пятница, 6 декабря 2013 г.

პარალელები


     მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფიის და მეცნიერების. მათი თავისებურად დალაგება – სტილიზაციაა და მოდერნიზმი. მაგრამ არიან სხვები, რომლებმაც ქვეყანას უცნაურად შეხედეს.

მოვლენების იქით საგნები იზომებიან უცხონი. სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებით დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა, აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპრატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა. პოეზია და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა და მათთვის საჭირო შეიქნა ათვისების და გამოთქმის ახალი ფორმები.

მას აქეთ რაც ადამიანმა იგრძნო სოფელი წარმავალი, იგი ჰაერში დაეკიდა და ეძებს მაგარ წერტილს თავის ნიშნის მისამაგრებლად. აქ გაიყო გზები მოგვის და პოეტის: რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს მის უკვდავებას. პოეტმა თავიდანვე იჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. იმან დაიჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას.

ყოველი მოვლენა თავისთავად კენტია და საწყალი. იგი ცოდვილივით მოდის პოეტის ანთებულ თვალებთან და შიშით ელის მის განაჩენს. პოეტს მინიჭებული აქვს იგრძნოს იმის გადაღმა დიდი პარალელი უკვდავების. სათითაოდ ამართლებს და ფასს აძლევს სახეებს, მოვლენა პოეტის რეკომენდაციით – დადაღული ღირებულებაა.

,,ვიძლევ ქიმერებს მე – პოეტი აზნაურობას"- ამბობს ვალერიან გაფრინდაშვილი. ესაა მისია პოეტის: ქვეყანა ტანჯიანია. ტანჯაა მოვლენათა წარმავლობისათვის. პოეტმა უნდა შექმნას მაგარი ფონის ილუზია, რომ მიალურსმოს წარმავალი. ჭეშმარიტად მოვლენათა ჯვარცმა შეიქმს კათარზისს ბარათაშვილის სულისას.

პოეზიაში მოვლენები იწმინდებიან და მარადიულის შრიალი ისმის იმათ იქიდან. ნივთები აითვისებიან, როგორც ნიშნები გამოუთქმელის და სახეები ხდებიან ღირებულებათ.

მაგრამ უკვე ტრადიციულია ჭორი პოეზიის დაპირისპირებისა სტილისტურ პროზასთან. მარცვლების ერთი ზომით გადამთვლელი არაა პოეტი. პოეტია ის, ვინც იგრძნო ფენომენალობა სამყაროსი და აჩრდილი მარადიულის. პოეტია, ვინც კოშკები აუგო ჟამთა სიავეს და როსტომ მანველიძე ბუხართან გაათბო. გამოთქმის საშუალება სტილის საკითხია მხოლოდ. პოეტი მოგვია და მისტიფიკატორი რამოდენიმეთ. ის არ გვაჩვენებს ჭეშმარიტ ორეულს ქვეყნისას. ის მხოლოდ გვამცნობს მის შესაძლებლობას და არლეკინის კოლპაკში დასტირის კარტონის სატრფოს.

პოეტი არ შეიძლება იყოს ნატურალისტი. ის,ვინც ენდობა ორ თვალს, ვერ იგრძნობს უფსკრულებს ნივთების შუა. ნატურალიზმის დამსახურება ისაა, რომ იმან პირველად დაინახა სიმახინჯე. სინამდვილე მახინჯია, მაგრამ სიმახინჯის ფოტოგრაფია არაა ესთეტიური ღირებულება. ნატურალიზმმა მოიტანა აწინდელ პოეზიაში ეს უცხო ხილი და საჭირო შეიქმნა მისი ესთეტიური გამართლება.

ათვალწუნებული მოვლენები, ბოდლერის ,,ბოროტების ყვავილები" და ვერლენის ცოდვანი ლექსების შემდეგ ახალ სურნელებას აკმევენ. ტიციან ტაბიძემ ორპირის სანაოებში ციებას სხვა სიყვითლე მისცა და ღვდელსა და მალიარიას სამუდამოდ ჯვარი გადასწერა.

ნატურალიზმი ჰგულისხმობს პოზიტივიზმს და ქვეყნის მთლიანობას. პოეზია არასოდეს არ იქნება პოზიტიური. იგი მისტიციზმია და კაბალისტიკა ნიშნების. ნატურალიზმი სტატიურია, პოეზია დინამიური. პოეზია ქმნის ახალ ღირებულებას.

პოეტის აზროვნება მეტაფორულია. პოეტი ეძებს ნივთების ფარულ დამოკიდებულებათ და ქმნის პარალელურ შეფარდებებს. ნატურალისტის ერთიან ქვეყანას არ ემჩნევა ფენომენალობა. სანამ გვაქვს ერთი შეფარდება A/B, იგი მაგარია და მძიმე. როდესაც ითქმის მისი თანასწორი C/D, როდესაც შეიქმნება რეალობის შესაბამისი სახეები, მაშინ იგრძნობა დენა ჟამთა და უცნაურად ამჩატებულ ნივთების კადრილს მიჰყვება დაბერებული სახე სამყაროსი. ფარდა გადაეხდება საიქიოს და მის წინ ვდგავართ ტრაგიკულ სილუეტებათ.

რეალობა, მეტაფორად გაგებული იცრიცება და ხდება გამჭირვალე. მაშინ დავდგებით პირისპირ ქაოსთან და მას უნდა დავარქვათ ახალი საშინელი სახელი. ინდივიდი მოვლენა იშლება მარადიულში და ეს კოსმიური გრძნობაა წმინდა ესთეტიური განცდა.

სიმახინჯე გადაიქცა ახალი პოეზიის მთავარ თემად. სიმბოლიზმის თეორიებში მოთავსდა რეალიზმი (realibus ad realiora) და რკინით და ფოლადით გაშავებული ქალაქები მატერიალურ სიმძიმეს ჰკარგავენ ემილ ვერხარნის კეთროვან ლექსებში და მირაჟებად გადაქცეულნი ახალ თრთოლვას იწვევენ. პოეზია გვაგრძნობინებს მთელ პირობითობას ქვეყნისას და გვებადება სურვილი, რომ ეს მახინჯი ნიღაბი გადავხადოთ მის უთქმელ ქვედაპირს. სიმახინჯე რეალობაა და მეტაფორაში იგი საშუალებაა მისტიური განცდის.

პოეტისათვის ლურჯი ფარდა გაიხა, მაგრამ იმის გადაღმა ის გვიჩვენებს ყალბ სასძლოებს და გვაჯერებს თავისი გატაცებით. ვალერიან გაფრინდაშვილის თქმით – პოეტი აშორდიაა და მისი სახეები – ყალბი აზნაურები. პოეზია ქვეყნის ბუტაფორული გამართლებაა.

ჟ. ,,მეოცნებე ნიამბორები". 1921, №5. ივნისი.

Комментариев нет:

Отправить комментарий