სერგო კლდიაშვილი |
ის იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იმ ლიტერატურულ დაჯგუფებისა , რომელიც ცნობილია სახელწოდებით ,,ცისფერყანწები''.
სანდრო ცირეკიძე 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მოასწრო მხოლოდ ერთი პატარა წიგნის ,,მთვარეულები''-ს გამოქვეყნება. წიგნში 12 მინიატურაა. წიგნის სათაური ერთი მინიატურის სახელწოდებას ატარებს. ეს შემთხვევითი როდია. ყველა დანარჩენი მინიატურა მისი გამწყობილების გაგრძელებაა. ამ მინიატურაში გამომჟღავნდა არა მარტო მწერლის შემოქმედების ხასიათი, არამედ ის დამახასიათებელი სახე მისი ცხოვრებისა და ყოველდღიურობისა. ცირეკიძემ მართლაც ისე იცხოვრა, როგორც მთვარეულმა და მისი სიკვდილიც საკვირველი წინასწარმეტყველებით იყო თქმული ამ მინიატურაში.
სანდრო ცირეკიძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1895 წელს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა გადასულიყო კიევში და იქ დაესრულებინა უმაღლესი სასწავლებლის კურსი.
1911 წლიდან, როცა პირველად დაიბეჭდა მისი მხატვრული ნაწარმოები თბილისისა და ქუთაისის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში , მერე ხშირად აქვეყნებდა მოთხრობებსა და მინიატურებს, წერილებს მხატვრული მხატვრული ლიტერატურის საკითხებზე.
სანდრო ცირეკიძის გარდაცვალებამ გულწრფელი მწუხარება გამოიწვია ჩვენს ლიტერატურულ საზოგადოებაში. მის მეგობრებთან და სხვა ახალგაზრდა მწერლებთან ერთად, უფროსი თაობის გამოჩენილმა მწერლებმა – დავით კლდიაშვილმა, ვასილ ბარნოვმა და სხვებმა გულწრფელი გულისტკივილი გამოთქვეს მაშინდელ პრესაში.
ერთ-ერთი ქართველი კრიტიკოსი ალი არსენიშვილი შემდეგი სტრიქონებით გამოეთხოვა ჟურნალ ,,კავკასიონის'' ფურცლებზე ახალგაზრდა მწერალს: ,,უთუოდ დიდი განცდითაა ნაკურთხი ის წუთები, როდესაც ოსტატის სული პირველად შეარხევს მშვენიერების ხარბ მზვერავის მთვლემარე სულს; ასეთი ბედნიერება ჰქონდა სანდრო ცირეკიძის გობელენურ ქსოვილებს. მან უეცრად გაახარა მისი პირველი მკითხველი თავისი ფერწერული იდუმალებით...
...მისი პოეზია დარჩა როგორც გაწყვეტილი და დაუსრულებელი სევდა ზღაპრისათვის;;.
როგორც აღვნიშნეთ სანდრო ცირეკიძე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი იყო ღრმად ერუდირებული, თავის წლებისათვის ბევრად მცოდნე, ჭაბუკობის წლებისათვის უჩვეულოდ განათლებული.
მისი წერილები მხატვრული ლიტერატურის საკითხებზე დიდი ინტერესით იკითხება და ამჟღავნებენ როგორც მწერლის ერუდიციას, ისე გემოვნებას.
ადამიანის, ცხოვრების სიყვარული – აი ცირეკიძისათვის დამახასიათებელი თვისება. ამ სიყვარულით მიაბიჯებდა ის ცხოვრებაში, ამ სიყვარულის გზით მიდიოდა მომავლისაკენ.
სანდრო ცირეკიძე თავისი დროის ეპოქის პირმშოა.ის ტკივილები, რომლებიც ახასიათებდა მაშინდელ ინტელიგენციას, ჩანს მის მინიატურებში.
ოქტომბრის რევოლუციის წინა წლებში, მინიატურა, პროზის ეს ფორმა , დიდად განვითარებული იყო, განსაკუთრებით ქართულ მწერლობაში. ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი, ტიციან ტაბიძე, კ.აბაშისპირელი (კ. გამსახურდია), არისტო ჭუმბაძე,დია ჩაინელი,ჯაჯუ ჯორჯიკია და სხვები უმთავრესად ამ ჟანრში მუშაობდნენ.
იმ დროს, როცა სანდრო ცირეკიძეწერდა, ჩვენც მისი ტოლები ვიყავით ასაკით. მაშინ მის ახლო მეგობრებსაც გვახასიათებდა გატაცება სიმბოლიზმით. გადამეტებული ძიება ფორმისა, ცოტად თუ ბევრად ბუნდოვანი ოცნებები. შემდეგში სულ სხვა მხრივ წარიმართა ჩვენი შემოქმედებითი გზა. ჩვენ იმ გზას დავადექით, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა რეალიზმთან, ამ ერთადერთ სწორ მიმდინარეობასთან, რომელიც მარადიული და ერთადერთი გზაა მწერლობაში.
სანდრო ცირეკიძე, დარწმუნებული ვარ დიდ კვალს დასტოვებდა ქართულ ლიტერატურაში.
სანდრო ცირეკიძის ფრაზა საერთოდ მოკლეა. თითქმის ყოველთვის წინადადება სამი-ოთხი სიტყვისაგან არის შემდგარი, ზოგჯერ ორი ან ერთი სიტყვისაგან. ამგვარი ეკონომია მწერლის სტილია. და ეს ხერხი დამახასიათებელია ცირეკიძისათვის.
მისი მინიატურები უმთავრესად ნაღვლიანია, მაგრამ ავტორს ნუ დავწამებთ, თითქოს ის ავადმყოფური განწყობილების მქონეა. ის მხოლოდ გადმოგვცემს თავისი დროისათვის სახასიათო მოვლენებს და დროის ინტელიგენციის სულიერი განწყობილების გამომხატველია.
თვითონ ავტორი უარყოფითად უყურებს ამგვარ განწყობილებას. ყოველივე ამას გადმოგვცემს არა ლოზუნგებით, არამედ ჭეშმარიტი მხატვრული ხერხით.
ავტორმა კარგად იცის, და ამას მისი მხატვრული შემოქმედება და წერილებიც ლიტერატურის საკითხებზე გვასწავლის, რომ დეკლარაციული წესით გამოთქმული აზრი ვერასოდეს ვერ ახდენს საჭირო გავლენას და ზოგჯერ საწინააღმდეგო შედეგსაც გვაძლევს.
წარმოადგენს თუ არა სანდრო ცირეკიძის შემოქმედება რაიმე ღირებულებას ჩვენი დროისათვის, მოხვდება თუ არა გულზე მისი მინიატურები თანამედროვე მკითხველს, - ასე საკითხის დასმა, მგომი არ იქნება მართობული. სანდრო ცირეკიძის შემოქმედება, მისი მინიატურების სიუჯეტური თავისებურება და სტილის ხასიათიც იმ დროის სულიერ განწყობასთან კავშირშია. თუ მას მოვწყვეტთ იმ წლებს, როცა მისი მინიატურები იწერებოდა – მაშინ, რა თქმა უნდა, გაუგებრად და ჩვენთვის უცხო განწყობილებათა გამოყენებად ჩავთვლით მხოლოდ. ცირეკიძის ნაწერების ღირსება სწორედ ის არის, რომ ისინი თავის დროის რეალური სამყაროს, რეალური განწყობილებების გამომხატველია. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა მისი მინიატურები მთვარეულნი, სპლეენ, მოზაიკის ღვთიშობელი.
თუ როგორ განვითარდებოდა მისი მხატვრული მეთოდი მომავალში, როგორ განვითარდებოდა მისი პროზა, ამაზე მიგვანიშნებს მისი პატარა მოცულობის ნაწარმოები ,,რომანი''. მწერალი აქ ჯერ კიდევ იცავს შეხედულებას პროზის შესახებ. მაგრამ, როგორც ეს ადვილად შეინიშნება„რომანი'' გვაფიქრებინებს, თითქოს ეს მოკლე სქემაა მრავალპლანიანი პროზაული ნაწარმოებისა.
მისი წერილები მხატვრული ლიტერატურის საკითხებზე თავის დროზე მოწინავე აზრებს ატარებდნენ და ნათლად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მომავალში სანდრო რეალიზმის გზას ასრჩევს.
ავადმყოფობის მიუხედავად სანდრო თავის თავს არ ზოგავდა და მუდამ პრაქტიკულ მუშაობას ეწეოდა. მისი რედაქტორობით გამოვიდა რამდენიმე ნომერი ჟურნალ „შვილდოსანისა''. სანდროს წიგნის გამოცემის საქმე უყვარდა. მასავით უნარიანი არავინ იყო ჩვენს მეგობრობაში. მთელი დღეობით შეეძლო სტამბაში ყოფნა და კორექტურაში კირკიტი. მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით დაიბეჭდა „ახალი პოეზიის ანთოლოგია'', ვალერიან გაფრინდაშვილის და კოლაუ ნადირაძის პირველი წიგნები. ფრანგი პოეტის მალარმეს ლექსების თარგმნები. ამ თარგმნებზე დიდი მუშაობა აქვს გაწეული სანდროს.
სანდრო ცირეკიძეს, რომელმაც ფრანგული ლიტერატურა და რაც მთავარია ფრანგული ენაც საფუძვლიანად იცოდა, ელენე ნაზარიშვილთან ერთად განზრახული ჰქონდა ფრანგი სიმბოლიტების – პროზაიკოსებისა და პოეტების – ვრცელი ათოლოგიის გამოცემა.
სანდრო ცირეკიძე დაკრძალულია ახლანდელ კიროვის პარქში, სადაც განისვენებს დანიელ ჭონქაძე და ლავრენტი არდაზიანი.
1975 წ.
. . .
ჩემო კარგო სანდრო! შენ ნაწყენი ხარ ჩემზე ჯერ კიდო ქუთაისიდან. უსინდისო და ღორი ვარ მე შენს წინაშე, მაგრამ დამიჯერე მხოლოდ ის, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. შენ შეგიძლია ჩამთვალო შენი ნაცნობებს შორის უფრო დაახლოვებულ ნაცნობათ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება შენდამი ასეთი არაა. შენი მეგობრობა ყველაზე უფრო დიდი და წმინდაა ჩემთვის. არასდროს მომითხოვია შენგან მაგიორი და ალბათ არც მაქვს ამის უფლება, მხოლოდ ერთს მოგთხოვ – ჩემს სიყვარულზე სიცივით ნუ მიპასუხებ. შენი ავათმყოფობა ჩემთვის დიდი მწუხარება იყო და შეიძლება შენს შემდეგ ისე არავის ეშინოდა, როგორც კალისტრატეს და მე.
ამ წერილის დროს უეცრად მოვიდა კოლიას თანამგზავრი და მაჩქარებენ.
ბახტრიონში დამაწყებინეს გაბითურებული წერილები. ილიაზე რომ წერილი მქონდა დედანში ცოტა სხვანაირად იყო აღარ მაცლიან წერას, მიდიან. გიკოცნი შენს უშველებ თვალებს. სანდრო, არ იყო დღე რომ სანდროს სახელს რამოდენიმე საათით არ აევსოს ის. შენ არ იცი თუ რა დიდი სიყვარული მაქვს შენი. მაპატიე თუ წერილი ვერ გამოგიგზავნე. ახლაც სამი წერილი მაქვს დაწერილი შენთვის გამოუგზავნელი. განა ეს თითქმის იგივე არაა?! ჩემი მისამართია: რუსთაველის პროსპ. №19 შრომის სახალ. კომისარ. შრომის დაცვის განყოფილებაში. სულელი კოლია! არაფერი დამაწერია. თუ ჩემი წერილები გაგახარებს, აწი ძალიან ხშირათ მოგწერ. ჩემო სანდრო, ჩემო საყვარელო სანდრო! გაკოცებ ბევრს, ბევრს, ბევრს. სონიამ მოგიკითხა.
შენი სერგო კლდიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий