пятница, 6 декабря 2013 г.

გიორგი აბზიანიძე


(სილუეტი)

,,უნაზესი მთვარეული'' - ამ სახელით არის და იქნება მარადის ჩემს გულში სანდრო.

ყოველთვის, როცა მე მასზე ვფიქრობ, იგი წარმომიდგება, როგორც უინტიმესი აჩრდილი `გამოუთქმელი და იდუმალი~, რომელიც იყურება დალურსმული ნაზარეველის გაფითრებული სახით და მოკლული თვალებით. იგი სიცოცხლეში პირველ ყოვლისა იყო პოეზიის იდუმალებათა მოგვი და ვიზიონერი, `გამოუთქმელი და ფარული~.

სანდრო ცირეკიძე ამართლებდა სტეფან მალარმეს თქმას, - `რომ პოეზიაში უნდა იყოს საიდუმლო, და თვით პოეზია არის უხილავი იზიდა~. იგი კიდეც მოელოდა `ამაყ პოეტებს, რომლებიც აღარ გამოსთქვამდნენ თავის განცდებს~.

მისი `მთვარეულები~ არის ლოცვა, რომელშიც ისმის რაღაც თავისებური, უყვავილესი და განუმეორებელი.

`მთვარეულები~ ანთებულია პოეტის უმძაფრესი გზნებით, მაგიური ინტიმით და უნაზესი სიყვარულით.

ფილისტერებს აკვირვებს `მთვარეულებში~ მასალის – სიტყვის სასწაულებრივი შეკუმშვა და დაწურვა ასეთ მაღალ ფორმებში. მათ თვალებს უბრმავებს `მთვარეულების~ ვიზიონერული, ფანტასტიური ეგზოტიკა, მაგრამ ამ `გობელენურ ქსოვილების~ მიღმა ვერ ხედავენ ღმერთის სიახლოვეს.

სანდრო ცირეკიძე იყო ქართული პროზის მაესტრო და ნოვატორი.

იგი იყო ყველაზე უშუალო პოეტი.

მისი სრულიად ახალი პრობლემები პროზის და პოეზიის საზღვრების აღმოჩენის და პოეზიის სათაურით ამოწურვისა, უეჭველათ ამტკიცებს მის იშვიათ ანალიტიკურ ჭკუას და დიდ ინტუიციას.

იმ უჩვეულო პრობლემებს, რომლებსაც სანდრო ცირეკიძე ატარებდა ტუბერკულიოზით დამწვარ თავის ფილტვებივით და რომლებმაც დიდი პანიკა გამოიწვია თავის დროზე – კიდევ დიდხანს ექნება რეზონანსი.

სანდრო იყო უცხო იუველირი სიტყვისა. სიტყვა უყვარდა და თან ებრძოდა, რადგან სწამდა, რომ სიტყვა ვერ დაიტევს `უკლებელ~ განცდას.

იგი იყო უნაკლო ოსტატი სიტყვისა – და, როგორც საუკუნეების დუმილს ამოფარებული ბაგრატის ტაძრის ზვიადი ხელოვანი ფაზისის წყლით განბანილ ქვებს აჩუქურთმებდა, - ისე სანდრო ცირეკიძე თვლიდა ფაზისის დუდუნში აყვავილებულ სიტყვას, რომელზედაც შეყვარებული იყო, როგორც უნაზეს ქალწულზე.

მისი უმძაფრესი ხილვის ობიექტი იყო ბაგრატის ტაძრის ნანგრევების ზღაპრული სიდიადე, სადაც იგი დადიოდა მთელი დღეები, როგორც სომნამბულა და უჩვეულო სიხარულის ჟრუანტელს გვრიდა ყოველი ქვა, რომლის ფერწასულ იდუმალებათა მისანი იყო თვითონ.

ბაგრატის ტაძარი იყო მისთვის მედიუმი, რომელიც საუკუნეების უნაპირო უფსკრულიდან მოაჩვენებდა ანთებულ ოქროს ეპოქას მთელი თავისი ზვიადობით, სიძვირფასით და ბრწყინვალებით.

ამ მზიური, ლეგენდარული საუკუნეების ტრაგიკული ხმა და ზმანება ასახელებდა სანდროს ფანტაზიას და მისი მთრთოლვარე სული იწოდა მშვენიერების ცეცხლით, უკვდავებით და სიყვარულით.

უკანასკნელათ მისთვის შთაგონების სიმაღლე და მისი სულის უნაზესი ლოცვა იყო სტეფან მალარმეს პროზა.

მის ხელში მალარმეს გაფითრებული სტრიქონები მეორე აღდგომას განიცდიდნენ. მართლაც, მალარმეს – სერაფიმის ფრთასავით თოვლისფერ წიგნში იგრძნობა ლოცვის მუსიკალური მინორი და განუმეორებელი სიყვარულის ნათელი.

სანდრო ცირეკიძე ყველაში იწვევდა გაოცებას თავის მომაჯადოებული ხასიათით. იგი, როგორც ადამიანი, პირველათ ყოვლისა იყო თვითონ `სიყვარული~ და `სინაზე~. ამით ხიბლავდა იგი ყველას. მისი ქალწულებრივი და მთრთოლვარე სული მარად იყო აგზნებული სიყვარულის და სინაზის ცეცხლით.

სანდროს სახელი დარჩება მარადის ყველას გულში, ვისაც კი ის უგრძვნია და იგი გაანათებს, როგორც განუმეორებელი მითი სიყვარულისა.

სანდრო დაჯილდოებული იყო იშვიათი ორგანიზატორის ნიჭით. მისგან იწყება ქართული წიგნის ესთეტიური კულტურის ისტორია.

მან ჩაუყარა ფუნდამენტი ქუთაისის მწერალთა კავშირს, რომელსაც შესწირა თავისი სიცოცხლე. კავშირის წიგნების გადატანის დროს გაცივდა და მთლად მოეღო ბოლო მის ჯანმრთელობას.

ს. ცირეკიძეს შვიდი აწვალებდა ჭლექის ბაცილები.

იგი მოინელა ტუბერკულიოზმა განაწამებ ლაფორგივით.

მისი სიკვდილით ქართულმა პროზამ დაკარგა გენიალური მაესტრო და ნოვატორი.

ჭლექიან პოეტთან ერთად მასში მოკვდა უკეთილშობილესი, უყვავილესი და განუმეორებელი `ხასიათი~, მაგრამ სანდროს ნათელი ხსოვნა დარჩება ქართულ პოეზიაში, როგორც ლეგენდა და მისი აჩრდილი ასტრალივით გაანათებს ლირიკის ელიზიუმს.

მისი პოეზია კი, რომელშიც უხილავი ზარების ქვითინივით ისმის უტკბილესი მინორი, მარად იელვებს, როგორც ფანტასტიური, გაწყვეტილი ზღაპარი და სამარადისო სიყვარული.



23.I.1926 წ.

ქუთაისი



მინაწერი



ეს წინათქმა უთუოდ თხოულობს ორიოდე სიტყვის თანდართვას: 1923 წლის იანვარში მამაჩემს – გიორგი აბზიანიძეს (1907-1976), იმხანად 15 წლის ქუთაისელ მოწაფეს, ორი უფროსი მეგობარი გარდაეცვალა ჭლექით – შალვა კარმელი და სანდრო ცირეკიძე.

ორივე მათგანს გიორგი აბზიანიძემ იმავ იანვარში 1923 წლისა ძალზედ სათუთი წერილები უძღვნა და ამ ორი პორტრეტის (უფრო, ალბათ – სილუეტის) შექმნით გამოიგლოვა თავისი უფროსი მეგობრები.

ახლა, როდესაც სანდრო ცირეკიძის `სილუეტი~ წინ უძღვის მისი უბის წიგნაკის გამოცემას, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს წინათქმაც ისეთივე დოკუმენტია იმ რომანტიკული და ტრაგიკული დროისა, როგორც ესოდენ ადრე წასული მწერლის ფერგამკრთალი დღიური.



ზაზა აბზიანიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий