пятница, 6 декабря 2013 г.

ვალერიან გაფრინდაშვილი


 
ვალერიან გაფრინდაშვილი
    თუ ტიციან ტაბიძის ღერბი არის მორალი, გრიგოლ რობაქიძის – დიონისი, პაოლო იაშვილის შუადღე, სანდრო ცირეკიძის ღერბია ჭეშმარიტი ტუბერკულიოზი. ეს არ არის გამოგონილი ღერბი, ეს ნამდვილი ღერბია, რომელსაც ღირსეულად ატარებს სანდრო ცირეკიძე.ის ძველი ყანწელია და ბრძოლაში ერთხელაც არ დაუხევია უკან. ამას მოწმობს მისი ჟურნალი ,,შვილდოსანი''. თავის ღარიბ გვარს სანდრო ცირეკიძემ მოუპოვა ლიტერატურული აზნაურობა და ის ამ შემთხვევაში თვითონ იყო თავისი თავის აშორდია. ქუთაისის დაისიდან სანდრო ცირეკიძე იყურება, როგორც მალარმეს გაყინული გედი.

ის, რაც ბეგემოტის ხმით ყვირის პარიზისა და შექსპირის სახელებში – ქვითინებს სანდრო ცირეკიძის და ქუთაისის სახელში. თანამედროვე მწერლობამ დაივიწყა დიდი პოემები და ტრაგედიები. მეტი ინტიმობისათვის საჭირო გახდა ლირიკა და მინიატურა. ცირეკიძე არ არის მხოლოდ მხატვარი სიტყვის. ის ქმნის თავის კრიტიკულ წერილებში მინიოატურის პოეტიკას. ცნობილია მისი გაბედული პარადოქსი: სათაური ამოსწურავს პოეტის შემოქმედებას და ავტორებიდან დარჩება მხოლოდ სათაური. რომანი ცირეკიძემ მინიატურად აქცია. სანდრო ცირეკიძე იმდენად იცავს სიტყვის ეკონომიას, რომ მისთვის შეუძლებელი შეიქმნა ხშირათ წერა. ეს ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ასე ფრთხილად ეპყრობა სიტყვას, უნდა დადუმდეს ისე, როგორც დადუმდა თვრამეტი წლის რემბო . შეიძლება სანდრო ცირეკიძემ სათაურების წერა დაიწყოს. ცირეკიძემ უთუოდ გაიარა ბოდლერის და მალარმეს შკოლა. მაგალითად, მის შესანიშნავ ,,მთვარეულში'' არის შორეული გავლენა ბოდლერის ,,მნთვარის საჩუქრების''. მან სთარგმნა ქართულ ენაზე მალარმეს პოემები პროზით. სანდრო ცირეკიძე, როგორც როდენბახი უმღერის ქუთაისს – მკვდარ ბრიუგგეს. ღიმილი აკლია მის შემოქმედებას. ეს არის სევდა, მით უფრო კეთილშობილი, რომ ის ხშირად უმიზეზოა. ლაფორგის პროვინციალური მთვარე ათეტრებს ქუთაისის ქუჩებს, პოეტი სდგას დაჩოქილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან და იხედება წარსულში. ცირეკიძე არ არის ბანალური პესიმისტი, მაგრამ მისი სიმბოლური ფენომენია, რადგან მას არ ჯერა ეს ქვეყანა და საგნების იქით იხედება. მისივე სიტყვით პოეტს შეუძლია შექმნას მხოლოდ ბუტაფორია ამ იდეალური მსოფლიოსი, რომელსაც ეშურება პოეტის ოცნება. თითქოს ქვეყანა ეკითხება პოეტს – როგორც მის ლეა-ლე ეკითხება ლაფორგს, იტყვის თუ არა ის რეკვიემს. სანდრო ცირეკიძე არ დასწერს რეკვიემს, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება, როგორც მეტერლინკის ლირიკული ლექსები, ინაზებიან სანდრო ცირეკიძის მინიატურები. ეს არის ნაჩრდილების პოეზია, მომხიბლავი, როგორც მორცხვი ტრაულური სურნელება და გვაბრუებს ჩუმი სიტყვებით, სიზმრებით, სიზმრებით და ბუნდოვანი სახეებით. მას უყვარს მარტოობა,ზამთარი, საღამო, მაგრამ ოთახის და ნანგრევების ჩარჩოში, მის პოემებში პირველად იწმინდება ქართული პროზა: ეს პროზა ფრთხილია, დღენეკლული და სათუთი... ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმებმა თითქოს გადასცეს თავისი იდუმალი ძალა სანდრო ცირეკიძეს, ქუთაისი, ბალახვანი, არღანი, რომელიც მოთქვამს გაჭენებულ ეტლზე; მთვარე, რომელიც ათეთრებს კუბოს დუქნის დარაბაზე – ყველაფერი ეს მელანქოლიური სიუხვით არის მოცემული ამ პატარა და ცრემლიან წიგნში. ყველა პოემებში იქცევს ყურადღებას ერთი უცნობი ქალის თუ დედოფლის მოჩვენება. პოეტს ჰყავს თავისი ბეატრიჩე, რომელსაც ის ადიდებს დაბინდული ხმით.



7.I.1922 წ.



Комментариев нет:

Отправить комментарий