საყვარელო ბავშვებო, - თქვა მდევმა, და აიღო დიდი ნაჯახი და ღობე დაანგრია.

შუადღით ხალხი ბაზარში მიდიოდა და ნახეს, რომ მდევი ისეთ ლამაზ ბაღში თამაშობდა ბავშვებთან, როგორიც მათ არასოდეს არ ენახათ.

ისინი თამაშობდნენ მთელი დღე, საღამოთი კი გამოსამშვიდობებლათ მივიდენ მდევთან.

- მაგრამ სადღაა თქვენი პატარა ამხანაგი? - ჰკითხა მდევმა: - ბიჭი, რომელიც ხეზე შევაჯინე?

ის ყველაზე მეტად შეუყვარდა, რადგან იმან აკოცა მას.

- არ ვიცით, - უპასუხეს ბავშვებმა: - ის სადღაც წავიდა.

- უთხარით, რომ ხვალ უეჭველათ მოვიდეს – თქვა მდევმა.

მაგრამ ბავშვები ამბობდენ, რომ არ იციან ის სად ცხოვრობს, და რომ წინეთ იგი არასოდეს არ უნახავთ; და მდევი დამწუხრდა.

ყოველ დღე, სასწავლებლის შემდეგ, ბავშვები მიდიოდნენ მდევთან სათამაშოდ. არც ერთხელ არ გამოჩენილა პატარა ბიჭი, რომელიც მდევს შეუყვარდა. ყველა ბავშვებს ეფერებოდა მდევი, მაგრამ მას ენატრებოდა თავისი პირველი პატარა მეგობარი და ხშირათ ლაპარაკობდა მის შესახებ.

-როგორ მინდა მისი დანახვა!- არა ერთხელ ამბობდა მდევი.

გავიდა წლები, მდევი ძლიერ დაბერდა და დასუსტდა. აღარ შეეძლო თამაში და მხოლოდ იჯდა დიდ სავარძელში, და უცქეროდა ბავშვების შექცევას და თავისი ბაღით აღტაცებაში მოდიოდა.

ბევრი ლამაზი ყვავილი მაქ, - ამბობდა ის: - მაგრამ ყველაზე ლამაზი ყვავილი – ესაა ბავშვები.

ერთ ზამთრის დღეს, ჩაცმის დროს, ფანჯარაში გაიხედა. ახლა აღარ სძულდა ზამთარი, რადგან იცოდა, რომ ამ დროს გაზაფხულს მხოლოდ სძინავს, ყვავილები კი ისვენებენ.

უეცრათ დაიწყო გაოცებით თვალების ფშვნეტა და სულ იცქირებოდა და იცქირებოდა. და მართლაც საოცარი სანახაობა დაინახა. ბაღის უშორეს კუნჭულში იდგა ხე, სულ დაფარული თეთრი ყვავილებით. მისი ტოტები ოქროსი იყო და მათზე დაკიდებულიყო ვერცხლის ნაყოფები და ხის ქვეშ იდგა პატარა ბიჭი, სწორედ ის, რომელიც მას შეუყვარდა.

დიდი სიხარულით ჩაირბინა მდევმა ძირს და ბაღში გავარდა. პირდაპირ ბალახზე გაიქცა ბავშვისკენ. და როდესაც სულ ახლოს მიირბინა, მისი სახე გაწითლდა რისხვისაგან და თქვა:

- ვინ გაბედა შენი დაჭრა?

რადგან ბავშვს ხელის გულებზე ჭრილობები ჰქონდა ორი ლურსმისაგან, და ჭრილობები ორი ლურსმნისაგან ფეხებზე ჰქონდა მას.

-ვინ გაბედა შენი დაჭრა? - ისევ იყვირა მდევმა. - მითხარი და მე ავიღებ ჩემს ხმალს, წავალ და მოვკლავ მას.

- ო, არა! - მიუგო ბავშვმა. - ეს ხომ სიყვარულის ჭრილობებია.

- ვინა ხარ შენ? - ჰკითხა მდევმა და საოცარმა შიშმა შეიპყრო, და იმან მუხლი მოიყარა ამ პატარა ბავშვის წინაშე.

და ბავშვმა გაუღიმა მდევს და უთხრა მას:

- ერთხელ შენ შენ ბაღში თამაშის ნება მომეცი მე; დღეს შენ წამოხვალ ჩემ ბაღში, ჩემი ბაღი კი სამოთხეა.

და როდესაც ბავშვებმა, სასწავლებლის შემდეგ, ბაღში მოირბინეს, დაინახეს, რომ მდევი მკვდარი ძევს ხის ქვეშ, ხე კი მთლად თეთრად აყვავებულა.

სანდრო ცირეკიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий