пятница, 6 декабря 2013 г.

ახალგაზრდათა ინდივიდუალიზმი


       ჩვენ ახალგაზრდა მწერლებს ჩვეულებრივ ორ ბანაკათ ყოფენ. ერთი ბანაკი სრულ უიმედობას შეუპყრია, ხოლო მეორე, აწმყოთი უკმაყოფილო, მომავალს ოქრო-მკერდით ქარგავს. პირველნი მეტისმეტი ინდივიდუალისტები არიან, ყველაფერს საკუთარ „მე“-ს თვალსაზრისით ზომავენ, ხოლო უკანასკნელნი საქვეყნო, კოლექტიურ იდიალების მატარებელნი არიანო. პირველებს კიცხავენ: ჩვენ არას გვარგიან, მათი ვერა გაგვიგია რაო და მეორე ბანაკს კი აღმერთებენ.

თუ რაოდენათ სამართლიანია ასე ორ ბანაკათ გაყოფა ჩვენი ახალგაზრდა მწერლებისა, მე აქ ამის გამოძიებას არ შევუდგები, ხოლო ვიტყვი კი, რომ იმ მწრლებშიდაც, რომელთ საკოლექტივო იდეალების მატარებელ ბანაკს აკუთვნებენ, იმ პოეტებშიდაც ხშირათ გაიგონებთ სულის ობლობაზე, მარტოობაზე წუწუნს.

„კაეშანით მონისული

ტოვებ ჩემებრ ობოლ სადგურს

ვილტვი სოფლით... და დავეძებ

ადგილს ხრიოკს... ყრუს... უდაბურს.

სულით ობოლს, მიუსაფარს

ის მყავს ერთგულ მეგობრათ,

მხოლოთ იგი მომაცილებს

საფლავისა შავ-ბნელ კარათ.“

გვეუბნება თურდოსპირელი და მას ბანს აძლევს ქუჩიშვილიც. იგი მოთქვამს:

„ბედითა დევნილს, გულდაწყვეტილს

კაცთა სიავით,

მანუგეშებლათ შენღა მივი,

ოცნებავ ტკბილო;

მხოლოდ შენ ძალგიძ, ლბილ ფრთებ გაშლილ

სევდის ნიავით,

დამხსა ვაებას, ცრემლთა ხევი გარდამაცილო...

შენსა გარეშე

ჩემო კეთილო,

სხვა არვინა მყავს, რომ ვეძმობილო...

ან კი მითხარი: ვის მივმართო,

ვინ შემიბრალებს,

ვინ შემიმშრალებს

ქუჩისა შვილს

ცრემლიან თვალებს...

ადამიანი?! მერე, ესმის მას სხვისი კვნესა?

არას დროს! მაგრამ... სჯობს გაეცნო კარგათ სოფელსა...“

ეს ინდივიდუალიზმი არაა?..

პირველი ბანაკი ხომ, როგორც არ უკიჟინებენ, მთლად გაჟღენთილია ამ ინდივიდუალიზმით. გრიშაშვილი ამბობს:

„ხა, ხა, ხა, ხა!.. ხა, ხა, ხა, ხა!..

ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!

ვის რა უნდა? ვნახე... ნახა, -

მაქვს უფლება დავიჩემო“.

თქვენ რა გინდათ, ჩემი საქმე მე ვიცი, მე ერთეული ვარ, ცალკე ვარ და თქვენთან არავითარი კავშირი არ მაქო.

„ვერსად ვერ ვპოვე სულის სიმშვიდე,

ვერ დავიწყნარე ფიქრები მწვავე, -

სად ვიპოვო მხსნელი

ნავთ საყუდელი,

რომ შევაჩერო ობოლი ნავი?“

ამბობს იგივ გრიშაშვილი.

შანშიაშვილი თავის სატრფოთი სადღაც ზეცისკენ მიეშურება და ხალხს ეუბნება: თქვენ ჩემ იდეალებს ვერ გაიგებთო!

ინდივიდუალიზმი არა თუ ამა და იმ ჯგუფით, არც მთელი ჩვენი ლიტერატურით განისაზღვრება. იგი მსოფლიო ლიტერატურაში სუფევს. მის არსებობას აღარ უარყოფენ. იგი ფაქტია. სენივით მოედვა თანამედროვე მწერლობას და ანგარიშის გაწევას ითხოვს.

ლათინური სიტყვა individuum ნიშნავს მთელს, განუყოფელს. აქედან წარმომდგარი სიტყვა ინდივიდუალურ კერძო თვისებრივს, თავისებურს, პირადულს ქვია, ხოლო ინდივიდუალიზმი პირად, კერძო გრძნობების გამოხატვაა. ასეთი მიმართებულება, ჩემი აზრით ადამიანის თვით შეგნებამ გამოიწვია და მოვლენა პირად ინტერესების დაცვისა, ყოველიფრის კერძო „მე“-ში გატარება დასაბამიდანვე არსებობდა. საკმაოა გავიხსენოთ დარვინის თეორია ბრძოლისა არსებობისათვის. ყოველი არსება და მათში ადამიანიც ბრძოლის ველზე მარტო დგას, მარტო იბრძვის ერთი ყველას წინააღმდეგ. აქ ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლეზეა, მაგრამ მებრძოლნი მარტო ხორციელ არსებობისათვის ბრძოლას არ ისვამს მიზნათ. ეს ძლიერ ცოტაა. ყოველ კერძო ადამიანს, ყოველ ინდივიდუუმს თავისი, კერძო შეხედულება აქ ყოველ საგანზე. თავისი საკუთარი აზრები. ერთი ადამიანის აზრი, მსოფლ-მხედველობა ათასი რა არ წააგავდეს მეორე ადამიანისას, მის სრულ განმეორებას მაინც არასდროს არ წარმოადგენს. ბევრათ თუ ცოტათი ორიგინალობა ემჩნევა და ამგვარათ ადამიანი სრული ინდივიდუუმი ხთება. იგი მოწყვეტილია მთელ მსოფლიოს, როგორც ერთეული. მას ყოველივე კერძო აქ და იგი ამ ორიგინალობის, ინდივიდუალობის არსებობისათვის იბრძვის. არსებობისათვის ბრძოლა სრულია. თვითეული ადამიანი აქ მარტოა, ობლათ იბრძვის უსივრცო ბრძოლის ველზე. ყველა ერთის წინააღმდეგ და ერთი ყველას წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა, ვიმეორებ, ძველათაც იყო, მაგრამ შეუმჩნევლათ, ჩუმათ. თვით მებრძოლნი ვერ ამჩნევდნენ თავის მარტოობას, ვერ ამჩნევდენ, თუ ვით განსხვავდებოდა მათი მიზანი, მსოფლ მხედველობა სხვების მიზნისა და მსოფლ მხედველობისაგან. ეს კაცობრიობის განვითარების პირველი ხანა იყო. იგი საგნების მსგავსებას ამჩნევდა და განსხვავება მათი ჯერ კიდევ არ იცოდა. იპოვიდენ თუ არა ცოტაოდენ მსგავსებას თავის აზრისას რამოდენიმეს აზრთან, ერთმანეთისგან მეორებათ სახავდენ თავს და გარეგნულათ ერთდებოდენ ჯგუფ-ჯგუფათ. ეგონათ, თითქო ერთი ჯგუფის წევრები ერთ და იმავე იდეას ემსახურებოდნენ და თვითეული მათგანი თავის ჯგუფის წარმომადგენლათ, მისი აზრების გამომხატველათ გამოდიოდა. ამ დროს და ასეთ შემცდარ შეხედულებას უნდა მივაწეროთ ტიპების შექმნაც. გვიხატავდენ ერთ ადამიანს და მის ხასიათს, ზნე-ჩვეულებას, აზრებს ანსაზოგადოებდენ. ვითომ იგი რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ნამდვილათ კი, ფაქტიურათ არავითარი ასეთი ჯგუფები არ არსებობდენ და თვითეული ადამიანი მაშინაც ობოლი მებრძოლი იყო ცხოვრების ვალზე, მაშინაც იგი იგივ ინდივიდუუმი იყო, კერძო ერთეული, პირად ინტერესების დამცველი. ამის დასამტკიცებლათ საკმარისია თვალი გადავავლოთ მსოფლიო ისტორიას. რამოდენჯელ ყოფილა, რომ საზოგადოებისათვის მებრძოლს ბოლოს და ბოლოს პირადობა გაეღმერთებიოს. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ნაპოლეონი!..

ამავე პიროვნებათა ბრძოლიდან წარმოიშვება ნიცშეს იდეა „ზე კაცზე“ და მთელი მისი ფილოსოფია.

პირველი ხანა გავიდა. ადამიანმა გონების მეორე საფეხურზე ადგა ფეხი. მან თავის თავის ცნობა შესძლო, მიმოიხედა რიდე ახდილ თვალებით და რა დაინახა!?. მარტო დგას... გარს შემოსევია ყველა, ცა, დედამიწა... მოყვარეც კი სამტროთ მოსულა... მზის ნათელი სხივი მას კი არ უალერსებს, როგორც უწინ ეგონა, არა! იგი კბენს. სატრფო გველათ შემოხვევია ყელზე და მზათაა შხამიანი ნესტარი გაუყაროს სათუთ ხორცში. ძმა ხმალს ურჭობს გულში და შვილი ფეხებსა სჭრის... ყველა, ყველა მის წინააღმდეგ ამხედრებულა, ყველა ებრძვის, ყველა დასჩხავის: „ჩაკვდი, ადგილი დამიცალეო!..“ და ის მარტოა, უმეგობროთ. ერთი უნდა გაუმკლავდეს ყველას... და თვალ გადაუწვდენი ბრძოლის ველი სულ მტრებითაა სავსე მტრებით. ის ობოლი მებრძოლია. აფოთარებს თვალებს, დაეძებს მეგობარს, მაგრამ ამაოთ. მეგობარი არსადა ჩანს... და სასოწარკვეთილი ადამიანი უსაზღვრო სევდას ეძლევა; კვნესის, კვნესის თავის ობლობას, მარტოობას, უმეგობრობას.

ზოგი თვალზე ხელს იფარებს. სურს საშინელებას აერიდოს; ისევ ჯგუფებს მიმართავს, ისევ საზოგადოებრივ იდეალებში იმალება და ცრუ იმედით აღჭურვილი გაიძახის:



„დიდი ხანია, რაც ვიძმე

ხალხის ჭირი და ვაება

ერთია ჩვენი მიზანი:

- ვიხსნათ ტყვეთ ქმნილი ღვთაება!“

მაგრამ ძალა უნებურათ დრო გამოშვებით თვალწინ წამოეჭიმება ეს საშინელი, თავზარ დამცემი ობლობა, მარტოობა და თავის იმედიან საბრძოლველ ჰანგებს კვნესათ სცვლიან. იგი ქუჩიშვილი არ მოთქვამს:

„შენსა გარეშე,

ჩემო კეთილო

სხვა არვინა მყავს,

რომ ვეძმობილო...“

მეორენი ობლობის, მარტოობის წინ თვალზე ხელს თუმცა აღარ იფარებენ, მაგრამ დაბნეულნი ასეთ საზარელ მდგომარეობით, სასოწარკვეთილებასა და გულის მღრღნელ სევდას ეძლევიან, როგორც მაგალითად გალაქტიონ ტაბიძე. მისი სევდიანი მოთქმა უიმედოა. მისთვის ბნელ ცაზე ვარსკვლავი აღარ ანათებს. ერთ უკანასკნელ ლექსში იგი ამბობს:

„ამაოა მთლათ ცხოვრება, დრტვინავს წუთისოფელია

წადი... წადი მონასტერში... მონასტრში ოფელია!..“

ანდა: ერთ უწინდელ ლექსში ქარი დასისინებს ამხანაგებ შემოცლილ ყვავილს:

„შორს, შორს გავტყორცნე შენი მგოსანი

მის გულს მგზნებარეს აწ მიწა ფარავს,

ჩემი ხარ, ჩემი და სიკვდილისგან

თვით ზესთა ძალიც ვერ დაგიფარავს.

ესმის ყველა ეს ობოლ ყვავილსა

და ცრემლები სდის უმწედ შთენილსა“.
დიახ, სასოწარკვეთილ ტაბიძეს ტირილიღა შეუძლია, მეტი არაფერი.

არიან ისეთებიც, რომელნიც ანგარიშს უწევენ უმწე მდგომარეობას და ემზადებიან ბრძოლისათვის, უკვე პირადულ, კერძოულ ბრძოლისათვის. იგი კოლექტიურ დროშას აღარ აფარებს თავს. მას თავისი საკუთარი დროშა აუფრიალებია, რომელზედაც ოქრო-მკერდით დაუქარგია დიდრონ ასოებით: „მე“ ასეთია შანშიაშვილი.

„მე ჩემი გზა მაქ, თქვენთვის ძველი დამილოცნია“. ამბობს ის.

ზოგი კი სინამდვილეს გაურბის და ზღაპარში დაეძებს მოსვენებას, ანდა წუთიერ სიამოვნებაში ცდილობს ჩაკლას თავისი სევდა, დაივიწყოს ობლობა, მაგრამ, როგორც პირველის, ისე ამ უკანასკნელის წინაც დროგამოშვებით გამოიჭიმება საშინელი სინამდვილე და სამხიარულო ჰანგს გლოვის ზარათ შეუცვლის, ჩანგის წკრიალა სიმით ცრემლ დააღვრევიებს. ამიტომაცაა, რომ ხალისის ტბაზე მცურავი, ყვავილთ ტბაში დაბადებული მგოსანი ხშირად ასეთ მწარეთ ღიღინებს:

„მითხარ, შენს მეტი ვინ გაიგებს, ჩემ უკვდავ ლექსებს?

მითხარ ცრემლები ციურ ჰანგად სად დავაგუბო?

ჩემს სიმთა ბგერას, ჰანგს უსიტყვოდ ვინ შეითვისებს?

სად ვპოვო ბინა, სულის სარკევ, სად ვპოვო კუბო?“

საბოლოოთ მაინც ყველანი ინდივიდუალობის დაღს ატარებენ.

ის აზრი, თითქო ინდივიდუალიზმი პოეტურ შემოქმედების შეფერხებას მოასწავებდეს, მე შემცდარათ მიმაჩნია. სხვისი პირადული გრძნობების განცდა ჩვენ არ შეგვიძლიაო, ეს ტყუილია. პირიქით, პოეტი მხოლოთ მაშინაა პოეტი, როდესაც ის შეძლებს თავის ნაწარმოებში მთელი თავისი სული, ინდივიდუალობა ჩააწნას და მისი პირადული განცდები ჩვენ განგვაცდევიოს. ამიტომ ინდივიდუალიზმი პოეტურ შემოქმედების დამაფერხებელი კი არაა, ხელის შემწყობია. იგი ახალ გზას უშლის თვალწინ ხელოვანს და საქმე ახალ გზაზე ხეირიანათ გავლაა. თუ აქამდე ინდივიდუალიზმს დიდი არაფერი შეუქმნია, ეს არაფერს არ ნიშნავს. იგი ახალი მიმართულებაა და მისი აყვავების ხანა ჯერ შორსაა, ნაადრევია... ხოლო იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა მწერლები შეძლებენ ამ ახალ გზაზე მოხდენილათ სიარულს და ჩვენ ეროვნულ ხელოვნების გვირგვინს მომავალში არა ერთი და ორი მარგალიტი შეეძინება.

„ჩონგური“ №6,7,8

30 ოქტომბერი, 1911 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий