суббота, 7 декабря 2013 г.

ლ ა ჲ ა


პაოლო იაშვილს

ბაზრის ქუჩაზე ცხოვრობდა ლაჲა. მას ექოს თმა ჰქონდა.

ხშირია აღმოსავლეთში მზიანი დღე. ლაჲას არ უყვარდა მზიანი დღე. ფირუზის ღამეებში, ბაზრის დარაბები რომ დახურული იყო, სეირნობდა იგი გაშლილი თმით. შედიოდა ჭრაქით განათებულ მხიარულ ყავახანებში, ოქროს კავებს დაასველებდა წითელ ღვინოში, გეტერას რომ მიჰქონდა შეღებილ ტუჩებთან. ზარხოში კავალრები ვეღარ არჩევდნენ ლაჲას თმის ოქროს ფერს და ქამარშეხსნილნი მიიწევდნენ მისი მაცდუნებელი ტანისკენ. სიცილით გამორბოდა იგი ორთქლიანი კარებიდან და ბნელი ქუჩებით მიდიოდა სხვა სანთლებთან.

მძინარე დარაჯები მაშინ სიზმრად ხედავდნენ ოქროს ბეწვებს.

მეორე დღეს მთელი ქალაქი დაეძებდა მისი თმის ოქროს ნაცვენს.

ლაჲას თმებს ფიცულობდა მთელი ქალაქი.

ხან დანებდებოდა ლაჲა მზის ცხელ პატიჟებს. თავშიშველი გავიდოდა ბაზარში, მაშინ იქნებოდა დღესასწაული. აირეოდა ხალხით ქუჩები. ხარბი მზე აცხელებდა თმებს. მშიერი თვალების ტალღებში მთვარისფრად ბზინავდა გამთბარი ოქრო, ჩამოვარცხნილი. სოვდაგრები და ქუჩის ქალები ჩოქვით მისდევდნენ და ოქროს თმის ჩუქებას ევედრებოდნენ.

ერთ ღერს დაარიგებდა. ნაჩუქრისთვის ერთიმეორეს ატირებდნენ მოხუცი ვაჭრები.

ლაჲა მიდიოდა მზეზე ზმორებით.

ლაჲას უყვარდა ფირუზის ღამე.

მისი ოქროს თმა უყვარდა მზეს.

მზიანი ტარაველი


მოზაიკის ღვთისმშობელი
              სერგო კლდიაშვილს

შუა ბაზარში ტაძარია. ცოდვებით მძიმეა ძველი კედლები.

ნოტიოთი და საკმევლით სუნთქავენ ფრესკით გამხდარი წმინდანები.

სათნოა თვალები მოზაიკის ღვთისმშობლის. შეშლილ დიაკონს უყვარს იგი. წირვის დროს ის ოცნებობს კიბეზე, რომ ასწვდეს და კოცნით დაფაროს შიშველი ფეხები.

მზეში და სიცხეში ათასფრად ჰყვირიან ფეხზე ვაჭრები. ხარბია თვალები, ფულს რომ ითვლიან ხელში.

ფეხშიშველმა ქალმა შეშინებულად გაიარა ბალახებში. ტიტველი ძუძუები აღიზიანებდა მეწვრილმანე ებრაელს.

მარტო შეშლილმა იცნო ქალწული მარიამი. შეწუხებული აინაბა და გაიქცა ტაძარში.

ბაზარი იცინოდა.

ბნელ კუთხეში დაუშვა ძვირფასი ტვირთი.

აჩქარებულმა დაიჩოქა და მტვრიანი ფეხები დაუკოცნა მტირალს.

ბედნიერმა ახედა გუმბათს და შეუშინდა თვალები, იქ მოზაიკის ღვთისმშობელი რომ ისევ დაინახა.

სათნოა სახე მისი და გუმბათი მაღალ.

ცოდვებით მძიმეა ტაძრის კედლები.

Комментариев нет:

Отправить комментарий