пятница, 6 декабря 2013 г.

ქართველი მწერლებისადმი

სერგო კლდიაშვილისადმი

სერგო, მარგალიტო! რით ავავსო ეს ფურცელი ცალიერ ქუთაისში. წვიმს. დარია. და ყოველთვისაა მოწყენა. ,,ჯერ არასდროს არ ყოფილა'' ქუთაისი ასე წყნარი და უბედური. შარშან ,,ნიამორებით'' და ,,შვილდოსანით'' ვირთობდი თავს. წელს პირობები სხვაა და მელიტონი – მიუკარებელი. ჭიჭიკო გულს არ იტეხს, მაგრამ მე აღარ მჯერა ქუთაისში რამეს გამოსვლა. ქუთაისი მთლად პროვინცია გახდა. უიალქნოთ დავდივართ და ვეძებთ ერთმანეთს სამი კაცი: ჭიჭიკო, კოლია და მე. თუმც კოლია უფრო განზე ერთობა. შენ გიგონებთ ხშირათ. გვენატრება შენი გრძელი წერილები და უფრო – შენი უცაბედი ჩამოსვლა. მე აქ ვერსად მოვეწყვე და ,,ჯიბეებში ხელჩაწყობილი'' დავიარები. შენ ბედნიერი ხარ, რომ ასე ადვილათ შეგიძლია ქუთაისის მიტოვება. ქუთაისში მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვარ (არავინ არ მიმიღო საქმეზე) და გასავალი გზა ვერ მიპოვია. იცი რა, სერგო – აღარ მინდა აღარც ფედერაცია, აღარც... ფუჭი და კეთილი ცხოვრება. პირველი საქმე ყოფილა. ამაზე შენ დამასწარი, მაგრამ მეც!.. მოიწერე უსათუოდ.

შენი სანდრო

28.IX.1920 წ.

p.s. ,,შვილდისანის'' სრული ლიკვიდაცია მოახდინე და რეზულტატები კალისტრატეს ხელით გამომიგზავნე.


სერგო კლდიაშვილისადმი

სოსო!

შენთან ერთი ჩემი ძველი მინიატურა დარჩა, ,,ლეილას'' მეორე ნუმრისთვის რომ გაგატანე. გთხოვ ეს მინიატურა გადასცე ბ. გრ. ცეცხლაძეს მისი გაზეთისთვის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვიქნები.

ალ. ცირეკიძე


ლადო მესხიშვილისადმი

ჭაღარა ხელოვანი დღეს კრიფავს მის მიერ რგულ ყვავილებს.

ჭაღარა ხელოვანი დღეს თავის გრძნეული ხმის ამოძახილს ისმენს ხალხის გულიდან.

მაინც ბრუნავს, მაინც ბრუნავს! - აღტაცებული იძახის ერი, როდესაც ღირს ძეს, ლადო მესხიშვილს შესცქერის... ხმა იგი სიმართლისათვის წამებულთა ამოძახილია; იგი ჭეშმარიტების ხმაა, რომელმაც მძლავრ ნაკადულათ ამოხეთქა მხუთავ ჭაობიდან...

დიახ, ბრუნავს საქართველოს მზე და ამის მოწმე მისი სხივია, ლადოს შუბლზე მოთამაშე...

სალამი შენ, მშვენიერების მესაიდუმლევ! ერი რომ გვირგვინს გიწნავს, იმაში პატარა იას ჩვენც ვდებთ... იგი მადლიერი ახალგაზრდობის გულისნადებია...

გააღმერთეს ჭაღარა ხელოვანი; დაფნის გვირგვინით შუბლს უმკობენ და გულგაღეღილი, თმაგაჩეჩილი მოვიდა იგი უდაბნოდან.

ალ. ცირეკიძე

10.III. 1910 წ.

გრიგოლ რობაქიძისადმი

პატივცემულო გრიგოლ!

თქვენთან ბოდიში მმართებს: ვერ გაცნობეთ ,,შვილდოსანის'' გამოსვლა, დაუკითხავად ვისარგებლე თქვენი ლექსებით, დროზედ ვერ გამოგიგზავნეთ ,,შვილდოსანი''. დამნაშავე არა ვარ – თბილისელმა მეგობრებმა დაიზარეს თქვენი მისამართის გადმოცემა. დღეს ვალერიანმა მიიღო თქვენი ბარათი და ვიჩქარი უნებური შეცდომა გამოვასწორო. ვაგზავნი ,,შვილდოსანის'' ორ წიგნს. ვალერიანმა მთხოვა გადმოგცეთ მოკითხვა და ,,მეოცნებე ნიამორების'' მესამე წიგნი.

მე გავბედე თხოვნითაც მოგმართოთ. მართალია ,,შვილდოსანს'' ნაკლი უფრო მეტი აქვს, მაგრამ ერთი ღირსება აქვს უეჭველად: ცისფერ ყანწელებს (და მათ ეპიგონებს) გაჩუმება აღარ შეფერის; დროა საქართველოში პოეტის სახელის პრეცენდენტი თუნდაც ,,შვილდოსანის'' პრიმიტიულ სასწორზე აიწონოს და ,,მარიაკთა შუამდინარულის'' ფასი ითქვას. კიდევ უფრო საჭიროა დადებითი მუშაობა და თეორეტიული კვლევა და პოპულარიზაცია. ბევრი მტერი გავივიჩინეთ (გომართელიც – აგრარულ საკითხზე ჭკუა დაქნილი კრიტიკოსი!). შეცდომები მეტი დავუშვით. თბილისელი მეგობრები იმოდენათ არ გვეხმიანებიან (ვერ მოიცალეს) და სამმა კაცმა ყველაფერი ვერ შევძელით. შეიძლება მეოთხე ნუმერი აღარ გამოვიდეს, რადგან მასალები არ მოგვაწოდეს. სწორედ აქაა ჩემი თხოვნა.

ქართულ პოეზიას და ესთეტიკას დღეს თქვენზე ძვირფასი სახელი არ ეგულება. ,,შვილდოსნის'' ორი წიგნი ამაყობს თქვენი ლექსებით. თუ ნებას მომცემთ მესამე წიგნისთვის (№4) ,,ავტომედალიონს'' გამოვართმევ ვალერიანს. მაგრამ ამას ვერ დაგჯერდებით: გაიმეტეთ ერთი წერილი ,,შვილდოსანისათვის''. თემა რაც გენებოთ –მალარმე, სიმბოლიზმი, პოეზია და პროზა ან სხვა. თქვენი სიტყვა ყველგან ჩასწვდება სიღრმეს და ახალ ღირებულებას აღმოგვიჩენს. თუ ,,შვილდოსანისთვის'' არაფერი დასწერეთ, ამით გავიგებთ, რომ თქვენი შეხედვით იგი უარყოფითი მოვლენაა და აღარ გამოვა: საქართველოში თქვენზე მეტათ არავის ვუჯერი.


Комментариев нет:

Отправить комментарий