როგორც
მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთლად თუ არა, ერთი
ნაწილისას მაინც ნიშანდობლივ თვისებას შეადგენს პესსიმიზმი. პესსიმისტია
შანშიაშვილი, პესსიმისტია ახოსპირელი, გ. ტაბიძე და სხვანი. სიყვარულის
ტკბილ ზღვაში მცურავი გრიშაშვილის ლაღი ხითხითიც კი პესსიმიზმითაა სავსე.
მას პესსიმიზმი და სიყვარული ერთათ შეუზავებია...
ამგვარად,
როგორც მოგახსენეთ, პესსიმიზმს დიდი გასავალი აქ ჩვენ ახალგაზრდა
პოეტებში. ეს ყველამ იცის, ვინც კი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას პატარა
თვალყურს ადევნებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ამ
ახალგაზრდა პესსიმისტ-პოეტებს მეტისმეტ ინდივიდუალისტობას სწამებს. მათი
პესსიმიზმი კერძო, ინდივიდუალურ საფუძველზეა აგებული და სხვებისათვის
გაუგებარია მათი ნაწერებიო, ისინი სხვებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენენო. აქ
ჩემი ფიქრით ხსენებული კრიტიკოსები ცდებიან. ალბათ ვერ ჩაკვირვებიან ისინი
საგანს და არ უნდათ ჩაუკვირდენ. მე კი რომ ჩავუკვირდი, მათი სევდის მიზეზი
პირადულ „მე“-ს გარეშე ვპოვე. და ეს ასეცაა.
დაუკვირდით რას ამბობს ახოსპირელი ერთ ლექსში:
„ვერ გაიგებ, - რისთვის გაჩნდი,
ვერ გაიგებ – რისთვის კვდები,
და ვიდრემდის ეს ასეა,
მუდამ სევდით აივსები...“
ან კიდევ გრიშაშვილი:
„რად დავიბადე, ან რისთვის ვკვდები?
სად არის, სადა, არ-ყოფნის მხარე?“
ნუთუ
ეს პირადული, კერძო სევდაა?! რომელი იტყვის ამას? არა, ბატონებო! ეს
პესსიმიზმი პირადული კი არა და საკაცობრიოა. მსოფლიო ფილოსოფოსები და
პოეტები ამას დატირიან და თუ ეს პესსიმიზმი ქართველმა ახალგაზრდა პოეტებმა
(მგონი უცხოელებმაც) ინდივიდუალობის სამოსელში გვაჩვენეს, ეს სრულიათ არ
ამტკიცებს მათი სევდის აბსოლუტურ ინდივიდუალობას და არც პოეტებს სვამს
საბრალმდებლი სკამზე.
მოგეხსენებათ, რომ ესა თუ ის საერთო საკითხი ან
აზრი, როდესაც კერძო პიროვნების სახელოსნოშია გატარებული, ამ პიროვნების
დაღს გამოიყოლებს. პიროვნება თავისებურია და ამ თავისებურობის ელფერი
დაეტყობა ყველაფერს, რაც მის სახელოსნოში გაივლის. იქნებ მკითხოთ, რატომ
ძველ მწერალთა ნაწარმოებსაც არ ამჩნევია ეგ პიროვნების დაღიო? ამჩნევია,
როგორ არ ამჩნევია, ხოლო იმოდენათ არა, როგორც ახლებისას. ეს იმის ბრალია,
რომ მაშინ პიროვნების თავისებურება შეგნებული არ იყო და ინსტიქტი თვით
ბევრს ვერ იმუშავებდა... ავიღოთ თუნდა ხალხური ნაწარმოები; თუ კი მას პოეტი
შეამუშავებს, იგი სახალხო აღარ იქნება, მას საზოგადო სამოსელი ეხთება და
ინდივიდუალობის ლეჩაქს გადაიფარებს. ასეთივეა ჩვენი მგოსნების პესსიმიზმიც,
იგი კერძო არაა! იგი მსოფლიოა, ხან ეროვნულიც, ხოლო ყოველი პოეტი, როგორც
ინდივიდუუმი, მას თავისებურათ განიცდის და ეს თავისებურობაა კრიტიკოსები
რომ შეცდომაში შეყავს...
„ჩონგური“ №5
23 ოქტომბერი, 1911 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий